რესპოდენტის შესახებ
ციტატა: `...არსებობს მოარული ხმა, რასაც გვიდასტურებს რამდენიმე უცხოური წყარო _ სირიელი სომხების შეძლებულ ნაწილს უნდა, რომ გაერიდოს სავარაუდო სამოქალაქო ომს სირიაში და თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას. ამ მოარული ხმის მიხედვით, ეს ქვეყანა საქართველოა. ხაზს ვუსვამ, _ შეძლებულ სომხებზეა ლაპარაკი. ამ ხმის რეალობას ისიც ადასტურებს, რომ...~
როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში და აღმოვჩნდებით თუ არა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში? ლაპარაკი მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე არაა. საქმე ჩვენს ძველ მეზობელ ირანს ეხება _ ცხელი ირანული გაზაფხული სამხრეთ კავკასიაზეც აისახება. `ქართული სიტყვა~ კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, კულუარული ინფორმაციით, ქალაქი ლაზიკა ამერიკელების დაკვეთა-დაფინასებით უნდა აშენდეს და, ირანთან ომის შემთხვევაში, თეთრი სახლი ლაზიკას სამხედრო პლაცდარმად გამოიყენებს...
_ მცდარი ინფორმაციაა. პლაცდარმად შეიძლება, ის ადგილი გაოიყენო, სადაც აეროდრმია. საქართველოში არის აეროდრომები, რომლებიც ბევრად ახლოსაა ირანთან და სულაც არ არის საჭირო ლაზიკას აშენება.
_ რომელ აეროდრომებს გულისხმობთ?
_ მაგალითად, სამხრეთ საქართველოში, დედოფლის წყაროს რაინში შირაქის აეროდრომს... აეროდრომი მარნეულის რაიონშიცაა. მოკლედ, იმის თქმა, ლაზიკა იმისთვის უნდა აშენდეს, რომ იქიდან ირანი დაიბომბოსო, სრული სისულელეა.
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, სადავ ლაზიკა უნდა აშენდეს, პორტისთვის კარგი ყურეა და აშშ-ს, თურმე, სწორედ ეს აინტერესებს......
_ თუ საპორტო ნაგებობას გულისხმობთ, ბათუმშიცაა, ფოთშიც და საამისოდ ლაზიკას რატომღა ააშენებენ? საქმე სულ სხვა რამეშია _ შეუმოწმებელი ინფორმაციით, შემიძლია გითხრათ, რომ ლაზიკა შეიძლება, იმ ფულით აშენდეს, რომელიც ევროსტრუქტურებმა მუსულმანი მესხების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის გამოყვეს. 2012 წელს ყველა ვადა მთავრდება და საქართველოს მთავრობა იძულებულია, მუსულმანი მესხები საქართველოში დააბრუნოს. მათ სჭირდებათ განსახლების არეალი. რიგი მიზეზების გამო, ჯავახეთში მათი განსახლება არ მოხდება _ ჯავახეთში სომხური მოსახლეობაა, რომელიც მუსულმანებს ვერ აიტანს და დაპირისპირება მოხდება. მუსულმანი მესხების დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი განაცხადა, თანახმაა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხში განსახლდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, საქართველოს მთავრობაში ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ მუსულმანი მესხები კომპაქტურად დაასახლონ და ეს თანხა იმისთვის გამოიყენონ, რომ ქალაქი ლაზიკა ააშენონ. გარდა ამისა, არსებობს მოარული ხმა, რასაც გვიდასტურებს რამდენიმე უცხოური წყარო _ სირიელი სომხების შეძლებულ ნაწილს უნდა, რომ გაერიდოს სავარაუდო სამოქალაქო ომს სირიაში და თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას. ამ მოარული ხმის მიხედვით, ეს ქვეყანა საქართველოა. ხაზს ვუსვამ, _ შეძლებულ სომხებზეა ლაპარაკი. ამ ხმის რეალობას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლაა აფხაზეთის მთავრობაზე, რომ მან სირიაში მცხოვრები მუხაჯირების შთამომავლები მიიღონ.
_ ბატონო მამუკა, ამასწინათ განცხადეთ, რომ სირიელ მუხაჯირებს რუსული ორიენტაცია აქვთ. სირიელი სომხებიც რუსული ორიენტაციისანი არიან?
