საქართველოს პროკურატურამ შედეგად სოლომან ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს პროკურატურაში 2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის საავადმყოფოში, შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს შენობაში მიღებული ტრავმების შედეგად სოლომან ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან პროკურატურა საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარდაცვლილის მიერ პოლიციის შენობაში მიღებული ტრავმების თვითმხილველთა და ფაქტზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც გთავაობთ უცვლელად:
"სოლომან ქიმერიძის ოჯახის წევრების ჩვენებების შინაარსი:
სოლომან ქიმერიძე ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით პოლიციის მუშაკებმა სახლიდან წაიყვანეს დაახლოებით 11:30 საათზე. ქიმერიძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს.
ხაშურში მომხდარი ქურდობის საქმეზე დაზარალებულის, თამაზ გამგონიძის ჩვენების შინაარსი:
თამაზ გამგონიძე პოლიციის შენობაში მივიდა დაახლოებით 16:25 საათზე. გამგონიძე მისი საკუთრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოკითხა ინსპექტორ გამომძიებელმა ზაზა ტაბატაძემ. გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 25 წუთი, რის შემდგომაც მან დატოვა შენობა.
შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს უფროსის, გიორგი ხარშილაძის ჩვენების შინაარსი:
გიორგი ხარშილაძე სამუშაო კაბინეტში, ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით გაესაუბრა სოლომან ქიმერიძეს. შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდგომაც ქიმერიძემ დატოვა კაბინეტი.
სოლომან ქიმერიძის თანმხლები ინსპექტორ გამომძიებელ მალხაზ ციყელაშვილის ჩვენების შინაარსი:
მალხაზ ციყელაშვილი და სოლომან ქიმერიძე იმყოფებოდნენ შენობის მე-3 სართულზე შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს უფროსის გიორგი ხარშილაძის კაბინეტში, რის შემდგომაც წამოვიდნენ მე-2 სართულისკენ, ჩასასვლელ კიბესთან მალხაზ ციყელაშვილი დაწინაურდა რამდენიმე საფეხურით და გააგრძელეს კიბეზე ჩასვლა. ციყელაშვილმა გაიგონა მოაჯირის ხმა, რა დროსაც შემობრუნდა და დაინახა, რომ სოლომან ქიმერიძე ვარდებოდა მოაჯირიდან ძირს, სცადა ხელის წავლება, მაგრამ ვერ მოასწრო, ქიმერიძე დაეცა პირველი სართულის იატაკზე დაახლოებით 17:30 საათზე.
პოლიციის განყოფილებაში მყოფი პოლიციის მუშაკების ჩვენებების შინაარსი (დაკითხულთა გვარების ჩამონათვალი იხ. დანართი N 1):
სოლომან ქიმერიძე პოლიციის შენობაში იმყოფებოდა დაახლოებით 12:00 საათიდან. მის მიმართ რაიმე ძალადობრივ ან ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს ადგილი არ ქონია. სოლომან ქიმერიძის კიბის უჯრედიდან გადმოვარდნისთანავე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა ხაშურის საავადმყოფოში.
ქიმერიძის ხაშურის საავადმყოფოში მიყვანისას ადგილზე მყოფი ექიმ რეანიმატოლოგის ზვიად ლომიძის და მორიგე ექიმის პოღოს ავაქიანის ჩვენებების შინაარსი:
სოლომან ქიმერიძემ საავადმყოფოში მოყვანის შემდეგ ექიმების შეკითხვაზე თუ როგორ მიიღო ტრავმები უპასუხა რომ ჩამოვარდა. იმავე დღეს 23 საათსა და 40 წუთზე სოლომან ქიმერიძე გარდაიცვალა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შინაარსი:
გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნება ცემა-წამების კვალი, ხოლო გარდაცვალება გამოიწვია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა.
დანართი N1
დაკითხული პოლიციის მუშაკები: გიორგი ხარშილაძე - სამმართველოს უფროსი; მალხაზ ციყელაშვილი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ზაზა ტაბატაძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ბესიკ კილაძე - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; აკაკი ხიჩაკაძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; გოჩა ღუღუნიშვილი - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; მამუკა გამგონიძე - უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი; თამარ ლომიძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; პაატა ხვედელიძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ავთანდილ სამსონიძე - სამმართველოს უფროსის მოადგილე; რუსუდან კამკამიძე - კანცელარიის უფროსი; მზია გოგოლაძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ვალერიან ლურსმანაშვილი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; მარინა გაჩეჩილაძე - კანცელარიის სპეციალისტი; იზა ნოზაძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ალექსანდრე დარბუაშვილი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; გიორგი არჯევანიძე - სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი; ვალერი ქალდანი - სამმართველოს უფროსის მოადგილე; უჩა რამიშვილი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; დიმიტრი ქიმერიძე - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი".