„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ამის შესახებ სახალხო დამცველის დღეს გაკეთებული განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, 2011 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს.
"ოქროპირიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2011 წლის აპრილში მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ოქტომბრის თვეში ევროსასამართლოდან მსჯავრდებულის განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება მისთვის მკურნალობის ჩატარების თაობაზე. 2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, N18 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ასევე სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, გ.ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მის ახსნა-განმარტებებში, რომელიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა.