ENG / RUS       12+

რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

საბჭოთა კავშირის პერიოდში ჯერ კიდევ მაშინდელი "რუსეთის" ხელისუფლება "ამიერკავკასიას" რისკის ზონად განიხილავდა, რომელიც იმ პერიოდისთვის ბევრი არ ყოფილა: 1. შორეული აღმოსავლეთი; 2. კალინინგრადი; 3. სამხრეთ კავკასია;

ეს უკანასკნელი რისკის პირველ კატეგორიას განეკუთვნებოდა, თუმცა ძნელია იმის თქმა რომ კრემლს თურქეთის ან ირანის აგრესიის ეშინოდა. ცნობილია, რომ ახლო-აღმოსავლეთის ბუნებრივი მოკავშირე - სამხრეთ კავკასია, განიხილებოდა როგორც ერთ-ერთ საშიში დეტონატორი. თავისმხრივ, ახლო-აღმოსავლეთი კი გარედან, მესამე ძალის მიერ ინსპირირებულ დესტაბილიზაციის საფრთხედ მოიაზრებოდა.

სამხრეთ კავკასიის რისკის პირველ კაგეტორიაში განთავსება რუსეთის მმართველი წრეების "საღ მსჯელობას" უნდა მივაწეროთ. სავარაუდოდ, ისინი ფიქრობდნენ რომ სამხრეთ-კავკასიაში გაცილებით ადვილი იყო ისეთი ხასიათის კონფლიქტის გაჩაღება, რომელიც არაკეთილმოსურნეებს შეეძლოთ ადვილად "ეკვებათ" გარედან, მაგალითად, იმავე ახლო-აღმოსავლეთიდან.

დესტაბილიზაციის სავარაუდო იდეოლოგიების ნუსხა კი როგორც საბაბი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: 1. ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა, 2. პანთურქიზმი, 3. ისლამური ფუნდამენტალიზმი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. ჩრდილოეთ_კავკასია, როგორც კავკასიის რეგიონის ორგანული ნაწილი და რუსეთის სამხრეთის სასაზღვრო ზოლი, ფედერაციის ყველაზე მოწყვლად სუბიექტად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, იგი მეზობლად აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიასთან, რომლის მართვის გეოპოლიტიკური ცენტრი ახალი პოლიტიკური რეალიების შედეგად რუსეთის საზღვრებს მიღმა დარჩა, კონკრეტულად კი, საქართველოში.

წინამდებარე ანალიზი აწყობილია იმ ვარაუდზე, რომ ცივი ომის დასრულების შემდგომ გაჩენილ ახალ, გეოპოლიტიკურ რეალობაში რუსეთის ფედერაციიისთის, სამხრეთ კავკასია, კვლავ რისკის პირველ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო "რუსული პოლიტიკის" არსი კი სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია მდგომარეობდეს შემდეგში:

1. სამხრეთ კავკასიის შენარჩუნებაში, რათა შეინარჩუნოს მისი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი ჩრდილოეთ კავკასია;

2. სამხრეთ კავკასიის შენარჩუნებაში, რათა უზრუნველყოს ევროპის ენერგოდამოკიდებულება;


სამხრეთ-კავკასია და რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოება

პრემიერ პუტინსა და მის თანამოაზრე სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს ღია წყაროებში არაერთხელ გაუჟღერებიათ პოზიცია რომ რუსეთის დაშლას მესამე ძალა ცდილობს და ის ამისთვის სწორედ ფედერაციის ყველაზე მოწყვლად რეგიონს ჩრდილო-კავკასიას იყენებს. მესამე ძალად კი ღიად სახელდება შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.

90-ანი წლებიდან მოყოლებული კრემლის პოლიტიკა კავკასიაში აშკარად თავდაცვითი ხასიათისაა, ამავდროულად ძალზედ ხისტი და მოუქნელი რომელიც რეგიონს კიდევ უფრო "მიმზიდველს" ხდის მესამე ძალისთვის.

კრემლის "შიშები" დიდი ალბათობით არ არის თითიდან გამოწოვილი. ჩეჩნეთის მოვლენებში აშკარად გამოჩნდა მესამე ძალა, რომელიც კონფლიქტს ფულითა და მებრძოლებით კვებავდა. ამასთან ერთად სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა რუსული სამხედრო მანქანა, რომელიც ჩეჩნებზე თავად ყიდდა იარაღს.

