რესპოდენტის შესახებ
გასულ კვირას ახალგაზრდების ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" მოაწყო და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე სამინისტროს კანცელარიაში წერილი დატოვეს. რა მიზანს ემსახურება ახალგაზრდების აქტოვობის ეს მიმართულება, რა შანსი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს მათ პოზიციას,ამ თემებზე "ჯი-ეიჩ-ენი" აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული საბჭოს ერთ-ერთ ლიდერს, თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრს სულხან ღლონტს ესაუბრა.
- სულხან რა იყო აქციის მიზანი და რა შინაარსის წერილი დაუტოვეთ შინაგან საქმეთა მინისტრს?
- აქცია სახელწოდებით „მე ვარ თავისუფალი მოქალქე" სოციალურ ქსელებში დაიგეგმა და გვსურს, რომ მან კამპანიური ხასიათი მიიღოს. მივიჩნევთ, რომ ჩვენს საზოგადოებას აქცენტი თავისუფლებაზე დღეს ძალიან სჭირდება. მოქალაქეობრივი თავისუფლება ყველაზე მეტად არჩევანის თავისუფლებაში ვლინდება და ჩვენი წერილის შინაარსიც იყო ის, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომლის ძირითადი გამოწვევა ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება და დაცვაა.
- საკმაოდ ამბოციური განცხადებაა. დემოკრატიის დამკვიდრება შორეულ პერსპექტივად ჩანს თუნდაც იმიტომ, რომ ცალკეული ინდივიდისთვის და საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილისთვის არჩევანის თავისუფლება არანაირად არ უკავშირდება არც დემოკრატიას არც პოლიტიკურ შეხედულებეს და მათ მერკანტელური მომეტები ამოძრავებთ. დამეთანხმები, რომ გონიერი ადამიანისთვის არჩევანის თავისუფლება პირველ რიგში შინაგან თავისუფლებას უკავშირდება?
- არჩევანის თავისუფლება თავისი შინაარსით უფრო ფართო ცნებათა სისტემას მოიცავს, ვიდრე მხოლოდ არჩევანის გაკეთებაა საარჩევნო ყუთთან. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იგი მეტად პრობლემურია და ახლა მასზე გავამახვილოთ ყურადღება.
არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა ბევრი მეთოდით შეიძლება, მაგალითად თუ რუსთავი 2, იმედი და სხვა სახელისუფლებო მაუწყებლები მოქალაქეების დეზინფორმირებას ეწევა წლების მანძილზე, ეს არის ძალადობა ჩვენს აზროვნებაზე. ჩვენს არ გვაქვს ობიექტური ინფორმაცია რომლის ანალიზს მოვახდენთ და პროპაგანდისაგან თავისუფალ არჩევანს გავაკეთებთ.
ამავე ლოგიკით შეიძლება განვიხილოთ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების მდგომარეობა, მათი დამსაქმებელი (სახელმწიფო) ითხოვს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ამას დასაქმებულების სოციალურ „კეთილდღეობაზე ზრუნვით" ხსნის. აქაც გეზღუდება არჩევანის თავისუფლება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1883 წელს მიიღეს საჯარო სამსახურების რეფორმირებისთვის ეგრეთ წოდებული პენდელტონის აქტი, იგი სხვა რეგულაციებთან ერთად ადგენს საჯარო სამსახურების სრულ დეპოლიტიზებას და ეს აქტი დღემდე მუშაობს. ასევეა ბევრი ფედერალური კანონი, რომელიც პოლიციასთან მიმართებაში მუშაობს. ასე იქცევა ყველა იმ ქვეყნის მთავრობა, რომლის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს ხელისუფლების შენარჩუნება და სახელმწიფო ინტერესები ამოძრავებს. არჩევანის პრობლემის წინაშე დგას დღეს, სტუდენტიც, პედაგოგიც, ჟურნალისტიც, ბიზნესმენიც და გლეხიც. ეს არის პრობლემა რომელიც ეხება ყველას. რაც შეეხება შინაგან თავისუფლებას, მასაც ხომ ფორმირება უნდა და ის ვერ ფორმირდება იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში სადაც ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური წნეხის მანქანა გაუჩერებლივ მუშაობს. ასეთ გარემოში მხოლოდ ერთეულები აღწევენ სრულ შინაგან თავისუფლებას.
- შენ ამბობ, რომ თქვენი თაობის გამოწვევაა დემოკრატიის დამკვიდრება და დაცვა, როგორ ფიქრობთ კარგად ესმის შენს თაობას დემოკრატიული ფასეულობები?
