ალმაატის პოლიციამ ადგილობრივ მეწარმეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს დანაშაული ნახევარი წლის წინ იყო ჩადებილი, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება მხოლოდ ახლა მოხერხდა.
"დაზარალებულის მიერ მიღებული ჭრილობა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. იგი ჰოსპიტალიზებული იყო და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შედეგად ექიმებმა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს. როგორც კი მეწარმე გონს მოვიდა და ჩვენების მიცემა შეძლო, მაშინვე გამოძიების პირველ ადგილზე შეკვეთილი მკვლელობის ვერსია წამოვიდა", _ აცხადებს ქალაქ ალმატის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი საბირჟან ჯურაბეკოვი.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ დანაშაულის ჩამდენის ვინაობა დაადგინა. ეს საქართველოს 38 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა მას რუსეთის პოლიცია ეძებს და იგი მსხვილ ძარცვაშია ეჭვმიტანილი. ეჭვმიტანილი ბაქოში დააკავეს.
მოგვიანებით პოლიცია მკვლელობის დამკვეთზეც გავიდა. აღმოჩნდა, რომ მას დაზარალებულთან ფინანსური ურთიერთობა ჰქონდა.
პარტნიორზე თავდასხმისათვის შემკვეთმა შემსრულებელ საქართველოს მოქალაქეს სამი ათასი აშშ დოლარი გადაუცხადა და მკვლელობისათვის სამჯერ უფრო მეტ თანხას დაპირდა.
"ამჟამად შემსრულებელი საქართველოს მოქალაქე დაკავებულია და იგი აღიარებით ჩვენებას იძლევა", _ იუწყება ყაზახური მხარე.