მართალია კრემლმა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოახერხა ჩეჩნეთში კონფლიქტის ლოკალიზაცია და არ დაუშვა მისი დიფუზია, მაგრამ "კონფლიქტი" შორს არ წასულა და იქვე დაღესტანში იპოვა ნოყიერი ნიადაგი.
ელცინის რუსეთისგან განსხვავებით პუტინის რუსეთში დღეს ძალაუფლების კონსოლიდირება გაცილებით მაღალ ხარისხშია და კრემლი სავარაუდოდ ამ პრობლემის ლოკალიზებასაც შეძლებს, თუმცა როდემდე ეს გაუკრვეველია...

ამავდროულად, 2014 წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება რისკი იმისა, რომ დაძაბულობამ ჩრდილო კავკასიაში ვაინახური ზონიდან ჩერქეზულ ზონაში გადაინაცვლოს (ადიღე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო, აფხაზეთი)

აღნიშნულ ზონაში სიტუაცია რუსეთისთვის მართლაც არასახარბიელოა:

1. ჩეჩნური ზონისგან განსხვავებით ჩერქეზული არ არის ისეთივე იზოლირებული;

2. აქ პრობლემას ტერიტორიული სეპარატიზმი წარმოადგენს და არა ვაუნახური ზონის იატაკქვეშა დაჯგუფებების ისლამისტური ganwyobebi.

3. ლეგენდა დიდი ჩერქეზეთის სახელმწიფოს შესახებ (რომლის აღდგენასაც მოითხოვენ) მოიცავს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს (აფხაზეთის ჩათვლით), კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებს;

4. დიდი ჩერქეზეთის აღდგენის იდეა განსაკუთრებით და საეჭვოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა

5. იდეის იდეოლოგებისა და მხარდამჭერების დიდი ნაწილი (ადამიანური რესურსი) ცხოვრობს რუსეთის ფარგლებს გარეთ.

თუ 2005 წლის 3 ოქტომბრის სამხედრო აქციისას ბოევიკების მიერ ქ. ნალჩიკის დაკავება იმ პერიოდისთვის ერთგვარი სურპრიზი იყო, 2009, 2010 და 2011 წლების სტატისკტიკა აჩვენებს რომ ყაბარდო-ბალყარეთში ცენტრსა და იატაქვეშეთს შორის დაპირისპირება იზრდება და კლებას არ ექვემდებარება.

ასეთ დროს ჩერქეზული ზონის, როგორც ყველაზე ნაკლებად იზოლირებული გეოგრაფიული არეალის ამოკეტვა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის გამართლებულ ტაქტიკურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. აფხაზეთის ოკუპაცია დიდწილად მონაწილეობდა ამ "ამოკეტვის" პროცესში.

"ჩერქეზულმა ზონამ" აფხაზეთის "ამოკეტვის" შედეგად დაკარგა "ზურგი", რომელიც თავის მხრივ ასრულებდა "მეკავშირის" ფუნქციას ზღვით თურქეთთან, სადაც ყველაზე მძლავრი ჩერქეზული დიასპორაა დისლოცირებული. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ჩაყენება დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ მოსაზრებას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი "სიკეთე" რაც ამით რუსეთის პოლიტიკურმა ადმინისტრაციამ მიიღო.

სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტიც არსებობს, თუმცა ის ამ ეტაპისთვის საიმედოდ კონტროლდება რუსეთის მიერ და რომელსაც იგი რეგიონში ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად იყენებს. შესაბამისად, ძნელია ვივარაუდოთ რომ აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების ინიციატივას რუსეთი ვინმეს დაუთმობს.

თუ ვეცდებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის არსის გლობალური კონტექსტის რეგიონალურ კონტექსტამდე დაყვანას დავინახავთ რომ კრემლის ეს პოლიტიკა წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ შეკრულ კომპონენტთა კონსტრუქციას. ეს კონსტრუქცია კი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი-ირანი-სომხეთი
2. რუსეთი-თურქეთი-აზერბაიჯანი

აღნიშნულ კონსტრუქციაში უკვე წლებია აღარ ფიგურირებს საქართველო, რომელიც ზემოთნახსენები კონსტრუქციის ყველა სახელმწიფოსთან ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, გარდა რუსეთისა. სავარაუდოდ ამ კონსტრუქციიდან კიდევ ერთი "კომპონენტის" გამოთიშვა სერიოზულ საფრთხეებს შეუქმნის რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაცია "წასული საქართველოსთვის" არსებულ კონსტრუქციაში ადგილის გამოძებნაზეც კი ფიქრობდეს, რათა არ შედგეს "წარმატებული წასვლის" მაგალითი.


ენერგომატარებლების ექსპორტი და კავკასია

რუსეთის ინტერესი კავკასიაში რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. შესაბამისია მის მიერ გატარებული პოლიტიკაც, რომლის არსის გააზრება გლობალური კონტექსტიდან ამოგლეჯილად არასწორი იქნება. გლობალურ კონტექსტს კი დიდი ალბათობით თავისუფალი ენერგორესურსების კონტროლი, ანუ მსოფლიო ენერგოექსპორტის გარშემო განვითარებული დაპირისპირება წარმოადგენს. ანალიტიკოსთა გათვლებით მსოფლიოს თავისუფალი ენერგომარაგები უახლოეს 50 წელიწადში ამოიწურება.

მსოფლიოს დადასტურებული ენერგომარაგების (ნავთობის დაახლოებით 61,5% და ბუნებრივი აირის 40% ) აბსოლუტურ ლიდერად გვევლინება ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ევრაზიული ენერგოსივრცის ორგანული ნაწილია. თავის მხრივ საინტერესოა, რუსეთის, როგორც ევრაზიის უდიდესი წარმომადგენლის როლი ენერგო სფეროში. რუსეთი ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის უდიდესი მარაგების მფლობელია მსოფლიოში. ნავთობის ექსპორტის კუთხით ის მეორე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ადგილზეა ბუნებრივი აირის ექსპორტით.

EU-27 ნედლი ნავთობის საერთო მოხმარების 33,1 %-ს, ხოლო ბუნებრივი არის საერთო მოხმარების 34,2%-ს რუსეთისგან იმპორტირებით უზრუნველყოფს.

დასავლეთ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში რუსეთის წილი თითქმის 25%-ია, ხოლო ესტონეთი, პოლონეთი, ლატვია და ლიტვა თითქმის მთლიანად არიან დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ნაწილი ქვეყნების კი 2/3-ით (უნგრეთი, ჩეხეთი).

საექსპერტო გათვლებით ევროკავშირის მთლიანი შიდა ენერგო მოხმარება 2030 წლისთვის 54 %-დან 66%-მდე იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსზე. იმის გავივალისწინებთ თუ უკვე რა ტემპებით იზრდება განვითარებულ ქვეყნებში ენერგო მოხმარების მაჩვენებელი უნდა ვივარაუდოთ რომ:

1. უახლოეს ხანებში მსოფლიოს თავისუფალ ენერგო მარაგებზე კონტროლის დაწესება ყველაზე აქტუალურ საკითხად უნდა მოგვევლინოს;

2. აღნიშნულის კვალდაკვალ დიდი ალბათობით კიდევ უფრო გააქტიურდება სატრანზიტო მარშრუტების კონტროლის საკითხიც.

2010 წლამდე შეიძლება ითქვას რომ ევრაზიის ენერგოსივრცეზე რომელიმე "დიდი მოთამაშის" ერთპიროვნული ბატონობა არ ვრცელდებოდა. აღნიშნულ რეგიონში 2011 წელს დაფიქსირებული მოვლენები (ლიბია, სირიის მოვლენები, პიკს მიღწეული დაძაბულობა ირანთან, თურქეთისა და ისრაელის დაპირისპირება) კი გვაფიქრებინებს რომ პროცესის ლოგიკურ დასასრულად შესაძლებელია ევრაზიული ენერგოსივრცის დაპატრონებაა ჩაფიქრებული. ასეთ ვითარებაში თამაშგარე სიტუაციაში ლოგიკურად ვერ დარჩება რუსეთი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაბამისი კანონმდებლობა ავალდებულებს ენერგორმატარებლების იმპორტის დივერსიფიკაციას. რუსეთის ფედერაციაშიც გააცნობიერეს რომ აღნიშნულ სფეროში, დადგება დრო და ევროპა აღარ იქნება მათი ერთადერთი პარტნიორი და რომ მომხმარებლები აღმოსავლეთშიც (ჩინეთში, იაპონიში, კორეაში, აზიისა და წყნარიოკეანის რეგიონებში) უნდა ეძებონ.

მაგრამ ახალი პარტნიორების "ძებნა" მიწოდებაზე მზარდი კონკურენციის პირობებში სავარაუდოდ არ იქნება ხავერდოვანი და უმტკივნეულო პროცესი რუსული ენერგო-იმპერიისთვის, გარდა ამისა აქ უმნიშვნელოვანესია დროის ფაქტორი და კიდევ ერთი, საექსპერტო გათვლებით უახლოესი 15-20 წელიწადი ევროპას კვლავ რუსული ბუნებრივი აირი გაათბობს. თავის მხრივ ევროპის მიერ მოხმარებული ენერგორესურსის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიც იმდენად რამდენადაც მხოლოდ მაქსიმალურად მაღალ ფასში ექსპორტირებული ენერგორესურსებიდან მიღებული ფინანსური რესურსი კვებავს ამ გიგანტ სახელმწიფოს და ერთდროულად გვევლინება მის ხერხემლად და აქილევსის ქუსლადაც. ენერგორესურსების რეალიზიციიდან მიღებული ფულადი რესურსების წილი რფ-ის სახელმწიფო ბიუჯეტში კიდევ მრავალი წელი დარჩება კრემლის ეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი.

ამ გზაზე კი მოსკოვი არ დაუშვებს სამხრეთ კავკასიის, როგორც პოტენციური ალტერნატიული სატრანზიტო კორიდორის არსებობას. რეგიონში არსებული პოლიტიკური სტატუს-ქვო აღნიშნული ენერგოკორიდორის მნიშვნელობას ერთი-ორად ზრდის და ახალ-ახალი იდეებისა და პროექტების "მუზად" გვევლინება. საყურადღებოა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს წინ უძღოდა სუამის ქვეყნების სამიტი ბათუმში, სადაც განხილული იყო ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის პერსპექტივები აღნიშნული პროექტი, სამხრეთ კავკასიაში უკვე არსებულ სატრანზიტო მარშრუტებთან ერთად დასავლეთის კიდევ ერთი მცდელობაა მოახდინოს ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია.

თუ ჩვენს მსჯელობას ვაწყობთ იმ ვარაუდზე, რომ 21-ე საუკუნეში გეოპოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკა მსოფლიოს თავისუფალი ენერგეტიკული რესურსებისთვის ბრძოლაა, მაშინ კავკასიის რეგიონი და კერძოდ სამხრეთ კავკასია ბუნებრივად ექცევა მოთამაშეთა ინტერესების არეალში. იმდენად, რამდენადაც ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელობას განსაზღვრას სამი ურთიერთდამოკიდებული კომპონენტის ერთობლიობა. ესენია:

• მომხმარებელი (თვალსაწიერ მომავალში ევროპა კვლავ რჩება რუსეთიდან იმპორტირებული ენერგორესურსების მომხმარებელი; აშშ; ჩინეთი)
• მიმწოდებელი (რუსეთი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ენერგომარაგების იმედად ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი კონტრაქტების შესრულებას და დამატებით შეისყიდის მას ახლო-აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან)
• სატრანზიტო სარტყელი (სამხრეთ კავკასია, რომელიც ბუნებრივ გაგრძელებას პოულობს დასავლეთის მიმართულებით)

ამდენად, რუსეთის მმართველი წრეებისთვის სამხრეთ კავკასიის შენარჩუნება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს - ტერიტორიული მთლიანობისა და ბუნებრივ საზღვრებს გამცდარი რფ-ის არაეფექტური ეკონომიკური სისტემის შენარჩუნების გზაზე.
კრემლს, რეგიონში, სხვა ყველა დაინტერესებული ძალისგან განსხვავებით ბუნებრივი მდებარეობით მოპოვებული უპირატესობა მომგებიან მდგომარეობაში ამყოფებს. თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა დაადასტურა რომ იგი საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად არც სამხედრო, ქირურგიულ ჩარევებს ერიდება. გარდა ამისა, რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაცია ხომ საზღვართან არასტაბილურობას ყოველთვის საზღვრის გადაწევით პასუხობს?!


„ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი მოლოდინი

 

ავტორი: . .