15 მარტს, 17:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში, სტუდია „მონიტორის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალისტური გამოძიება ეხება ავჭალაში მცხოვრები 19 წლის გიორგი ჩუბინიძის დაკავებასა და გასამართლებას.
გამოძიების მიხედვით, ჩუბინიძე რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 2011 წლის 3 იანვარს კიდევ 3 ავჭალელთან ერთად დააპატიმრეს და 56 ლარის და 46 თეთრის ჯართის ქურდობის მცდელობაში მონაწილეობისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„ჩვენს მიერ მოძიებული მტკიცებულებებით ჩუბინიძე მხოლოდ დაქირავებული ტაქსის მძღოლი იყო და ჯართის მოპარვაში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც ჯართის ნაწილი ჩუბინიძის კლიენტებს მეზობელმა აჩუქა, ნაწილი კი ნანგრევებიდან იყო შეგროვებული. ჩუბინიძესთან ერთად დაკავებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჩუბინიძე ჯართის შეგროვებაში არ მონაწილეობდა. საბოლოოდ, გიორგი ჩუბინიძეს 8 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ეს განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია საქმეში არსებული დარღვევები", - აღნიშნა ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა გიორგი მგელაძემ.