- 29 წლის ვარ და ზუსტად ვიცი ჩემი თაობის მოთხოვნა თანამედროვეობასა და თავისუფლებაზე. თავისუფლების ის ფორმა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ განმანათლებლების ეპოქის პროდუქტია და მასში დაიბადა დემოკრატია თანამედროვე სახით როგორ მართველობის ფორმა. ანუ ემოციური თანხმობა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე ჩემს თაობაში ნამდვილად არის. ჩვენი მოთხოვნები დროის შესაბამისია და ამიტომ ავირჩიეთ კამპანიის სახელწოდებაც „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე".
რაც შეეხება ჩვენს თაობას, მისი რეალური რესურსი არ ვიცით, რადგან ქვეყანაში ნიჭზე არ არის დაფუძნებული წარმატება, იგი პროტექციონიზმზეა დამოკიდებული და ეს არის ფაქტი. გინდა იყო წარმატებული, უნდა ეძებო გზები მართველ ელიტასთან, ასე არ იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. ასე შენდება მართველობის მახინჯი ფორმა, რომელსაც ავტორიტარიზმი ქვია. ამიტომ გვინდა ცვლილებები და დარწმუნებული ვართ ჩვენს მორალურ მართებულობაში. არჩევანი მარტივია, ან ვეგუებით საუკუნოდ ერთი და იგივე სახეებს და არსებულ კლანს, ან ვცვლით მათ უფრო ჰუმანური მმართველებით და ვაჯანსაღებთ გარემოს. ეს არის ბრძოლა უკეთესი სივრცის შესაქმნელად, სადაც იქნება პატიოსანი კონკურენციის პირობები და შანსი იმისა რომ დაგეგმო მომავალი სტაბილურ გარემოში რაც დღეს შეუძლებელია.
- სამართლიან კონკურენტულ გარემოში ვის დარჩებაა გამარჯჯვება ხელისუფლლებას თუ ოპოზიციას ეს მომავლის საკითხია. თუმცა შენ როგორ ფიქრობ, კოალიცია ქართული ოცნება არის ის გაერთიანება რომელიც ამ სივრცეს შექმნის?
- დღეს ხელისუფლების მხრიდან, სხვებზე ბატონობა ხორციელდება. ამ ერთ ჯგუფს ჩვენზე სრული ძალაუფლება ექნებათ მანამ, სანამ ჩვენ არ განვაცხადებთ ჩვენს უფლებებზე პრეტენზიას, ანუ სანამ არ გავხვდებით მოქალაქეები. იმისათვის, რომ შეაჩერო ის უსამართლობა რაც დღეს საქართველოში ხდება, უნდა გააჩინო ალტერნატივა. საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეს შანსი რაც ქართული ოცნების სახით გაჩნდა. ბრძოლა არის არა ხელისუფლებისათვის, არამედ ფასეულობების დასამკვიდრებლად და ჩვენ ვართ იქ სადაც არის თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეების ადგილი. ასეთი მოქალაქეების სიმრავლე ერთ რომელიმე გაერთიანებაში, ნიშნავს თავისუფლებასა და დემოკრატიას შესძინო მეტი უსაფრთხოება და ის უალტერნატივო იდეად აქციო.
- თუ ბოლო წლებში ახალგაზრდების აქტივობას გადავავლებთ თვალს აშკარად დავინახავთ ცალკეული კამაპანიის დროს გაჟერებულ საინტერესო იდეას, რომელსაც ფინიშამდე თითქმის არასოდეს მიუღწევია. თქვენ რა ფორმებით გეგმავთ კამპანიის გაგრძელებას?
- ჩვენ გვაქვს იდეა და ვართ საკმაოდ ბევრნი იმისათვის, რომ ეფექტური კამპანია დავგეგმოთ და ასეც იქნება. ხელისფლებამ თავისი არჩევანი გააკეთა და ეს თქვა კიდეც საპარლამენტო გამოსვლის დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, მათი არჩევანია ღრმა სიბერემდე მართვის სადავეებთან ყოფნა. ახლა არჩევანი ჩვენზეა და იგი ყველამ ინდივიდუალურად უნდა გავაკეთოთ. პირადად მე იმისათვის, რომ სისტემის მინიმალური მონაწილეობა ვიგრძნოთ ჩვენს ცხოვრებაში, იმისათვის, რომ მომავალი იყოს უსაფრთხო და პერსპექტიული ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის, ვამბობ- „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" , გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგაც ვიქნები ამ იდეის ერთგული.
- ზოგადად იდეების ერთგულება ცუდი არაა, მთავარია იდეების განვრცობა, მისი რეალიზება... გჯერა რომ ამას შეძლებთ?
- „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" და მერწმუნეთ. რომ ბევრს შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების შესანარჩუნებლადაც და დემოკრატიის დამკვიდრებითვისაც.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ანი მირცხულავა