საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზიის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, საქართველო მსგავს ფაქტებზე რეაგირებას სწრაფად ახდენს .
"უკვე აწყობილი გვაქვს ურთიერთობები თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩვენს კოლეგებთან. სწრაფად ვახერხებთ რეაგირებას, რათა ჩვეულებრივი, ნორმალური მოქალაქეებისთვის, რომლებიც აპირებენ საქართველოს გარეთ გასვლას, შრომას, გადაადგილებას, ახალი ბარიერები არ შეიქმნას. არ გვინდა, რომ საქართველოზე ნეგატიური განწყობა არსებობდეს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა მერაბიშვილმა.
საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და სხვა ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტი გახსნეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია საქართველოს მოქალეების მიერ. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ფურცელაძე. თბილისსა და ქუთაისში ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილი. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფის სხვა წევრების დაკავების და დარჩენილი ძვირფასეულობის ამოღების მიზნით.
თურქეთში საქართველოს მოქალაქეებზე საიუველირო მაღაზიის ძარცვასთან დაკავშირებით, ძებნა იყო გამოცხადებული. ქალაქ ორდუს პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა მაღაზიამდე მიწისქვეშ 8-მეტრიანი გვირაბი გათხარეს და 6 კილოგრამი ოქრო წაიღეს. პოლიციამ ძარცვის ადგილზე, სხვა სამხილებთან ერთად, ქართული მარკის სიგარეტიც აღმოაჩინა.