ENG / RUS       12+

როდესაც გაღმა მოდავეს გამოღმა აღარ შერჩება!

რამდენიმე ხნის წინათ სამსახურიდან გამოსულს ჭარმაგი კაცი შემხვდა და მკითხა საავადმყოფო საით არისო? მივასწავლე. უკანა გზაზე ისევ ის მოხუცი გადამეყარა, მიცნო და დარდი ვეღარ დამალა: „ესაა შვილო საქმე? უბრალო გასინჯვაში 40 ლარი მომთხოვეს, პენსია კი სულ 80 ლარი მაქვსო!" ეს ისტორია მაშინ გამახსენდა, როდესაც რაიონული საავადმყოფოების გახსნის დროს მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას არწმუნებდა‎"...საქართველოს მოქალაქეები მკურნალობენ ისეთ კლინიკებში, რომლებზეც ათჯერ უფრო მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები ნატრულობენ...!" ადვილი წარმოსადგენია რა შთაბეჭდილება შეექმნებათ (ან უკვე შეექმნათ) იმ რაიონების მცხოვრებთ ქვეყნის პრეზიდენტზე და ზოგადად ხელისუფლებაზე, როდესაც ახლადგახსნილ საავადმყოფოებში მისულთ დახვდებათ განსხვავებული რეალობა --იგივე დონის სამედიცინო მომსახურება ოღონდ გაორმაგებული ფასებით და სხვა უსიამოვნო „სიურპრიზები". ინფორმირებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ მხოლოდ 1,5 მილიონ ლარის ინვესტიციით (ერთი თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფის ფასი) ულტრათანამედროვე კლინიკას ვერ ააშენებ. მსგავსი მდგომარეობაა სხვა სფეროებშიც. თუმცა, როგორც ერთ-ერთ ამასწინანდელ საგაზეთო ინტერვიუში, მწერალმა ნაირა გელაშვილმა ზუსტად შენიშნა, "უმეტესობა სიამოვნებით მონაწილეობს "ნადიმში შავი ჭირის დროს." ამ პროცესის ინიცირებას კი თავად სააკაშვილი ახდენს, რომელიც აქტივობის მოზღვავების მორიგ ფაზაშია და ცდილობს ხალხის დარწმუნებას იმაში რაც სინამდვილეში არ არსებობს.

სააკაშვილის დილემა

ვერბალიზაცია ყოველთვის ითვლებოდა სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ და მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ის ჯერჯერობით უკონკურენტოა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, მისი ეს იარაღი თანდათანობით ჩლუნგდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მის საინფორმაციო-პოლიტიკურ დრამატურგიაში გაჩენილი ის ახალი ელემენტებია, რომლებმაც სააკაშვილს პოლიტიკური თუ პროპაგანდისტული კუთხით ალბათ უფრო მეტი დააკარგვინეს ვიდრე შესძინეს. რთული ასახსნელია რატომ გადაწყვიტეს სააკაშვილმა და მისმა მრჩევლებმა ჰუმანური დანიშნულების მქონე აქციის -საავადმყოფოს გახსნის გადაქცევა პოლიტიკურ ოპონენტების და ქილიკის ინსტრუმენტად. როგორიც არ უნდა იყოს მათი გემოვნება, ამ პიარ-კამპანიის სერიოზული ხარვეზი გახდა სააკაშვილის გამოსვლებში სულ უფრო მზარდი სიყალბე და სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი დაუფარავი სიძულვილი, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პლურალიზმთან და ზოგადად დემოკრატიული ლიდერის მმართველობის სტილთან. გარდა ამისა, სიყალბეზე დაფუძნებული პიარ-კამპანია სწრაფი სიკვდილისათვის არის განწირული.

არცთუ ისე რთულია დაინახო ამ პიარ-კამპანიაზე საზოგადოების რეაქცია, თუნდაც სოციალურ ქსელებსა და დამოუკიდებელ მედიაში. პრეზიდენტის რაიონებში ვიზიტები, საავადმყოფოების თუ სხვა ობიექტების გახსნა უკვე დაიხუნძლა პიკანტური და ხელისუფლებისთვის უსიამოვნო დეტალებით, რომელთაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეცნობა. კიდევ ერთი თვალშისაცემი სიყალბე რომელიც უკვე ნაკლებად ჭრის, არის მუდმივი აპელირება იმაზე რომ შევარდნაძის კლანის წარმომადგენლებს ჰქონდათ „დაპრივატებული აქაურობა." დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ამ კუთხით თუკი რამე შეიცვალა, მხოლოდ გვარ-სახელები, რომლებიც უკვე ამჟამინდელ სახელისუფლებო კლანებთან ასოცირდება. სააკაშვილის ძალიან ბევრ მსმენელი ასევე სიყალბედ აღიქვამს მისი განცხადებას, რომ „დღეს სამართლიანობის განცდა დაბრუნდა" რომ „დღეს არავინ არ გძარცვავთ, არავინ ფულს არ გაგლეჯთ, არავინ არ გატერორებთ და არ გაშანტაჟებთ." ამ სიტყვების გამგონეს მეხსიერებაში უმალვე ამოუტივტივდება უსამართლოდ დაპატიმრებულ მოქალაქეებთან მასობრივი საპროცესო გარიგებების, კერძო საკუთრების ჩამორთმევის, ზეწოლის შედეგად ბიზნესების ხელისუფლებისათვის „ნებაყოფლობით" მასობრივად გადაბარების და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები.

ბოლოდროინდელი ფრაზეოლოგია და ქცევის წესი სააკაშვილს თანდათანობით აშორებს ევროპული ყაიდის ლიდერის იმიჯისგან და ტოტალიტარულ სახელმწიფოებისთვის შესაფერის ლიდერთა რიგებში ჩაყენებით ემუქრება. მართლაც რთულია მოიძიო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ისეთები, რომლებიც ურთულესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დროსაც კი იმგვარი შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდენ საზოგადოების ნაწილს, როგორითაც მიხეილ სააკაშვილი. „პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, ურჩხულები, ბნელეთის მოციქულები, კორუფციის სიმბოლოები, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვის უდიდესი სპეციალისტები" და ა.შ მხოლოდ მცირე ამონარიდია მისი ახალი ლექსიკიდან, რომელიც სწორედ ავტორიტარული ლიდერების ლექსიკას გვაგონებს.
სააკაშვილი აშკარად დასწრებაზე თამაშობს. იგი ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოასწროს მისთვის მიუღებელი საზოგადოების დისკრედიტაციაში, რადგანაც იცის, რომ ცოტა ხანში როდესაც წინასაარჩევნო მარათონი გახურდება, ის საზოგადოება იგივე ბრალდებებს მას შეუბრუნებს და არცთუ უსაფუძვლოდ.
პოლიტიკური ველი იმავდროულად საინფორმაციო ველიც არის, რადგანაც მისი რეალიზაცია მუდმივ საინფორმაციო ნაკადებით ხდება. თვითოეულ პოლიტიკურ-საინფორმაციო-ველს თავის სიმბოლოები ახლავს. ამიტომაც არის რომ სააკაშვილის შეფასებებში მკვეთრად არის გამოხატული ორი პოლუსი: სააკაშვილის ეპოქის „სამართლიანი" გარემო, „ეფექტური ხელისუფლება", „პროგრესი" „განვითარება" და შევარდნაძის დროინდელი „კორუფცია," „ჭაობი" სტაგნაცია" „უშუქობა" და სხვა.
თუმცა სიმბოლიზაციასაც გონივრული ზღვრები აქვს. სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ" კი ამ მხრივ აშკარად გადააბიჯეს ამ ზღვარს.
ცნობილია, რომ პროპაგანდა მოსახლეობაში ქმნის როგორც ინფორმაციულ კომფორტს ასევე დისკომფორტს. შესაძლოა ხელისუფლების ლამაზად გაფორმებული სიყალბე გარკვეული პერიოდის მანძილზე ქმნიდა ასეთ კომფორტს გარკვეული კატეგორიის ჯგუფებისათვის, მაგრამ სადღეისოდ დიდი ალბათობით ის ინფორმაციულ დისკომფორტს უფრო ქმნის, რადგანაც ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალებებზე სულ უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი.
სამწუხაროდ ნიშანწყალიც არ ჩანს, რომ ხელისუფლება არჩეული კურსის კორექტირებას აპირებს. უფრო მეტიც, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერნი სამოქალაქო დაპირისპირების გზას ირჩევენ პრინციპით - "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია." ამაზე მეტყველებს როგორც სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლების ვერბალური პასაჟები, რომ ხელისუფლების ოპონენტთა უმეტესობა, თურმე რეგრესისთვის იბრძვის ?! გახშირდა „სხვაგვარად მოაზროვნეებზე" დევნა, რომლის თვალსაჩინო მაგალითიც გახდა ახლახანს საჩხერეში 15 ახალგაზრდაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გამო.

ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ და მის ირგვლივ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირებამ, სამოქალაქო დაძაბულობის კონტურები კიდევ უფრო გამოკვეთა და აშკარად გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ირღვევა დემოკრატიის ერთ ერთი უმთავრესი ატრიბუტის პლურალიზმის - იდეებისა და პოლიტიკური პლატფორმების თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპი. სააკაშვილისთვის და „ნაცმოძრაობისათვის" რომლებიც სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე ირწმუნებიან, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვთ, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ოპონენტებთან თავისუფალ პოლიტიკურ და მედია გარემოში ცივილიზებული კონკურენცია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯერჯერობით სხვა გზით მიდის. ის ცდილობს საინფორმაციო-პოლიტიკური ველი მართოს ე.წ. „კრიზისული კომპონენტით" და ეს კრიზისულ კომპონენტი არის „რუსული საფრთხე" და მისი დასაყრდენი ადგილობრივი „მეხუთე კოლონა." სახელისუფლებო მედია-საშუალებები გადავსებულია „ნაცმოძრაობის" იდეოლოგთა გზავნილებით რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ამოფარებულ ივანიშვილის რუსული წარმომავლობის და კრემლის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ფულს ქვეყანაში ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია და ამიტომაც მას არჩევნების წინ გასაქანი არ უნდა მიეცეს. ერთ-ერთ პუბლიკაციაში პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ხელისუფლების ამოცანა -მინიმუმი: ჩავატაროთ არჩევნები იმ სტანდარტებით, რასაც დასავლეთი გვიყენებს; და არ გავამარჯვებინოთ ანტიმოდერნისტულ ძალებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ რომ 2012 წლის არჩევნების სცენარი უკვე წინასწარ არის დაწერილი „ნაცმოძრაობის" კაბინეტებში.

ამ კუთხით, ნიშანდობლივია Freedom House-ს 2012 წლის მოხსენება, რომლის თანახმადაც 2009 წლის შემდეგ საქართველომ ვერა და ვერ მოახერხა „არჩევითი დემოკრატიის" სტატუსის დაბრუნება. ეს კი ირიბად ნიშნავს იმას, რომ ვერც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ აღიარა, დასავლეთისთვის ვერ გახდა ჩვენთან საარჩევნო პროგრესის ინდიკატორი.

Freedom House-ს რომ წინასაახალწლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებზე" კანონში შეტანილი დრაკონული ცვლილებები სცოდნოდა, მისი ანგარიში საქართველოზე ალბათ უფრო დამძიმდებოდა. ადგილობრივ დამოუკიდებელ იურისტთა შეფასებით აღნიშნული ცვლილებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სერიოზულად უზღუდავს სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის საშუალებას. სურათი კიდევ უფრო დაამძიმა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებამ რომლის თანახმადაც კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს პოლიტიკური პარტიების და მასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების ქონებაზე თუ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გადაწყვეტილების უფლება მიენიჭა. მაშინ როდესაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი საკმაოდ ბუნდოვან განმარტებას იძლევა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებზე, ყადაღის წნეხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელსაც პოლიტიკურად არცთუ ნეიტრალური მონიტორინგის სამსახურის უფროსი სუბიექტურად მიიჩნევს პარტიასთან დაკავშირებულად. მართალია, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია მიღებულ ცვლილებებს ზოგადად დადებითად აფასებს, დიდია ალბათობა რომ ისინი საქართველოში არსებულ რეალობებში კარგად ვერ ერკვევიან და არ იციან, რომ ოპოზიციისაგან განსხვავებით მმართველ პარტიას შეუზღუდავად მიუწვდება ხელი როგორც კერძო ისე საბიუჯეტო თანხებზე.

დღევანდელი მოცემულობით, საარჩევნო გარემო ისეთია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს იმ შემთხვევაშიც კი თუკი მისი პოპულარობა 20-30% არ ასცდება. ახალმა საარჩევნო კოდექსმა კიდევ უფრო გააფართოვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბები და შეამცირა მათზე კონტროლის მექანიზმები, პრაქტიკულად იგივე რჩება მედია გარემო და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. რა თქმა უნდა არსებობს მცირე იმედი იმისა, რომ აშშ-ს და ევროპის ზეწოლით ხელისულება დათანხმდეს საარჩევნო გარემოს ოდნავ გადემოკრატიულებაზე. ბევრი რამ გაირკვევა სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრის შემდეგ, მათ შორის ისიც გადადგება თუ არა ვადაზე ადრე სააკაშვილი იმისათვის, რომ სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიას. ჩვენი მედია და საექსპერტო სივრცე სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე ვარაუდების ნაკლებობას არ განიცდის. ამასთან დაკავშირებით ერთი რამ შეიძლება ითქვას. კონსტიტუციით გამოყოფილი ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა რაიმე ფორმით, მას სამუდამოდ ამორიცხავს დემოკრატ და ევროპული ყაიდის პოლიტიკოსთა სიიდან და სამუდამოდ მიაკერებს პროვინციელი ავტორიტარი ლიდერის სახელს. ამის პროპორციულად შემცირდება მისი და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობის ხარისხი, აქედან გამომდინარე შედეგებით. თუ საკითხს წმინდა პოლიტექნოლოგიური კუთხით შევხედავთ, თუ სააკაშვილის პოპულარობის კლება, რაც სახეზეა, გაგრძელდება, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობისთვის" სააკაშვილის სიის სათავეში ყოფნა შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს. თუ სააკაშვილმა პოპულარობის არსებული დონე მაინც შეინარჩუნა, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს მისთვის სიის პირველ ნომრად ჩაწერის კრიტიკული აუცილებლობა, რადგანაც მოსახლეობის თვალში „ნაცმოძრაობა" ისედაც სააკაშვილშია განსხეულებული და ის ისედაც მოიაზრება პარტიის ფაქტობრივ პირველ ნომრად. არსებული საარჩევნო კოდექსი მას აძლევს სრულ კარტ-ბლანშს რაც შეიძლება აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში.

ამავე დროს, სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ძალიან გაუჭირდებათ პირნათელი წარდგნენ დასავლეთის წინაშე თუკი საპარლამენტო და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი „პიროსის" გამარჯვებას იზეიმებენ მათივე სატელიტ ოპოზიციაზე ან სუსტ ოპოზიციურ კონკურენტებზე. თუ ამ ლოგიკას გავყვებით მათ სჭირდებათ თუნდაც ერთი ღირსეული ოპონენტი, რომელსაც რეიტინგის მიუხედავად გამარჯვების რეალური შანსები არ გააჩნია. ამ სქემაში კი კარგად ჩაჯდებოდა ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია.

იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთის მედიატორობით ამ ორ ძალას შორის საარჩევნოდ გარიგების მიღწევა მოხდება და ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას იზეიმებს, მაშინ არჩევნებში ივანიშვილის კოალიციის მონაწილეობა „ნაციონალების" გამარჯვებას კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას შესძენდა და დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის გვირგვინს დაადგამდა. ანუ გამეორდებოდა ის სცენარი, რაც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ირაკლი ალასანიას ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ის უშვებს კოალიციის მეორე ადგილზე გასვლას და შემდეგ ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილთან თანამშრომლობას, ან პირიქით. პრინციპში ეს იქნებოდა დასავლეთისათვის ყველაზე მისაღები სცენარი. ეს მისაღები სცენარი იქნებოდა რუსეთისათვისაც, თუ გამოვალთ იმ დაშვებიდან, რომ ივანიშვილი მართლაც რუსეთის კრეატურაა. ასეთი პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ინტერესთა ბალანსი აღდგებოდა. მართალია ჯერჯერობით ეს ორი ძალა ერთმანეთთან მკვეთრი დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება, მაგრამ როგორც ავტორიტეტული სპეციალისტები მიიჩნევენ, პოლიტიკურ ცხოვრებაში კონფლიქტი, რომელიც მართვასა და სწორ გადაწყვეტას ექვემდებარება, შეიძლება უკეთეს პოლიტიკაში გადასვლაში დაგვეხმაროს. ეს პოლიტიკა კი ჩვენს რეალობაში შიდასამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება და გარე საფრთხეების მინიმიზაცია იქნებოდა. ამის მიღწევა კი მხოლოდ დაბალანსებული პოლიტიკით შეიძლება.

