რესპოდენტის შესახებ
- ბატონო პაატა, ცხინვალის რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ალა ჯიოევაზე და მის მხარდამჭერებზე სპეცოპერაციაც კი განახორციელეს. როგორ შეაფასებთ რეგიონში არსებულ მდგომარეობას და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს?
- ცხინვალის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ეს ინაუგურაცია არ უნდა ჩატარებულიყო. ამით მათ აღიარეს ინაუგურაციის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ ჯობდა ჯიოევა ჩაეთვალათ როგორც კერძო პირი, რომელიც ეწევა კერძო საქმიანობას და მისთვის იგნორირება გაეკეთებინათ. თუმცა რატომღაც სერიოზულად მიიღო ცხინვალის ხელისუფლებამ ეს ფაქტი. მსოფლიოშიც არავინ აღიარებდა ამ ინაუგურაციას, რადგან ეს არ შეესაბამება არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობას. თან ეს რუსეთის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. არანაირი "სპეკულაცია" არ მოჰყვებოდა არც საქართველოს მხრიდან და არც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ ინაუგურაციის იგნორირებას. მე მქონდა ინფორმაცია, რომ დღეს დაარბევდნენ, თუმცა ეს გუშინ განხორციელდა. იმით, რომ ციხის ნაცვლად საავადმყოფოში წაიყვანეს ჯიოევა, ცდილობენ გადაგორდეს ეს მდგომარეობა და ეცდებიან დიდი ხნით იყოს საავადმყოფოში. არა მგონია, რომ გუშინდელმა ფაქტმა გამოიწვიოს საზოგადოებაში შეუქცევადი მღელვარება და ამან არსებითი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო პროცესზე, რომელიც ცხინვალში იწყება. ეს გავლენას ვერც არჩევნების შედეგებზე მოახდენს. საზოგადოება მზად არის დაიწყოს ახალი არჩევნებისთვის მზადება და ჯიოევას ბევრი მომხრეც მზად არის გადაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაზე. საზოგადოებისთვის მთავარი არა ჯიოევას გამარჯვება, არამედ კოკოითის დამარცხება და წასვლა იყო. კოკოითი გადადგა და ამან დაამშვიდა საზოგადოების განწყობები. თუ ადრე ჯიოევას 3-4 ათასი კაცი უჭერდა მხარს, რაც ცხინვალის პირობებში ძალიან ბევრია, ახლა ეს რაოდენობა 200-300 კაცამდე შემცირდა. მემგონი, ჯიოევა დანებდება. მისთვის ყველაზე კარგი შანსია, რომ პოლიტიკიდან წავიდეს. ეძებდა, რომ ამ ტიპის რამე მომხდარიყო. ის, რომ მას არ შეარჩენდნენ ინაუგურაციას და ის, რომ პრეზიდენტი არ იქნებოდა ეს ყველას და მათ შორის მასაც ესმოდა. მას უნდოდა ღირსეულად წასვლა და მგონი ხელისუფლებამ ეს გაუკეთა. გუშინ იყო რეგისტრაციის ბოლო ვადა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და აშკარად გამოჩნდა, რომ ჯიოევა კენჭისყრას არ აპირებდა, რადგან მან ინაუგურაცია დაგეგმა. როგორც ჩანს, მას მოსკოვში გამართული შეხვედრებისას აგრძნობინეს, რომ გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჩემი აზრით, მან სპექტაკლიც კი გაითამაშა ამ მიმართულებით, რომ თავი აერიდებინა მომავალი საარჩევნო კამპანიისთვის და შემდეგ იქ დამარცხებისთვის. ახლა გმირად მიდის და არაა გამორიცხული მომავალში დაბრუნდეს პოლიტიკაში.
- რამდენად დიდია მოლოდინი იმისა, რომ არსებული ვითარება სისხლისღვრაში გადაიზარდოს?
