თურქეთში მომხდარი "საუკუნის ძარცვაში" მონაწილეთა დაკავების სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს შსს ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შსს-ს იტყობინება, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გახსნილია თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტი.
"არსებობდა ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების მიერ. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ფურცელაძე, ამასთანავე, თბილისსა და ქუთაისში ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილი. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფის სხვა წევრების დაკავების და დარჩენილი ძვირფასეულობის ამოღების მიზნით", - აცხადებს შსს
შეგახსენებთ, რომ დაკავებულები სავაჭრო ცენტრის ძარცვაში და შენობიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების ოქროს მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი.
თურქული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა 8-მეტრიანი გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელი შენობის საპირფარეშოდან გათხარეს.
გვირაბის მეშვეობით მძარცველებმა ოქროს საცავებში ისე შეაღწიეს, რომ დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ.
თურქული პრესა წერს, რომ სამართალდამცველები გვირაბში ნაპოვნი ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვავების გამო ვარაუდობდნენ, რომ მძარცველები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.