თუმცა შესაძლოა მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდეს, თუკი ივანიშვილი როგორც კოალიციის ლიდერი გარიგებაზე უარს იტყვის. ამ შემთხვევაში არჩევნების უთანასწორო კონკურენციის პირობებში ჩატარებას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი, რადგანაც ნაციონალურ მოძრაობას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსები არ გააჩნია. მისი ელექტორალური ბაზა მომავალ არჩევნებზე ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი არ არის. ის რომ ნაციონალური მოძრაობა პოპულარობის კრიზისს განიცდის, ირიბად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმაც, როდესაც პარტიის საარჩევნო სიაში ახალი სახეების მოყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ივანიშვილის მძიმე არჩევანი

მილიარდერის და მისი მიზნების, ასევე მის გარემოცვაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია და დეზინფორმაცია ერთმანეთში ისე აირია, რომ ის ხალხიც კი რომლებიც სრულიად გულწრფელად უწერენ მხარს ივანიშვილის ერთგვარად დაბნეულია. ეს ჩანს და იგრძნობა როგორც მედიაში ისე სოციალურ ქსელებში.
მომავალ არჩევნებში ივანიშვილის ძირითადი დასაყრდენი ე.წ. „საპროტესტო ელექტორატი" და მეტნაკლებად ე.წ. „მერყევი" ამომრჩეველია. სწორედ ამ ხალხშია არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და დისკუსია იმაზე თუ რამდენად სწორად შეარჩია ივანიშვილმა პოლიტიკური მოკავშირეები და გარემოცვა, თუნდაც იგივე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელები. ცხადია, რომ ელექტორალური კუთხით თავისუფალ დემოკრატებთან, რესპუბლიკელებთან, სახალხო პარტიასთან და კონსერვატორებთან კოალიცია ივანიშვილისთვის ბევრი არაფრის მომტანია.

ივანიშვილისვე დაფინანსებით საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტისა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2011 წლის ნოემბერში ჩატარებულ გამოკვლევით, აღნიშნული პარტიების რეიტინგები 0,1-1,5% არ აღემატება. ცუდი მდგომარეობაა ამ პარტიების ლიდერთა პიროვნული რეიტინგების კუთხითაც. მაგ. ირაკლი ალასანიას რეიტინგი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 20% დან 9.1% მდე დაეცა. შესაბამისად, ლოგიკურია რომ გამოკითხულთა მხოლოდ 11.4% მიიჩნევს ივანიშვილის არჩევანს სრულიად გამართლებულად.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ იჩქარა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლა და ხომ არ აჯობებდა მას საფუძვლიანი წინასამზადისი ჩაეტარებინა და პოლიტიკურ მოკავშირეებად შეერჩია რეალურად ახალი სახეები, რასაც მისგან დღემდე ელოდება საზოგადოება?! აქვს არსებობის უფლება ვერსიას, რომ ივანიშვილს, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი კონკრეტული მიზეზ-გარემოებების გამო დაჩქარებული წესით მოუწია პოლიტიკაში ჩართვა და შესაძლოა მოკავშირეების შერჩევაც არსებული სიტუაციით იყო განპირობებული. მის კოალიციაში შემავალი 4 პარტია ივანიშვილს დღეს წმინდა ტექნიკური, ორგანიზაციული და ინტელექტუალური რესურსის გამო სჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე ივანიშვილის პარტიამ აღნიშნული ოთხეული შთანთქას.
ჯერჯერობით კი საზოგადოება, მათ შორის ივანიშვილის ოპონენტებიც, ელოდებიან სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების იმ პროგრამას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხალხის სამსჯავროზე უნდა გამოიტანოს.

მართალია ჯერ სრული დატვირთვით არ ამუშავებულა ივანიშვილის დიდძალი ფული, მაგრამ როგორც ინგლისელმა სახელმწიფო მოღვაწემ ჯონ მორტონმა თქვა, „მდიდარი ხართ თუ ღარიბი, მთავრობა თქვენს ფულებს მაინც მოაგნებს". საქართველოს კი ამის არაერთი მაგალითი ახსოვს.

ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .