რესპოდენტის შესახებ
- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლისას აცხადებდა, რომ ის გამორიცხავდა ხელისუფლებასთან ბრძოლას აქციების გზით, ახლა კი, როგორც ჩანს, ეს პოზიცია შეიცვალა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მასში ამ პოზიციის ცვლილება?
- არ გინახავთ ადამიანი, რომელიც ქეიფში მიდიოდეს და არ აპირებდეს დალევას, შემდეგ კი სუფრა ისე წავიდეს, რომ თავი ვეღარ შეიკავოს დალევისგან?! სიტუაცია იცვლება და ამ სიტუაციის ერთ-ერთ პლუსად შეიძლება იქცეს ის, რომ ის თავის პოზიციას არ იყოს მიჯაჭვული. როგორც მე ივანიშვილის ინტერვიუდან დამრჩა შთაბეჭდილება, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების შეცვლას ქუჩის საშუალებით და ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთ გზად არჩევნები მიაჩნია. თუ არჩევნები გაყალბდება, მან არ გამორიცხა ამ გაყალბების წინააღმდეგ ქუჩის აქციები ხმების დასაცავად და არა ხელისუფლების შესაცვლელად. საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უფრო ღრმად შემოსვლის შემდეგ მან უფრო მკაფიოდ დაინახა როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება. თვითონ საზოგადოებაც იმ აზრზეა, რომ გამარჯვების ალბათობა უფრო მაღალია, თუ ყველა კარიდან შეუტევენ ციხე-სიმაგრეს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ქუჩის აქციები და უარი ამ მიმართულებით შეიძლება არ იყოს პოლიტიკურად გამართლებული.
- როგორც ფიქრობთ, მისი ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს ერთგვარ მზადყოფნას, რომ ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ არჩევნები საკმარისი არ იქნება?
- ივანიშვილი პესიმიზმში მარტო ამ განცხადებიდან რომ დავადანაშაულოთ, არ იქნება მართებული, იმიტომ, რომ საქართველოში ბევრი იძახის და არ ვამტყუნებ მათ, რომ არჩევნების მოგება შეუძლებელია იქ, სადაც ამხელა მანქანა მუშაობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამიტომ არის ლაპარაკი კანონის შეცვლაზე, კლიმატის შეცვლაზე, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და ა.შ.. ადამიანი რომ არ იყოს დარწმუნებული, რომ მისი მხარდამჭერების ხმებს არ მოიპარავენ, ამაში გასაკვირი არაფერია.
- რა შედეგების მომტანი იქნება ქუჩის აქციები მისთვის?
- ბოლო პერიოდში აქციების მიმართ ჩამოყალიბდა დამოკიდებულება, რომ მან თავისთავად რაღაც შედეგი უნდა მოიტანოს. აქციები პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა. აქციებს, არჩევნების მსგავსად, სჭირდება კარგი ორგანიზება, ძალისხმევა, მობილიზაცია, ნაბიჯებისა და სტრატეგიის გათვლა, ავტომატური მოგება მარტო აქციებს არ მოაქვს. ბოლო პერიოდში მექანიკური აქციები გვქონდა. ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ხალხის გამოსვლა იყო ფინალური წერტილი, რითაც პოლიტიკური პარტია კმაყოფილდებოდა. მხოლოდ ხალხი მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური, კანონიერი, კონსტიტუციური გზით, ისე მოქმედების გეგმა, რომ შედეგი მიიღოს, თორემ მარტო ხალხის გამოსვლით არაფერი კეთდება. ხალხის გამოსვლის პარალელურად, ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობაა საჭირო. ბევრკომპონენტიანია ის, რასაც არჩევნები და აქციები ჰქვია. არაბული ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ: ვხედავთ იქ, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ქუჩის აქციების გზა უფრო რისკიანი და მძიმე პროცესია. რა შედეგების მომტანი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯების სტრატეგია. შევარდნაძის დროს სააკაშვილის მხრიდან არჩევნების გაპროტესტებამ შედეგი გამოიღო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯები გათვლილი იყო ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგიასთან მიმართებაში, ამერიკულ წარმომადგენლობასთან, მთელ დასავლურ სამყაროსთან. სააკაშვილს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების პირებთან, რაც გამოიხატა იმაში, რომ ფაქტობრივად ყველამ გზა გაუხსნა და არავინ შეეწინააღმდეგა. სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის გუნდს ინტენსიური კავშირი ჰქონდა რეგიონებთან. ეს გუნდი უამრავი მიმართულებით ერთდროულად მოქმედებდა, ამ ყველაფერს ჰქონდა მოძებნილი თავისი ადგილი, ერთმანეთთან კარგად იყო დაკავშირებული და სწორედ ამან მოიტანა შედეგი და არა ხალხის რაოდენობამ. 35 000 ათასი კაცი იდგა მაშინ ქუჩაში და ამ რაოდენობის ხალხის ქუჩაში გამოყვანას არაფერი არ სჭირდება.
- როგორ ფიქრობთ, ის კომპონენტები, რომელიც თქვენ ახსენეთ, რამდენად აქვს ბიძინა ივანიშვილს?
- ამ კომპონენტებიდან უცხოელებთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, უკვე არის. ამერიკულ მხარესთან კონტაქტი, ელჩების მხრიდან ივანიშვილთან ურთიერთობის დამყარება, მედიასაშუალებების დათმობა - ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონებში მუშაობა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ამისთვის დრო არის. აღმასრულებელ ელისუფლებასთან მუშაობა კი ისეთი საკითხია, რომ ამას ბოლოში გავიგებთ.
- დაბოლოს, რამდენადაა ხალხი მზად მორიგი საპროტესტო აქციებისთვის?
- ხალხი ნამდვილად მზადაა, არჩევნების გზით იბრძოლოს, მაგრამ თქმა იმის, რომ ამავე განწყობაზე იქნება ხალხი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ძნელია. ის ემოცია, რაც გაყალბების დროს ადამიანს უჩნდება, რომ თითქოს მეობას ართმევენ, ქართველისთვის მნიშვნელოვანია ხოლმე. ჩვენს ხალხს ემოციური აფეთქება სჩვევია. გამორიცხული არ არის, რომ თუ არჩევნებში გაყალბებას ექნება ადგილი, ხალხი სხვა ხასიათზე იყოს. ხალხს მართებულად მიაჩნია, რომ გამარჯვების ერთადერთი გზა არის არჩევნები, მაგრამ თუ არჩევნები გაყალბდა, იმ გამყალბებელს საზოგადოებისგან შესაბამისი სასჯელიც ექნება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი