რესპოდენტის შესახებ
- გაზეთ "ლელოსთან" საუბრისას განაცხადეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციას არ ჰქონდა უფლება, კალაძის კარიერისა და ნამოღვაწარისთვის ჩრდილი მიეყენებინა. რამდენად მიადგა ფედერაციის მხრიდან კალაძის კარიერას ჩრდილი?
- ფედერაციის განცხადებაში არ იყო აღნიშნული მისი დამსახურება. პატარა ჩრდილის მიყენებაც რომ უნდოდეთ, ვერ მიაყენებენ. მგონი მართალი ვარ ამაში.
- კახა კალაძემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გაახმოვანა, რასაც პოლიტიკური ელფერი დაედო. რამდენად მართებულად შეარჩია კალაძემ ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ადგილი?
- ვიღაცა ფილარმონიაში გააკეთებს განცხადებას, ვიღაცა სტადიონზე, ვიღაცა კი ოჯახის წარმომადგენელთან, სახლში. ეს თავად კალაძის გადასაწყვეტი იყო. თავიდან შეიძლება ვიღაცას ეფიქრა, რომ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მე რამდენადაც კალაძის განმარტება წავიკითხე, ეს პოლიტიკასთან არ ყოფილა დაკავშირებული. მან რომ მსგავსი ფორმით გადაწყვიტა აღნიშნული გადაწყვეტილების გახმოვანება, მისი აზრია და მისი პოზიციაა. ყველამ უნდა გაუგოს და პატივი სცეს მის გადაწყვეტილებას.
- თქვენ აცხადებთ, რომ დემეტრაძეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი არ ჰქონია. რაში დასჭირდათ მისი დაპატიმრება?
- თავიდან ლაპარაკი იყო ტოტალიზატორზე. საქმის კურსში მე საიდან უნდა ვყოფილიყავი, რა ხდებოდა... ერთხელ ტელევიზორში გამოსვლისას ისე აღვნიშნე, ყველამ ვიცოდით, რომ ტოტალიზატორში თამაშობდა და ამის გამო მაშინ ნახევარი საქართველო დასაჭერია-მეთქი. ქურდულ სამყაროსთან კავშირის დაბრალება სასაცილოა. რა კავშირი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს ქურდულ სამყაროსთან?! ცხოვრების უმეტესი ნაწილი ის "ტრუსიკსა და მაიკაში" დარბოდა.
- რამდენად ადეკვატური იყო ფედერაცია კალაძესთან და დემეტრაძესთან მიმართებაში?
- პირველივე წელს, როდესაც დემეტრაძე დააკავეს, ფედერაციის პრეზიდენტმა, ასანიძემ, რეზიკომ და ფეხბურთელებმა ხელი მოაწერეს და თავდებში დადგნენ, რომ დემეტრაძე არ დაეჭირათ და გამოეშვათ. მეტი არ ვიცი, რა ადეკვატურობა უნდა გამოეჩინა ფედერაციას. რაც შეეხება კალაძეს: ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან - ერთი წავიდა, მეორე მოვიდა, მაგრამ კალაძე მთელი ამ ხნის პერიოდში დამსახურებულად იყო კაპიტანი. შეიძლება ვიღაცას გული დასწყდეს, მე უნდა მცოდნოდა ესო. ამ მხრივ შეიძლება რაიმე გაურკვევლობას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოხვიდე, განცხადება გააკეთო და მადლობა არ უთხრა იმ ადამიანს, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის. ის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია და მეეჭვება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვინმემ მოახერხოს ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ რეზიც ფედერაციაშია, პირად საუბარშიც და საჯაროდაც არ მერიდება, რომ გავაკრიტიკო ამ მხრივ ფედერაცია და ვუთხრა, რომ არ უნდა დაავიწყდეთ კალაძის დამსახურება.
- რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და რა ბრალეულობა აქვთ ამაში მწვრთნელსა და ფედერაციას?
- ფედერაცია ირჩევს მწვრთნელს და არა ფეხბურთელს. 20 წლის წინ უჭირდა ფედერაციას, ნაკრებს მოედანი არ ჰქონდა, დღეს კი ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ. თავიდან შედეგი კარგი იყო, თუმცა შემდეგ შეიცვალა. ქეცბაიას დრო სჭირდება. იმედი მაქვს, შეცდომებს მწვრთელიც, ფეხბურთელებიც, მთელი გუნდი გაითვალისწინებს შემდეგ ციკლში და შედეგიანი და ხარისხიანი თამაში იქნება.
- რა პროგნოზს გააკეთებთ მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის?
- ძალიან რთული საკითხია. ისე აღარ არ არის, რომ ნაკრები ყველასთან აგებდა. ძალა მოიკრიბა და ერთ გუნდად ჩამოყალიბდა. ცუდად თუ კარგად, გუნდს ეტყობოდა მობილიზება, ერთ მუშტად თამაში, თუნდაც დაცვაში, თუნდაც შეტევაში. ამ მხრივ რაღაცა წარმატება იყო. თუმცა არც მე მომწონს და ეს რამდენჯერმე მითქვამს, რომ ნახევარდაცვაში ცენტრალური თავდასხმელი ათამაშო, მაგრამ ამ ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. შემდეგი თამაშებისთვის ეს გუნდური თამაში აუცილებლად შესანარჩუნებელია. მაინც ვფიქრობ, რომ რა ჯგუფშიც არ უნდა ვითამაშოთ შემდეგ წლებში, ფეხბურთელებიდან გამომდინარე, მაინც მეორე ნომრად უნდა გავიდეთ. არა გვაქვს ისეთი შემტევი პოტენციალი, რომ გავიდეთ მოედანზე, ვითამაშოთ შეტევაზე და ბურთი არავის დავუთმოთ. ყველას თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს განაწილებული და უფრო მობილურობაზე და კონტაქტურობაზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი. მე შორიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი