ყირგიზეთში გატაცებული საქართველოს მოქალაქის ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია.
ამის შესახებ დღეს, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გატაცებულის გათავისუფლება 5 იანვარს მოხდა, რაშიც ქართული მხარეც იყო ჩართული.
„საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე სამართალდამცველებმა მოგვაწოდეს ეს ინფორმაცა და ჩვენ მაშინვე დაუკავშირდით ჩვენს წარმომადგენლობას. მათი აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა პირის მდგომარეობის დადგენა. პირველ რიგში ჩვენ დავინტერესდით ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ ადამიანის უფლებების დაღვევას, რაც საბედნიეროდ არ დასტურდება", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, სხვა საგამოძიებო დეტალების გაცხადებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებს, სანამ ყირგიზული მხარე საგამოძიებო მასალებს არ გადასცემთ.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელა, რომელთა ინფორმაციითაც გატაცებაში ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულები არიან და ისინი ქართველი ბიზნესმენის პარტნიორები არიან.