კუცერას სტატიის თანახმად, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ექსპერტმა, ლუიზა არბორმა, რომელიც გამოცემა Foreign Policy-სთვის წერს, თავის „მომავალი წლის ომების" სიაში, სხვებთან ერთად ცენტრალური აზიაც ჩართო:
„მაგალითად, ტაჯიკეთში მწვავდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია, რაც იქმნება როგორც შიდა, ასევე გარე მადესტაბილიზებელი ელემენტებისგან, რომელსაც ქვეყანა ფაქტიურად ვერ უმკლავდება. სხვა პრობლემებთან ერთად, ამ ქვეყნის ურთიერთობა მეზობელ უზბეკეთთან დღეს რეკორდულად დაბალ ზღვარზეა: წყლის რესურსებთან დაკავშირებული ძველი კონფლიქტის გადაწყვეტაში არანაირი წინსვლა არ არის, პერიოდული სასაზღვრო ინციდენტები კი, რომელიც მსხვერპლით სრულდება, უფრო სერიოზულ ძალადობაში გადაზრდის საფრთხეს ქმნის", - მოყვანილია სტატიაში არბორის სიტყვები.
ექსპერტი ახსენებს ასევე აშშ-უზბეკეთის მჭიდრო ურთიერთობებს (თუმცა, გაურკვეველია, როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტი 2012 წელს), ასევე განხეთქილებას რეგიონებს შორის ყირგიზეთში.
ვებ-პორტალ Caspian Intelligence-ზე ალექს ჯექსონი თავის ბლოგში 2012 წლისთვის ფრთხილ ვარაუდებს გამოთქვამს კავკასიასთან მიმართებაში. მისი აზრით, მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო, ამ ქვეყანაში ძალადობის რიკსი მაღალია:
„არჩევნებისთვის მზადებამ, შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ახალ საიდუმლო შეთქმულებებს და აფეთქებებს, რომლის ტალღაც ომის შემდეგ საქართველოს პერიოდულად გადაუვლის ხოლმე. მთავრობა ამტკიცებს, რომ ორგანიზატორი რუსეთია, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს (რასაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციითაც ადასტურებს). ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს ყალბი კამპანიაა, რომლის მიზანიც მოსახლეობის იძულებაა იმისკენ, რომ მან ხმა მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს. სიმართლე, როგორც ჩანს სადღაც შუაშია. ყველა შემთხვევაში 2012 წელს შეიძლება მსგავსი მოვლენების რაოდენობამ იმატოს".
კუცერა წერს, რომ ჯექსონის აზრით დაძაბული სიტუაცია შენარჩუნდება მთიან ყარაბახშიც, მაგრამ ესკალაცია არ მოხდება:
„ყარაბახში დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზზე კვლავ მძიმე სურათი დარჩება: სროლები და მსხვერპლი სნაიპერების ცეცხლის შედეგად. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამ ხაზზე დღეს უპილოტო თვითმფრინავებს იყენებენ, ასე რომ მოსალოდნელია, რომ კონფლიქტი ახალი, საავიაციო მიმართულებით შეიცვლება (პირველი ნიშნები უკვე ვნახეთ). იარაღის ჟღარუნი, სამხედრო წრთვნები და სამხედრო ბიუჯეტების ზრდა - ეს ყველაფერი გაგრძელდება, მაგრამ ახალი სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები სავარაუდოდ მოსალოდნელი არ არის".
"ცნობები, რომელიც რეგიონიდან მოდის იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სამხედრო მოქმედებებისთვის მზადება სინამდვილეში დაწყებულია", - აღნიშნულია სტატიაში. როგორც „ნეზავისიამაია გაზეტა"-ში სერგეი კონოვალოვი წერს, რუსეთი, ემზადება რა ირანის წინააღმდეგ აშშ/ისრაელის შესაძლო ომისთვის, სომხეთში პოზიციებს განიმტკიცებს. ეს კი მოსკოვისთვის, სომხეთში რუსეთის სამხედრო ტვირთებისთვის საქართველოს მიერ დაწესებული ემბარგოს „გარღვევის" აუცილებლობას ნიშნავს. სტატია სავსეა დეტალების აღწერით და რუსეთის თავდაცვის უწყების წყაროებს ეყრდნობა, თუმცა მაინც საკმაოდ არარეალურად გამოიყურება:
„ამ წლის აპრილში საქართველომ შეწყვიტა იმ შეთანხმების მოქმედება, რომლითაც რუსეთი სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრანზიტს ახდენდა. ფაქტობრივად რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიაში უკვე იზოლირებულია. რუსეთის არმიის მომარაგება (საწვავით, სურსათით და სხვ) მხოლოდ საჰაერო და სომხეთთან პირდაპირი შეთანხმებების გზით ხორციელდება, სომხეთთან, რომელიც თავის მხრივ მსგავს პროდუქციას (საწვავს, დიზელის საწვავს, ნავთს) ირანში ყიდულობს. ომი ირანში იმას ნიშნავს, რომ ამ არხით ბაზის მომარაგება შეწყდება. გენერალ-ლეიტენანტ იური ნეტკაჩოვს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამიერკავკასიაში რუსეთის არმიის დანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო და პირდად იმით იყო დაკავებული, რომ მათ ტყვიაწამლით და შეიარაღებით (მათ შორის 102-ე ბაზასაც) ამარაგებდა, მიაჩნია, რომ ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი დაიწყებს საქართველოს გავლით სამხედრო ობიექტის მომარაგების სანდო გზის მოძიებას. „შეიძლება აუცილებელი გახდეს ქართული სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა და სომხეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნების სამხედრო საშუალებებით უზრუნველყოფა", - მიაჩნია სამხედრო ექსპერტს".
სტატიაში მოყვანილია EurasiaNet-ის ბლოგის "The Bug Pit"-ის ოფიციალურ სია იმისა, თუ სად არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი კონფლიქტები 2012 წელს:
"1. სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მთიანი ყარაბახის ირგვლივ. ეს ის ადგილია, სადაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ომის გაჩაღების დიდი ალბათობაა. და მართალია, ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეტევაზე გადასვლის მზადყოფნა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რაიმე არასწორი გათვლის ან პროვოკაციის შესაძლებლობა ყოველთვის რჩება.
2. სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში. შარშანდელი ზამთრის მოვლენების შემდეგ სიტუაცია, თითქოს უფრო სტაბილური გახდა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები (ადგილობრივი ლიდერების უკმაყოფილება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცენტრალური მთავრობა არღვევს შეთანხმების პირობებს, რომელიც 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ იქნა მიღწეული) ძველებურად შენარჩუნებულია. ხოლო ტაჯიკეთს ფაქტობრივად არ აქვს საკუთარი ხელისუფლების საფრთხესთან დაპირისპირების შესაძლებლობა. და მართალია ძალადობის განახლება დიდად არავის გაუკვირდება, თუმცა იმის ალბათობა, რომ ის სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზრდება, ძველებურად მცირეა.
3. უზბეკეთის პროვოკაცია ტაჯიკეთის ან ყირგიზეთის წინააღმდეგ. უზბეკეთს და მის მეზობლებს შორის სამხრეთის და აღმოსავლეთის საზღვრებზე ხშირად სხვადასხვა ტიპის შეტაკებები და დავებია, და უზბეკეთმა შეიძლება კუნთები აათამაშოს, თუკი მასზე ბევრად სუსტი მეზობლები ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რაც ტაშკენტს არ მოეწონება.
დამატებითი შესაძლებლობები: სამხედრო მოქმედებები საქართველოს/სამხრეთ ოსეთის/აფხაზეთის/რუსეთის მონაწილეობით, სამოქალაქო ომი ყირგიზეთში, სამხედრო-საზღვაო კონფლიქტი კასპიის ნავთობისა და აირის რესურსებისთვის, შეიარაღებული დაპირისპირება ირანს და აზერბაიჯანს შორის, ისლამისტების გააქტიურება უზბეკეთში, ირანისთვის დარტყმის მიყენება გაუთვალისწინებელი შედეგებით კავკასიაში".
კუცერას აზრით, აღსანიშნავია, რომ ამ სცენარებიდან რეალური ფაქტობრივად არცერთი არ არის.
"ყველაზე რეალური კონფლიქტიც კი, კერძოდ მთიანი ყარაბახის, მომავალ წელს, შეიძლება მაქსიმუმ 5%-ის ალბათობით გაჩაღდეს. რაც შეეხება დანარჩენებს, ალბათობა იქ 1%-ზე ნაკლებია. მაგრამ ვინ იტყოდა ერთი წლის წინ, რომ ყველა იმ მოვლენას ექნებოდა ადგილი, რომლის მოწმენიც გავხდით 2011 წელს? მაგრამ თუკი 2012 წელს კონფლიქტი მაინც გაჩაღდება, ძალიან გამიკვირდება, თუკი რომელიმე მათგანი აღნიშნული სიიდან იქნება", - აღნიშნულია სტატიაში.