- 100 პროცენტიდან 20 პროცენტი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ცხინვალში დაძაბულობა შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს. თუმცა მაინც მგონია, რომ დაძაბულობა არ მოახდენს წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენას და არ გამოიწვევს არჩევნების ჩაშლას. არჩევნების შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება საფუძველი სამხრეთ ოსეთში ახალი დე-ფაქტო ხელისუფლებისა. შეუქცევადი პროცესები თუ დაიწყო, ეს ხელს უნდა აძლევდეს რუსეთს. რუსეთი ხედავს, რომ აფხაზეთისგან განსხვავებით სამხრეთ ოსეთში არაფერი არ ფუნქციონირებს და მკვდარი სიტუაციაა. ოპოზიციური პარტიები გარეთაა, სამოქალაქო საზოგადოება ჩანასახის მდგომარეობაშია, მშენებლობები არ მიმდინარეობს, კორუფცია თვალშისაცემია. ამ ფონზე, რუსეთი შეიძლება ხვდება, რომ არაფერი არ გამოდის ამ სამხრეთ ოსეთისგან და ფიქრობს - ხომ არ ჯობია ჰქონდეს იქ პირდაპირი მმართველობა? თუმცა პირდაპირი მმართველობის შემთხვევაში გამართლდება ქართველების სრული და საფუძვლიანი პოზიცია, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიაა. დღემდე რუსეთი იმით იმართლებს თავს, რომ ამბობს: "როგორ გეკადრებათ, ხალხი იქ თავისით ირჩევს ხელისუფლებას". რუსეთს შეუძლია რაღაც დემაგოგია და პროპაგანდა განახორციელოს ამ მიმართულებით. თუ ოსები ვერ ირჩევენ მმართველობას და სულ მუდმივად დაკა-დაკა და სისხლისღვრაა, რუსებმა შეიძლება პირდაპირი მმართველობის გზა აირჩიონ, მაგრამ ეს არაა მათთვის ხელსაყრელი იქამდე, სანამ 4 მარტის არჩევნები და შესაძლო მეორე ტურიც არ გაიმართება. სწორედ ამიტომ დანიშნეს სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს, რომ რუსეთს არ შეეხოს იქ ჩადენილი უსინდისობები. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა ხელი არ შეუშალოს დაძაბულობას, მიიყვანოს საკითხი არჩევნების ჩაშლამდე და შემდეგ და შემოიღოს დროებითი ვიცე-პრეზიდენტობა ან მსგავსი რაღაც, რომელიც ხალხის დავალებებს კი არა, მოსკოვის დავალებებს შეასრულებს. ისედაც არალეგიტიმურია იქ ყველაფერი, მაგრამ კიდევ უფრო არალეგიტიმური გახდება, მაგრამ ეს რუსეთს აძლევს ხელს სიტუაციის სამართავად.
- რა გაძლევთ ამ ყველაფრის თქმის უფლებას?
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ ჩაშალონ არჩევნები სამხრეთ ოსეთში. ეს ინფორმაცია სასაცილოა, რადგან რომც ჩაშალონ, მერე რა?! ჯერ ერთი, საქართველოს არ გააჩნია იმხელა რესურსი, რომ არჩევნები ჩაშალოს და მეორეც - ერთხელ უკვე შეირცხვინეს თავი, როდესაც 2007 წლის აპრილში გალში ჩაშალეს არჩევნები და ამით უნებლიეთ აღიარეს არჩევნების შედეგები დანარჩენ რაიონებში, სადაც ვერ მოახერხეს ჩაშლა. თუ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს ცხინვალში არჩევნებს, მაშინ ამით აღიარებს არჩევნებს. რაკი რუსეთმა დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს უნდათ არჩევნების ჩაშლა, ე.ი. რუსეთი რაღაცისთვის მზადაა. რომ ჩაიშალოს დააბრალებენ ქართველებს და იტყვიან, რომ ქართველები არჩევნების ჩატარების საშუალებას არ აძლევენ და იძულებულნი არიან განახორციელონ პირდაპირი მმართველობა. ვფიქრობ, ამ ვერსიისთვის ემზადებიან და ამიტომ დაიწყეს ამ ჭორის აგორება. ეს ჭორია, რადგან მე ვერ ვხედავ ქართველი სპეცსამსახურების ისეთ სერიოზულობას, რომ იქ მართონ სიტუაცია - გამორიცხულია ეს.
- როგორ ფიქრობთ, შეუძლია ცხინვალში არსებული ვითარების გამოყენება ქართულ მხარეს?
- შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს ამას. ქართულმა მხარემ, აფხაზეთისგან განსხვავებით, ღრმად და ყრუდ ჩაკეტა სამხრეთ ოსეთი. აფხაზეთში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ქართული საგუშაგოები რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიარონ ნორმალურად. სამხრეთ ოსეთში კი პირიქით, ქართველები არ გატარებენ შენი უსაფრთხოების გამო. ეს არის ცინიზმი, რადგან ახალგორში რომ სიმშვიდეა, ასეთი სიმშვიდე მთელ საქართველოში არ არის. ახალგორში თუ შედიხარ, ასე ვთქვათ, იმათი კანონით, არანაირი პრობლემა არ იქმნება. ახალგორში რომ შედიხარ, ჯერ არის ქართული პოსტი, შემდეგ რუსული და შემდეგ არის ოსური. ოსებს იქ არავინ არაფერს ეკითხება, რადგან რუსები მართავენ სიტუაციას. ასე თუ ისეა, საშვიც რომ გქონდეს, ქართველები მაინც არ გაგატარებენ. საქართველომ დაიწყო სამხრეთ ოსეთის სრული, ღრმა და ყრუ იზოლაცია, რაც არასწორია. საქართველომ ოსებს უნდა მისცეს საშუალება, რომ შემოსვლა შეეძლოთ. ეს სწორი იქნება იმ ფონზე, როდესაც როკის გვირაბი ფაქტობრივად სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაკეტილია ხოლმე. საქართველომ უნდა გახსნას საზღვარი და ივლიან თუ არ ივლიან, ეს მათი საქმეა. მე ვფიქობ, რომ ივლიან, როდესაც ეცოდინებათ რომ საფრთხე არ ემუქრებათ. როდესაც ეს საშუალება არ არსებობს, ხალხი იწყებს უკანონოდ გადასვლას ტყეებით, ბილიკებით. ეს დაპატიმრებები იმიტომ ხდება, რომ ქართველები ხალხს არ უშვებენ. საქართველომ უნდა გააკეთოს სრული დეიზოლაცია, თქვას, რომ არავის ხელს არ უშლის გადასვლა-გადმოსვლაში, ოფიციალური გამშვები პუნქტებია, როგორც აფხაზეთში, რეგისტრაციას გავატარებ და ამ გამშვებ პუნტქებით იარონ. ასევე, უნდა შემოუშვან მხოლოდ ოსური, აქციზირებული პროდუქცია. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუმცა ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და ოსებს ვყრით რუსებზე და კიდევ უფრო მეტად ვაქცევთ იზოლაციაში. საქართველოს პოლიტიკა არის მცდარი და წინდაუხედავი, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამ ხალხის გაუცხოებას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.
- რა შეფასებას გაუკეთებდით "ნეიტრალური პასპორტების" ინიციატივას და როგორ ფიქრობთ, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს?
- როდესაც ბატონი თემურ იაკობაშვილი იყო რეინტეგრაციის მინისტრი, 2010 წელს ბაზალეთის ტბაზე შემუშავებული იქნა საინტერესო სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ სტრატეგიაზე მეც ვმუშაობდი და ამისთვის მადლობელი ვარ. ამ სტრატეგიაში ერთ-ერთი წამყვანი იყო ნეიტრალური პასპორტები. მაშინაც ვამბობდი, რომ არ იმუშავებს ეს ნეიტრალური პასპორტები და კიდევ უფრო მეტად გაგვაუცხოებს. ჩემი პოზიცია არის ასეთი: მაქსიმალურად ვეცადოთ მათ მივცეთ ისეთი დოკუმენტები, რომლებიც მოძრაობაში ხელს შეუწყობს. აფხაზების და ოსების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია დღეს ყველაფერი ქართული. ნეიტრალური პასპორტის ოფიციალური ნომერი არის GEO (საქართველო). რეინტეგრაციის სამინისტროში უნდა დავსვათ კითხვა: დავუშვათ, პასპორტი მფლობელმა უცხოეთში დაკარგა, ვის უნდა მიმართოს, საქართველოს საკონსულოს? ამ პასპორტის მფლობელი თუ გარდაიცვალა ვინ ახორციელებს ამ გარდაცვლილი პირის საკონსულო მომსახურებას? ეს არის მკვდარი პროექტი, ისევე როგორც მკვდარი იყო პროექტები - ზემო აფხაზეთის, "კოკოითი ფანდარასტის", სანაკოევის და განმუხურის პატრიოტთა ბანაკები. არ იმუშავებს ეს პროექტი, რადგან აფხაზი, რომელიც გადალახავს კომპლექსს, აიღებს არა ნეიტრალურ პასპორტს, არამედ ქართულ პასპორტს. აფხაზეთში არის ხალხი, ვინც აიღებს ქართულ პასპორტს, რადგან გადასაადგილებლად სჭირდებათ. რუსულ პასპორტებს ვადა გაუვიდა და აღარ აღუდგენს რუსეთი მათ ამ პასპორტებს. რუსეთი ეუბნება მათ, რომ რაღად უნდათ რუსული პასპორტი, როდესაც აქვთ აფხაზური და აქვთ საშუალება რუსეთში იმოგზაურონ. რუსული პასპორტების ის რაოდენობა, რომელიც ხელში ჰქონდათ აფხაზებს, დღეს აორთქლდა და უვარგისი გახდა. აფხაზებმა რა ქნან, არ იციან, რადგან აშკარად ჩაიკეტნენ აფხაზეთის სივრცეში. თუ რუსეთი ასეთ პრინციპულ პოლიტიკას წარმართავს და არ გასცემს პასპორტებს, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია, უფრო და უფრო მეტი ხალხი აიღებს არა ნეიტრალურ პასპორტს, არამედ ქართულ პასპორტს. რა "შავ ქვად" სჭირდებათ, როდესაც მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა ეს პასპორტები. ქართული პასპორტით კი სადაც უნდა, იქ წავა. უამრავი უპირატესობა აქვს ქართულ პასპორტს. ნეიტრალური პასპორტის პროექტი არის რაღაც პიარკამპანიის ნაწილი, რომელსაც საერთო არ აქვს რეალობასთან. მე როდესაც მეკითხებიან აფხაზები, თუ რა განსხვავებაა ქართულ და ნეიტრალურ პასპორტს შორის, ვპასუხობ, რომ ნეიტრალური არის ბლეფი და ქართული ნამდვილი.
- ჩამოთვალეთ პროექტები, რომლებმაც არ გაამართლა. რა პროექტი უნდა შეიქმნას, რათა სიტუაცია გამოსწორდეს და მოხდეს ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოება?
- პირველ რიგში, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკური და სტატუსური საკითხები. უნდა გადავიდეთ სოციალურ საკითხებზე და ამისთვის გაშლილი ფრონტი უნდა იყოს. ჯანდაცვის სტრატეგია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ამაყობს, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოდის. აღნიშნულ დროს აფხაზეთის მმართველები აძლევდნენ მოსახლეობას საშუალებას, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ემკურნალათ. ახლა კი, თუ აფხაზებს უნდათ უფასოდ მიიღონ მაღალკვალიფიციური მკურნალობა, ღებულობენ საქართველოს მოქალაქეობას, ღებულობენ უმწეობის ცნობას, რომ მათ აქვთ არ შემოსავალი და მკურნალობენ უფასოდ. ეს სტრატეგია ცოტა უსინდისოდ მოიქცა და ყველა წარმატებული ორმხრივი პროექტი ცალმხრივად აქცია. როდესაც ქართული მხარე აღიარებდა აფხაზეთს კონფლიქტის მხარედ, შეიქმნა ორმხრივი პროექტი. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტმა ეს აქცია ცალმხრივ პროექტად და მთელ მსოფლიოში ტრაბახობს, რომ მე მაქვს ასეთი წარმატებული ჯანდაცვის პროექტი, მაგრამ ეს არ არის მისი წარმატება, ეს არის შევარდნაძის პერიოდის წარმატება. ვფიქრობ, რომ უნდა დავაბრუნოთ ორმხრივ პროექტად, გავუჩინოთ აფხაზებს განცდა, რომ ისინიც მონაწილეობენ ამ პროექტში. ადამიანი საქართველოს პასპორტს იღებს და ღებულობს უფასოდ მკურნალობას, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანს ხელში ჰქონდეს აფხაზური პასპორტი და ვთქვათ, რომ ის არის საქართველოს, ჩემი მოქალაქე და აფხაზების პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი კიდევ ერთი მოწმობა. მე ამ შემთვევაში ვიტყოდი, რომ აფხაზების პასპორტები არის საქართველოს შიდა მოხმარების პირადობის მოწმობები და ამ პირადობის მოწმობებით ვახორციელებთ შეზღუდულ მომსახურეობას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ასეთი ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ სიარული. 3-4 წელიწადში ეს გამოიღებს შედეგს, რომ შემდეგი სწორი ნაბიჯები განვახორციელეთ.
- რაც შეეხება რუსეთში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც დემოკრატიულ პროცესებად აფასებენ. ვარაუდობენ "არაბული გაზაფხულის" გაგრძელებასაც. რამდენად მოსალოდნელია რუსეთში პუტინის ხელისუფლების დამარცხება?
- რუსეთში გამორიცხულია "არაბული გაზაფხულის" გაგრძელება. არაბულ გაზაფხულებში ხელისუფლებლის სრული მიუღებლობა იყო მასთან დაპირისპირებული რადიკალური მხარის მიერ. ასე იყო ეგვიპტეში, ტუნისში, ლიბიაში და ახლაც ასე ხდება სირიაში. მესამე და მეოთხე ძალები არ არსებობდა. მკაფიოდ გამოკვეთილი იყო ორი ძალა - ავტორიტარული მმართველობა და ავტორიტარიზმის მიუღებელი გაერთიანება, სადაც იყო უამრავი ხალხი. ასეთი რამე რუსეთში არ ხდება. რუსეთში "ლიბერალურ-დემოკრატიული" ფრთა არის ბოლოში. პუტინის ზურგში სუნთქავს ევროპისთვის ყოვლად მიუღებელი ორი ძალა - კომუნისტები და ფაშისტები ჟირინოვსკის სახით. ესენი ერთიორად წინ არიან, ვიდრე ლიბერალ-დემოკრატები, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან. ლიბერალ-დემოკრატები მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში არიან ძლიერები, სხვა ქალაქებში კი ძალიან სუსტები. პუტინმა მოახერხა, რომ ეს ხალხი არ მონაწილეობს არჩევნებში. თუ ვინმე შეიძლება პუტინის ნაცვლად მოვიდეს, რაც ჰიპოტეტურად გამორიცხული არაა, ეს შეიძლება იყოს კომუნისტები ან ჟირინოვსკი, ან ორივე ერთად, რაც ევროპისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება. პუტინი ძალიან ცინიკურად და უტიფრად სპეკულირებს, როდესაც ამბობს - "ხალხო, ნახეთ, ვინ მოდის ჩემ მაგივრად ხელისუფლებაში?!" პუტინი კარგად ყიდის თავის არადემოკრატიულობას. პუტინი არის მოდერნიზირებული ავტორიტარული მმართველი, რომელიც ცდილობს საბჭოთა კავშირის იდეოლოგია შეინარჩუნოს. ის ძალა, რომელიც ევროპულია, ძალიან ცოტაა, რაც გამორიცხავს რევოლუციებს. პუტინის მმართველობა კიდევ უფრო გამკაცრდება. ვფიქრობ, პუტინმა შეიძლება გაითამაშოს დემოკრატიულობა და დაუშვას მეორე ტური. ეს იქნება ბლეფი, ცინიზმი, მაგრამ ამან შეიძლება იმუშაოს დასავლეთზე.
- დაბოლოს, მინდა გკითხოთ საქართველოზე. 2012 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უპირველესად საპარლამენტო არჩევნების კუთხით. რა იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
- თუ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, როგორც ობამამ მოუწოდა სააკაშვილს, ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. პარლამენტში არ იქნება მხოლოდ ერთი ძალა. ჩემთვის მიუღებელია აბსოლუტურად ერთპარტიული სისტემა. პარლამენტი იმისთვის შეიქმნა, რომ მრავალ პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, მოემსახუროს სახელმწიფოს ინტერესებს და თავის თავსაც. არჩევნების არგაყალბების შემთხვევაში, საქართველოს უნიკალური შანსი ეძლევა, აჩვენოს მსოფლიოს და თავის თავსაც, თუ როგორ შეიძლება კონკურენტუნარიან გარემოში ქვეყანა მართო და ყველა მხარის ინტერესები გაითვალისწინო. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ ისევ მოინდომა უმრავლესობაში ყოფნა, მაშინ ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რყევები. ამ შემთხვევაში მსოფლიოსგან მხარდაჭერა არ იქნება, გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს და არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ხელისუფლება დაუახლოვდეს რუსეთს. ავტორიტარიზმის შენარჩუნებაში არავინ დაეხმარება, გარდა რუსეთისა. თუ სააკაშვილმა რეჟიმი შეუნარჩუნა, ამან შეიძლება შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს. თუ ასე არ მოხდა, არავინ მოუწონებს ივანიშვილსაც და სხვებსაც, რომ დაიწყონ "ნაციონალური მოძრაობის" შევიწროება. ქვეყანა უნდა დაადგეს გზას, როდესაც ჩვენ განსხვავებულებს ვიტანთ, ვთანამშრომლობთ და ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი