საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ქუჩაში, სოფლებში, ქალაქებში და მით უმეტეს, ის უნდა დაიცვას პოლიციის შენობებში , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სოლომონ ქიმერიძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შენდება შუშის გამჭვირვალე პოლიციის შენობები, რათა იქ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.
"ჩვენ ვაშენებთ სპეციალურად პოლიციის შენობებს შუშის, გაჭვირვალეს, რათა იქ იყოს ყველაფერი გამჭვირვალე. ჩვენი დღევანდელი ინფორმაციით, წინასწარი გათვლებით, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, თუმცა, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ შემოვიღებთ ახალ წესებს. უფრო გამჭვირვალეს გავხდით პროცედურებს, რომელიც ეხება პოლიციის შენობაში მოსული ნებისმიერი სტუმრის, ადამიანის გადაადგილების, ასე ვთქვათ მისი უსაფრთხოების დაცვის. უახლოეს დღეებში ჩვენ ამ ბრძანებულებას გამოვცემთ. ბრძანებულების მთავარი ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამა თუ იმ პოლიციის შენობას, განყოფილებას, პირადად იქნება პასუხიმგებელი ამ ნორმების შესრულებაზე. მათ შორის უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაზე და იმისათის, რომ ჩვენ მონიტორი განვახროციელოთ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე, ჩვენ შვეცდებით, რომ ყველგან დავაყენოთ ვიდეოკამერები, დავაყენოთ სხვა მონიტორების მექანიზმი და ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალაბა განახორციელოს კონტროლი", - განაცხადა მერაბიშვილმა.
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ 29 თებერვალს გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე.
"დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.