მაესტროს მმართველი კომპანიის თანამშრომლებს, მიხეილ ზედგინიძესა და ვალერი გრიშიკაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრება შეეფარდათ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მაესტროს მართვის კომპანიიდან აცნობეს.
"მაესტროს მართველი კომპანიის თანამშრომლებს, მიხეილ ზედგინიძის და ვალერი გრიშიკაშვილს, 2012 წლის 1-ელ იანვარს თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები, რომელთაც მაესტროს მართვის კომპანიის თანამშრომლების მიმართ გამოიყენეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კომპანიის თანამშრომლები დაკავებულ და შემდეგ გადაყვანილ იქნენ წინასწარი დაკავების საკანში. კომპანია პროტესტს გამოთქვამს პოლიციის და სასამართლოს უკანონო ქმედების გამო და მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ მოცემული საქმის მონიტორინგის პროცესში. 3 იანვარს მაესტროს მართვის კომპანიის თანამშრომლებს მიხეილ ზედგინიძის და ვალერი გრიშიკაშვილს წარედგინათ უსაფუძვლო ბრალდებები, ხოლო 4 იანვარს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება", - აღნიშნულია მართვის კომპანიის განცხადებაში.
კომპანია მიმართავს სახალხო დამცველს, გაერკვეს საქმის არსში და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის განცხადების მიხედვით, 2012 წლის 1-ელ იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შემჩნეული იქნა, რომ ნუცუბიძის ქუჩის # 93-ში მდებარე ტელეკომპანია მაესტროს ეზოდან, ავტომანქანის მეშვეობით ხდებოდა სხვადასხვა ნივთის გატანა.
როგორც საქართველოს შს სამინისტრო იტყობინება, პოლიციის თანამშრომლებმა იმ მოტივით, შეიცავდა თუ არა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს, სცადეს ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და გაქცევის მიზნით მოახდინა პოლიციის ავტომანქანაზე შეჯახება.
აღნიშნული ავტომანქანა დაკავებული იქნა პოლიციის მიერ. საქმეზე ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.