საბერძნეთში მოკლული შვილის დედა გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. 11 წლის ალექსი მესხიშვილის ცხედარი ჯერ ნაპოვნი არ არის, თუმცა საბერძნეთის პოლიციამ საქმე უკვე დახურა. მოზარდი თანატოლებმა 2006 წელს ჩხუბის დროს მოკლეს. მათ დანაშაული აღიარეს, თუმცა არასრულწლოვნობის გამო არავინ დაუკავებიათ.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ საქმე კვლავ ბურუსითაა მოცული და დამნაშავეები სათანადოდ არ დასჯილან. საქმეზე აქტიურად მუშაობდა საქართველოს საკონსულო საბერძნეთში, თუმცა მათი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათვის დიდი ხანია არავის მიუმართავს.
"სასამართლომ ვერ დაადგინა სად გადააგდეს გვამი. დღესაც არ იციან სად არის ცხედარი. აქ ამბობდნენ რომ ალბანეთში გადაიტანესო, მაგრამ ეს არაოფიციალური ინფორმაციაა. მინდა მითხრან ზუსტად და გამარკვიონ რა მოხდა. ერთი ამბობს ჩვენ გავაკეთეთ, მეორე ამბობს - არ გაგვიკეთებია. მერე ერთად სხედან და საუბრობენ. ეს ძალიან დამთრგუნველია. თქვან სიმართლე. კანონი დღეს ამის საშუალებას მაძლევს და მეც ამ გზით ვივლი სხვა გზა არ მაქვს. იმიტომ რომ ამდენი ხანი ველოდებოდი სასამართლოდან სასამართლომდე იქნებ რამე ახალი გამეგო და ასე გავიდა 6 წელი. სანამ ცოცხალი ვარ ამ თემას არავის დავახურინებ. სასამართლოში სარჩელი ყველა თანამონაწილესთან დაკავშირებით უკვე შეტანილი მაქვს",- აცხადებს ალექსი მეხიშვილის დედა ნათელა ოჩუაიძე.