შსს კახეთის სამხარეო პოლიციის და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად დააკავეს: ივანე ჯანიაშვილი, შაქრო ხიმშიაშვილი, გიორგი ბასილაშვილი, ავთანდილ ბედენაშვილი, გიორგი შაკიაშვილი, პლატონ ქურდაძე, ლევან კალატოზიშვილი, ბექა ცერცვაძე და მამაიაშვილი მალხაზი. აღნიშნული პირები ნიღბების გამოყენებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები თავს ესხმოდნენ ოჯახებს. ყაჩაღობის დროს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ დაზარალებულებს; უკრავდნენ ხელ-ფეხს და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ოჯახიდან გაჰქონდათ ძვირფასეულობა და ფულადი თანხა. აღნიშნული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ ქ.თბილისში და კახეთის რეგიონში. გამოძიების შედეგად დადგენილია მათ მიერ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის ხუთი ფაქტი.
შაქრო ხიმშიაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უნომრო ავტომატი ,,აკ-74,, ოთხი მჭიდით და 46 ვაზნით, ,,ტტ,,-ს სისტემის პისტოლეტი, ,,გოლდსტარი"-ს სისტემის იარაღი და 3 ხელყუმბარა. ასევე, ლევან კალატოზიშვილის ბინიდან ამოღებულია ,,კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179 და 236 მუხლებით.