ათენის მახლობლად გუშინ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი ინტერპოლით ძებნილი ლაშა შუშანაშვილია. იგი ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს. შუშანაშვილთან ერთად სამართალდამცავებმა მისი დაცვის წევრიც დააკავეს. მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დაკავების დროს სამართალდამცველებმა ნომერში ამოიღეს იარაღი, ყალბი რუსული პასპორტი, კომპიუტერის დისკი და მობილური ტელეფონები. შუშანაშვილი ბერძნულ სასტუმროებში სხვადასხვა სახელით ჩერდებოდა. იგი საბერძნეთის ტერიტორიაზე ლაშა რუსთავსკის და არტენიანის სახელითაც ცხოვრობდა. დაკავებულები ათენის სასამართლოს პირველი ინსტაციის წინაშე დღეს წარსდგებიან.
ლაშა შუშანაშვილი აქამდეც არა ერთხელ იყო დაკავებული, თუმცა არა ერთხელ მოახერხა პოლიციას გაქცეოდა. მათ შორის საბერძნეთში დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს 2 წლის წინ. ამ სპეცოპერაციაში ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, იტალია და საფრანგეთი მონაწილეობდნენ. მაშინ მისი ძმა კახაბერ შუშანაშვილი ესპანეთში დააკავეს. მას ფულის გათეთრებაში, იარაღის კონტრაბადაში და ნარკოტიკების ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. კახაბერ შუშანაშვილს ქართულ რუსულ მაფიის ერთ-ერთ ბოსად მოიხსენიებდნენ, რომელიც ესპანეთში კრიმინალური საქმიანობით მოპოვებულ საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა.