არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმიანება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტს და პარლამენტის წევრებს საქმიანობის მაქსიმალური საჯაროობისკენ მოუწოდებს. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, მაქსიმალურად უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
"პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს. ის არჩეულია ხალხის მიერ, შესაბამისად, პარლამენტის ნებისმიერი წევრი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილმა, რომელიც მედიის საქმიანობას ეხება და ვიდეოგადაღების ნაწილობრივ აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, შეამცროს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის ხარისხი, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება პარლამენტის საქმიანობაზე, შესაძლოა, მუშაობის პროცესი ნაკლებად გამჭვირვალე გახდეს", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.