დმანისის რაიონის სოფელ ამამლოს მკვიდრი ხამბათ სეიდოვი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრასა ითხოვს.
როგორც ხამბათ სეიდოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი 30 წლის შვილი გალიბ სეიდოვი უკანონოდ დააკავეს და 27 წლით თავისუფლების აღკვეთაც უკანონოდ მიუსაჯეს.
მისივე თქმით, მისი შვილი ავტომანქანების შემკეთებელი იყო და გასული წლის ივნისში ერთ-ერთ კლიენტს ავტომანქანა ბოლომდე არ გაურემონტა, თუმცა წინასწარ გადახდილი თანხა "არ დაუბრუნა და გაიქცა", რომელიც თაღლითობის ბრალდებით ოქტომბერში უკრაინაში დააკავეს.
სეიდოვი ირწმუნება, რომ მის შვილს თავად ავტომანქანის მფლობელი არ უჩივის".
"27 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის იმედი მაქვს, რომ შვილის გათავისუფლებაში დამეხმარება. სხვებისათვის ვისთვის უნდა მიმემართა?", - აღნიშნა ხამბათ სეიდოვმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მაკა გიგაურის თქმით, დავით ბაქრაძემ მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში მის თანაშემწეს მზია ლალიაშვილს სეიდოვთან პირადად შეხვედრა უკვე დაავალა.
"არსებობს სპეციალური, კანონით გათვალისწინებული პროცედურები და ისინი ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. თუ მას ამა თუ იმ საკითხში პარლამენტის თავმჯდომარის თანადგომა სურს, სპიკერს წერილობით უნდა მიმართოს და არა აქციის ფორმით. მას ამ ყველაფერს შეხვედრის დროს განუმარტავენ", - აღნიშნა გიგაურმა.