თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება `ქართული ოცნების~ იურისტის არჩილ კბილაშვილის მიერ სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ 2012 წლის 6 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლოს უარი არ განუცხადებია სარჩელის განხილვაზე, არამედ სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, ნუგზარ ხუციშვილს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ ნაცვლად სარჩელისა, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა საჩივრით.
"ხარვეზის დადგენა არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმას და ამით პირს არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-9 პუნქტით, განსაზღვრულია ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების სასარჩელო სამართალწარმოებისაგან განსხვავებული წესი. კერძოდ, ხსენებული ნორმის იმპერატიული დანაწესის თანახმად, Aამ საქმეთა მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესი, რაც გამორიცხავს ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვას.
ამასთან, ნუგზარ ხუციშვილს დაუბრუნდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარი, ვინაიდან საჩივრის წარდგენისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლო პრაქტიკის იგნორირებას ან შეცვლას. თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იგი ნებისმიერ საქმეს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.