_ დიახ, სირიელი სომხები აბსოლუტურად რუსული ორიენტაციის არიან. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ დიდ პოლიტიკაში ლაზიკამ გარკვეული როლი შეასრულოს. თუ ეს ქალაქი აშენდა და თუ ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რეალობად იქცა, მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე პრორუსულად განწყობილ აფხაზებს მივიღებთ, მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ ლაზიკაში კი, _ პრორუსულად განწყობილ სომხებს და აშკარად პრორუსული განწყობის ორი ეთნოსის გარემოცვაში აღმოვჩნდებით. სირიელი სომხები, რომლებზეც ვლაპარაკობ, საკმაოდ შეძლებულნი არიან და თავისუფლად შეუძლიათ, ფული ჩადონ ისეთი ინფრასტუქტურის განვითარებაში, რომელიც ლაზიკის მშენებლობას დასჭირდება. სერიოზულ თანხებზეა ლაპარკი, ისე ქალაქი ვერ აშენდება. ლაზიკის ასაშენებლად ჯერ საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის მომზადება _ ჭაობების დაშრობა, ნაგებობებისთვის სერიოზული საძირკვლის ჩაყრა და სხვა რთული სამუშაოების ჩატარება, რაც ძალიან ძვირი დაჯდება. ასე რომ, ლაზიკა სახიფათო პროექტია როგორც ეკოლოგიური, ასევე, ეთნიკური თვალსაზრისით და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური კუთხითაც.
_ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური ირანის თემაა. საბოლოო ჯამში, როგორი იქნება ამერიკის პოზიცია?
_ ამერიკის ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა და არც აწყობს ირანთან კონფრონტაცია, რადგან წინ ნოემბრის არჩევნებია. თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელი არჩევნების წელია და აშშ ყველაფერს გააკეთებეს ისრაელის ირანზე სავარაუდო თავდასხმის შესაკავებლად. არჩევნების დროს ამერიკისთვის პოლიტიკურად წამგებიანია ამ ომში ჩართვა. ობამამ განაცხადა, 2012 წელს ყველა სამშვიდობო საშუალება იქნება გამოყენებული, რათა ისრაელსა და ირანს შორის შეირაღებული დაპირისპირება არ მოხდესო, თუმცა აშშ იმაზე პასუხისმგებლობას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2013 წელს, ვერ აიღებს. ობამას მხრიდან ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ არჩევნების დროს შეირაღებული დაპირისპირება თეთრ სახლს არ აწყობს, მაგრამ ისრაელის პოზიცია შეუვალია _ თუ ირანზე დარტყმას დააპირებს, მხოლოდ 12 საათით ადრე შეატყობინებს ირანის ადმინისტრაციას. 12 საათი საკმარისი დრო არაა და ირანის ადმინისტრაცია მობილოზებას ვერ მოასწრებს.
_ ირანი ისრაელთან დიდი ომის გასაჩაღებლად სერიოზულად ემზადება _ ატომურ ბომბს ამზადებს. თქვენი ვარაუდით, ირანს ატომური იარაღი, დახლოებით, რამდენ ხანში ექნება?
_ სხვადასხვა დასკვნით, ეს პროცესი ირანმა მაისში უნდა დაამთავროს. რანის მიერ ატომური ყუმბარის შექმნა ისრაელის სახელმწიფოს დამთავრებას ნიშნავს. დღევანდელი თეირანისა და იერუსალიმის ხელმძღვანელობას ერთმანეთის მიმართ ერთნაირი მიდგომა აქვს _ კართაგენი უნდა დაინგრეს! ისრაელისთვის ირანია კართაგენი, ირანისთვის კი _ ისრაეალი. ორივე ქვეყანა უკომპრომისოა. ამიტომაც, ვითარება რთულია და მესამე ძალის ჩარევამ შეიძლება, მდგომარეობა ვერ შეცვალოს, თუმცა ამ პროცესში ჩართვა მთელ მსოფლიოს შეუძლია და ასეც ხდება _ ირკვევა, რომ ირანში ისევ მიემგზავრებიან საერთაშორისო ორგანიზაცია `მეგატე~-ს ატომური საქმის სპეციალისტები, რომლებიც რევიზიას ჩაატარებენ იმ ობიექტებზე, სადაც ატომური ნივთიერებები მუშავდება. ისრაელის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რომ ირანს ხელი შეეშალოს ატომური პროექტის რეალიზაციაში. ისრაელის ხელისუფლება იმდენად შორს წავიდა, რომ უკვე ირანის ტერიტორიაზე ანადგურებს იმ პიროვნებებს, რომლებიც ირანის ატომურ პროექტში მონაწილეობდნენ. მაგალითად, სამი ირანელი მეცნიერია დაღუპული, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გენერალი მოკადამი, რომელიც მოსად-მა პირდაპირ ირანის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ააფეთქა. როგორც ჩანს, ისრაელის სპეცსამსახურები მხოლოდ ირანელ კი არა, იმ რუს სპეციალისტებზეც იწყებენ ნადირობას, რომლებიც ირანს ატომური პროექტის რეალიზაციაში იღებენ მონაწილეობას. ასე რომ, სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია.
_ ბატონო მამუკა, მინდა, ისევ სომხურ თემას დავუბრუნდე და ნიკოლა სარკოზის განცხადებას შევეხო, სომხების გენოციდი საფრანგეთის ყველა მოქალაქემ უნდა აღიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან 12 წლით წავა ციხეში, ან 45 000 ევროს გადაიხდისო. არის თუ არა ეს ადამიანის უფლების შელახვა?
_ საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ნორმებში არის ასეთი დეფინიცია _ შეიძლება, შეილახოს ადამინის უფლებები, კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის უფლებები იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება სხვა ადამიანთა დიდი ჯგუფის უფლებების დაცვას. საფრანგეთის პოზიცია ძლიერი სომხური ლობის გავლენითაა განპირობებული, რომელიც ამ შემთხვევაში, სარკოზის გვერდით დგას. თუ სარკოზი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, არ იყო გამორიცხული, რომ სომხური ლობი მისი მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულიყო. საფრანგეთში სარკოზის საემიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ამიტომ, საფრანგეთში ნაციონალისტური ტალღა ძლიერია _ რიგ რეგიონებში ნაციონალისტებმა უკვე მოიგეს ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები. სარკოზიმ გადაწყვიტა, რომ ნაციონალისტებს ე.წ. პატრიოტული მიდგომა დაუპირისპიროს და განაცხადა, საფრანგეთი იბრუნებს გავლენას მსოფლიოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ადრე ჰქონდაო და ამ `ტერიტორიებში~ წინა აზია იგულისხმება. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კავკასიაში რამდენიმე თვის წინ სარკოზის ვიზიტი. ასევე, ამის გამოძახიალია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განუწყვეტელი განცხადებები, რომ ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში, საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაებმება. საფრანგეთს ტრადიციული გავლენა ჰქონდა სირიაში, ლიბანში და ამ გავლენის დასაბრუნებლად აუცილებლად იბრძოლებს.
_ რუსეთი გულ-ხელ დაკრეფილი არაა და ე.წ. ირანული ომისთვის ემზადება. რას მოუტანს ეს ომი რუსეთს?
_ გასული წლის დეკემბრიდან, რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა სამხრეთისკენაა მიმართული. დამრტყმელი ძალა, საზღვაო თავლსაზრისით, თავმოყრილია კასპიის ზღვის რეგიონში. რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი _ `ადმირალი კუზნეცოვი~ სირიის ტერიტორიულ წყლებშია. გარდა ამისა, აბსოლუტურად მობილიზებული და საბრძოლო მდგომარეობაშია #2, 49-ე და 58-ე არმიებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში არიან განლაგებულნი, თუმცა არ მგონია, რომ ირანზე აგრესიის სემთხვევაში, რუსეთმა ღიად დაუჭიროს მხარი ირანს, რადგან ამის საშუალება დღეს რუსეთს არ აქვს. თუ რუსეთის სტრატეგიულ პატრნიორს, ირანს დამარცხების საფრთხე შეექმნება, რუსეთი შეეცდება, ასე ვთქვათ, წელში გადატეხოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეები _ აზერბაიჯანი და საქართველო. რუსეთი იმოქმედებს პრინციპით, კბილი კბილის წილ... ირანის დამარცხების შემთხვევაში, აშშ-სა და დასავლეთის სამხედრო ძალები სომხეთის საზღვრებზე გამოჩნდებიან, რაც რუსეთისთვის სომხეთის თანმიმდევრულ დაკარგვას გამოიწვევს. 102-ე ბაზას, რომელიც სომხეთშია განლაგებული, რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ბაზა სამხედრო აღჭურვილობას და საკვებს საჰაერო გზით იღებს, რომელიც საქართველოზე გადის _ სოხუმიდან თვითმფრინავებს გააქვთ. საწვავს და იარაღის დიდ ნაწილს კი, _ ირანიდან. ომის შემთხვევაში, არაა გამორიცხყული, ირანიდან შემომავალი გზები ჩაიკეტოს და 102-ე ბაზა მომარაგების გარეშე დარჩეს. ასეთ დროს რუსები საქართველოს ტერიტორიაზე კორიდორის გაკეთებას მოინდომებს, რომ თავისი ბაზა მოამარაგოს და ამ კორიდორის სავარაუდო მარშრუტი იქნება _ ცხინვალი-ბორჯომი-ახალქალაქი, რაც ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ისე, მგონია, რომ ირანთან ომის შემთხვევაში, საქართველოს არ ექნება მთავარი ფუნქცია და ჩვენთან მხოლოდ დასავლეთის მისიები განთავსდება. საქართველოს ტერიტორიადან არ მოხდება ირანზე დრტყმა იმიტომ, რომ ამისთვის აშშ-ს ჰყავს მე-5-ე ფლოტი, რომელიც სპარსეთის ყურეში იმყოფება, თურქეთის ტერიტორიაზე კი, აერდრომებია, მაგრამ ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია ჩართული აღმოჩნდება ამ პროცესებში.
_ მაინც, რა ფორმით?
_ ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს.
ესაუბრა მარიკა კახაძე
გაზეთი "ქართული სიტყვა"