„ქრისტიან-დემოკრატები" დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგს იწყებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს დუშეთის რაიონის პოლიციის შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანი დაათვალიერა. მასთან ერთად იზოლატორში შესვლის საშუალება მიეცათ ქდმ-ს მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორსა და დუშეთის საკრებულოში პარტიული სიით გასულ დეპუტატს. პარლამენტის წევრის განცხადებით, დუშეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რაიონების უმეტესობაში ე. წ. კაპეზეები უმძიმეს მდგომარეობაშია და აუცილებელია პირობების გაუმჯობესება.
„თბილისისგან განსხვავებით, რაიონების პოლიციის განყოფილებების წინასწარი დაკავების იზოლატორებში არ არის ვენტილაცია, ფანჯარა, წყალი და ადამიანებს თვეების გატარება არაადამიანურ პირობებში უხდებათ. აუცილებლად მიგვაჩნია გადაუდებელი ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება და შესაბამისი ხარჯების ბიუჯეტიდან გამოყოფა. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან დებატებისას და მონიტორინგს კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ" - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ქდმ ასევე ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შესატანად, რაც ადმინისტრაციული პატიმრობის ოპტიმალურ ვადამდე შემცირებას და ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.