რუსეთში ბიზნესმენის ანატოლი შერის დაღუპვის გარემოების შესასწავლად გამოძიება მიმდინარეობს. შერი, რომელიც გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა, ქართველი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის ყოფილი პარტნიორია. დაღუპულის შვილი ეჭვობს, რომ მამამისი მოკლეს და აღნიშნულის მიზეზად მრავალწლიან სასამართლო პროცესის უახლოეს პერიოდში დასრულებას ვარაუდობს, რომლის მიხედვითაც მას შანსი უჩნდებოდა, მოსკოვში, მისთვის წართმეული შენობის დასაბრუნებლად.
რუსული მედიის ინფორმაციით, ანატოლი შერის შვილმა, პაველ სავინმა, ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება და გაარკვია, რომ 12 დეკემბერს მამამისი ავტობუსით მივიდა სერპუხოვოზე, გაჩერება "ვაგზალზე". ავტობუსიდან ჩამოსვლის დროს მას ხელი ჰკრა მის უკან მყოფმა ახალგაზრდამ, რომელსაც ყავისფერი ქურთუკი ეცვა. გარდაცვლილი ავტობუსიდან გადმოვარდა და იქვე გაჩერებულ ჟიგულის მარკის ავტომანქანას დაარტყა თავი, შემდეგ ასფალზე დაეცა.
პაველ სავინის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა მომხდარზე ყურადღება არ გაამახვილა, მშვიდად ჩავიოდა ავტობუსიდან და გზის მოპირდაპირე მხარეს არსებული საცხოვრებელი ბინების ეზოს შეაფარა თავი. ბიზნესმენი, რომელსაც თავის ტვინის ტრამვა დაუდგინეს, გონზე მოუსვლელად, 15 დეკემბერს, გულის გაჩერებით გარდაიცვალა.
შერი ბიზნესით 1980-იანი წლების ბოლოს დაკავდა. ჩამოაყალიბა კოოპერატივი "პომოშნიკი". 1987 წელს მისი პარტნიორი გახდა კახა ბენდუქიძე. 90-იანი წლების ბოლოს მას სერიოზული პრობლემები გაუჩნდა - ყოფილმა პარტნიორებმა მას შენობა წაართვეს. 10 წლის განმავლობაში იგი სხვადასხვა სასამართლო ორგანოებში ცდილობდა სამართლის აღდგენას.
რუსული მედიის ინფორმაციით, პროცესების მიმდინარეობის პერიოდში იგი არაერთხერლ გამხდარა სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლი. კერძოდ, ხანძარი გაუჩნდა მის ოფისს, განხორციელდა მასზე თავდასხმა .
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ეხმარებოდა დიმიტრი ბარანოვსკის ორგანიზაცია "სპრავედლივოსტ"-ი, თუმცა მას შემდეგ რაც ადვოკატების მისამართით გაისმა მუქარები ორაგანიზაციამ უარი განაცხადა მის დაცვაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ შერისთვის წართმეულ შენობას ახალი "მფლობელები" ნაციონალ-სოციალისტურმა საზოგადოება "სევერი" ოფისისა და სპორტული დარბაზისთვის იყენებდა. ორგანიზაციის 5 წევრს გასულ წელს სამუდამო, ხოლო 7-ს კი ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯათ. მათ ბრალად 27 მკვლელობა და სხვა დანაშაულებები ედებოდათ.
შერი ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოების დანაშაულებებს იძიებდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მის შვილი დარწმუნებულია, რომ მამის გარდაცვალება შემთხვევითი გარემოება არ იყო.
საქმის გამომძიებლის, განცხადებით ამჟამად მიმდინარეობს იმის გარკვევა თუ რამდენად უკავშირდება ბიზნესმენის დაღუპვა ქონებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს.