თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
როგორც შს სამინისტრო იუწყება დაკავებულნი არიან 30 წლის კახაბერ კალანდაძე და 27 წლის გიორგი გოგუაძე.
2012 წლის 12 იანვარს ქ. ოზურგეთში, აღნიშნული პირები, ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ რუსუდან სიმონიშვილის ოჯახს და მუქარისა და ფიზიკური ზეწოლის შედეგად გაიტაცეს ფულადი თანხა 3000 ლარი, 1100 აშშ დოლარი, 10000 რუსული რუბლი და ოქროს ნივთები.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია 1984 წ.დ. კარლო შავიშვილი, რომელიც გატაცებული ნივთების რეალიზაციას ახდენდა. პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია აღნიშნული ფულადი თანხის ნაწილი და ოქროს ნაკეთობები.
სამივე დაკავებული აღიარებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 186-ე (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება) მუხლებით.