რესპოდენტის შესახებ
ნინო ბურჯანაძე : მაისის მოვლენები და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხელისუფლება რეალურად ცდილობს, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობდეს, იყოს მხოლოდ ვირტუალური, რასაც ჩვენ ტელეეთერში ვხედავთ. ამის მიუხედავად, "სახალხო კრებამ" შევძელით იმის გაკეთება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ მოკვდა. ადამიანებმა თავისი პროტესტი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დააფიქსირეს და მსოფლიოს დაანახეს, რომ არიან ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან აქ არსებულ უსამართლობას, ტყუილს, არ ეგუებიან იმ ვირტუალურ განვითარებასა და დემოკრატიას, რომელიც მხოლოდ ტელეეთერიდან ჩანს და იბრძვიან სამშობლოს გადასარჩენად.
თქვენ იცით, რომ ხელისუფლება საშინელი სისტაკით გაუსწორდა 26 მაისის აქციის მონაწილეებს. ეს გასაგებიცაა, რადგან ხელისუფლებას ეშინია სწორედ ისეთი ადამიანების, რომლებიც არიან შეუპოვრები და რომლებიც არ ეგუებიან ხელისუფლების მიერ დანერგილ შიშს. ამის შემდეგ, საკმაოდ რთული გახდა პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლება. ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ უფრო შეშინდა და უიმედობის განცდაც გაჩნდა, თუ რითი და როგორ უნდა მოერიო ამ ხელისუფლებას. თუმცა მე ამ უიმედობას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ერთი იმდენი ხალხი რომ ყოფილიყო იმ ღამეს, ხელისუფლება ვერ გაბედავდა იმას, რაც გაბედა. ასეთი დარტყმის შემდეგ, ვიდრე სახალხო კრება შეძლებდა ძალის საბოლოო მოკრებას, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი იყო ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე. მან ადამიანებს დიდი იმედი ჩაუნერგა რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის უდავოდ ის, რომ წლების განმავლობაში ივანიშვილს აქვს მართლაც უზარმაზარი საქველმოქმედო საქმიანობა გაწეული, ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ამის შესახებ საქართველოში ყველამ იცის. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ის არ იყო საჯარო ფიგურა და პოლიტიკოსი, შესაბამისად, მის მიმართ არ არსებობდა არც კითხვები და არც ნეგატიური ინფორმაცია. ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, არის სერიოზული ფინანსური ფაქტორიც. ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ძალა არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც მას აქვს და რომლის მეასედიც კი მთელ ოპოზიციას ერთად არ გააჩნდა. დღეს ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა და უზარმაზარი რესურსის ოპოზიციურ ფლანგზე შემოსვლა, ხელისუფლებისთვის არასასარგებლო ფაქტორი იყო. ყველა ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ მოლოდინი ნამდვილად ძალიან დიდია და ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინი და იმედი არ გაცრუებულიყო, რომელიც საზოგადოებას არ აქვს.
- საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, ითანამშრომლებს თუ არა ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილთან?
- ჩვენი პოზიცია ყველა სუბიექტთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე. "სახალხო კრება" და "დემოკრატიული მოძრაობა" ითანამშრომლებს ყველასთან, ვისი ამოცანაც არის რეალურად ხელისუფლების შეცვლა და არა ხელისუფლების ფასადის გალამაზება ან ხელისუფლების ჩანაცვლება. ჩვენ ეს განცხადება გაკეთებული გვაქვს კრების დაარსების პირველი დღეებიდანვე, არაერთგზის გაგვიმეორებია. რეალურ ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობა შეიძლება იყოს პარალელური მოძრაობა, კოორდინაცია, ერთობლივი მოქმედება ან ეს გზა გადაიკვეთოს ან პარალელურად წავიდეს. თანამშრომლობის მზაობას ვადასტურებთ ყველა ძალასთან, ვინც რეალურად იბრძვის.
- "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" კი თქვენთან თანამშრომლობაზე აცხადებენ უარს.
- ეს ხალხი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ბოკერიასთან, ბენდუქიძესთან, სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და ბურჯანაძესთან ვერ ითანამშრომლებენ. მაშინ ჩამოყალიბდნენ ისინი, არიან რეალურად ოპოზიცია, თუ არიან ხელისუფლების დანამატი ან ხელისუფლების ჩანაცვლების სურვილის მქონე პოლიტიკური ძალები. გაუგებარია, როდესაც ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები ცდილობენ დაპირისპირება შეიტანონ თავად ოპოზიციურ სპექტრში და ამ დროს პარალელურად ცდილობენ ხელისუფლებასთან დაალაგონ ურთიერთობა. თუ ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება დამნაშავეა, მაშინ როგორ თანამშრომლობენ დამნაშავე ხელისუფლებასთან. ის ვითომდა გასამართლებელი საბუთები, რომლებსაც ისინი იყენებენ, ძალიან უსუსურია. პუტინს ხელი იმ ფორმით ჩამოვართვი, რა ფორმითაც ნებისმიერ ადამიანს ვართმევ ხელს, რადგან ხელის ჩამორთმევა უბრალოდ ადამიანური პროცედურაა და არა რაიმე განსაკუთრებული პროცესი. თვითონ როგორ ჩამოართვეს ხელი ლავროვს?! თუ ბურჯანაძისთვის არ შეიძლება და სხვისთვის შეიძლება, ისეთი მაგრები არიან?! ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია, რომლებსაც, სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, ამ ბრალდებების უკან რა დგას. ეს არის სურვილი, რომ დასავლელ პარტნიორებს დაანახონ, რომ ისინი არიან მათი პარტნიორები და არა ბურჯანაძე. ეს არ გამოუვათ.
- თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ აშშ-ისა და ევროპის დამოკიდებულების შესახებ საქართველოსთან მიმართებაში?
- აშშ-სა და ევროპაში ძალიან შეშფოთებულნი არიან იმ რეალობით, რაც საქართველოშია. ძალიან შეშფოთებულები არიან, რომ ის კურსი, რაც ხელისუფლებას აქვს, დამღუპველია. ჩვენთვის ამოცანა მარტო ის კი არ არის, რომ ვებრძოლოთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვებრძოლოთ იმ პრობლემებს, რომელიც მან დაამკვიდრა. მათ თუ ზუსტად იგივე პრინციპი აქვთ და ამბობენ, რომ შეუძლია ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ მათთან. ეს არ არის დასავლური ფასეულობები, ეს სიყალბეა. დასავლური ფასეულობები ჩვენი პარტიისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ვინც ამის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ ნაკლებად აკეთებს ამას. აღარაფერს ვამბობ იმ უმეცრებაზე, როცა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის დამტკიცებაში, თუ ვინ უფრო პროამერიკული და პროდასავლურია. ეს ანარქონზმი არის პოლიტიკაში, რადგან უნდა იყვნენ პროქართული პოლიტიკოსები. მე ვამაყობ, რომ ვართ პროქართული პარტია. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი მიზანი არის პროქართული ფასეულობები დემოკრატიული ღირებულებების აუცილებელი იმპლემენტაციით. ჩვენ არც პროევროპული და არც პრორუსული ძალა ვართ. ჩვენ ვართ პროქართული ძალა. სადაც ჩვენი ინტერესები დაემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, იქ გავითვალისწინებთ აშშ-ის ინტერესს, სადაც ჩვენი ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები და საქართველოს ინტერესი დაემთხვევა ევროპის ინტერესს, იქ გავითვალისწინებთ ევროპის ინტერესს და თუ დაემთხვა საქართველოს ინტერესი რუსეთის, აზერბაიჯანის თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესს, ჩვენ განვახორციელებთ იმ ნაბიჯებს, რაც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში.
- 22 დეკემბერს, "საქართველომ და მსოფლიომ" გამოაქვეყნა ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ 26 მაისს თქვენ კარგად იცოდით რაც მოხდებოდა, თუმცა არ გაითვალისწინეთ მოსალოდნელი შედეგები, რაც ადამიანების დაღუპვით დასრულდა...
- ეს იმის გაგრძელებაა, ირაკლი ალასანიამ რომ უხარისხო ქართველები გვეძახა. ძალიან საინტერესოა, რომ ბატონი ირაკლის პოზიცია ემთხვევა ხელისუფლების შეფასებას, რადგან არც ერთ იმ ადამიანს 26 მაისს ვინც იდგა, ბურჯანაძე არ დაუდანაშაულებია. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ალასანია იმეორებს წიკლაურის, ხერხეულიძის, თაქთაქიშვილის და გოკა გაბაშვილის ტერმინოლოგიას. მე ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ალასანია არ უნდა იხსენებდეს 26 მაისს, რადგან მას დიდი ადამიანური და პოლიტიკური შეცდომა მოუვიდა, როცა მოქალაქეები ხარისხიანებად და უხარისხოებად დაყო. მან უნდა სცადოს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით საზოგადოებამ მისი პოზიცია საერთოდ დაივიწყოს. სააკაშვილსაც არ უკადრებია, რომ ეთქვა უხარისხო ქართველები იდგნენ იქო. პოლიტიკა ვისაც ესმის, ელემენტარული ანაბანაა, რომ როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, როცა ხალხი რევოლუციაზე ლაპარაკობს, როდესაც მიტინგი ირბევა და იქ ადამიანები იღუპებიან, ეს ყოველთვის ხელისუფლების ბრალია.
- თქვენი პოლიტიკური წარსული გაძლევთ საშუალებას, გარკვეულწილად ივარაუდოთ კიდეც ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ. ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ ივანიშვილი "გააკეთილშობილებდა" ხელისუფლებას და ის ხალხზე ორიენტირებული გახდებოდა. მეორე ნაწილი აცხადებდა და აცხადებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს. კიდევ ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ის, რასაც ამ დროისთვის ივანიშვილს უპირისპირებენ, არის მოთელვა და დიდი ბრძოლების მომსწრეები გავხდებით. თქვენ რა მოსაზრებას ემხრობით?
- ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ იყოს ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი საქართველოში და უზარმაზარი როლი შეასრულოს საქართველოს იმ შავი ჭირისგან განთავისუფლების საქმეში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და დღევანდელი ხელისუფლება ჰქვია. ირაკლი ალასანიას 22 დეკემბრის გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ძალიან დიდი კითხვები ჩნდება. მე გადავავლე თვალი ამ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ არჩევნების გაყალების შემთხვევაში, თუ მეორე ადგილზე გავა ბიძინა ივანიშვილის ძალა, ისინი ამაში ტრაგედიას ვერ ხედავენ და წარმატებულად ითანამშრომლებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ჩვენ არც კი ვუშვებთ იმას, რომ ბატონი ბიძინაც ასე ფიქრობს. საზოგადოება ელოდება ბატონი ბიძინასგან ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიციის განმარტებას. საზოგადოებას ახსოვს ბატონი ბიძინას აბსოლუტურად სწორად ნათქვამი, რომ ის უმრავლესობით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, აპირებს ხელისუფლების შეცვლას. ამ დროს მისი მთავარი პარტნიორი ამბობს იმას, რომ მას აქვს ვეტოს უფლება და გადამწყვეტი ხმის უფლება ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში და ის არის მთავარი. ყველას აინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში. როდესაც ბრძოლაში მიდიხარ და ამბობ, რომ თუ დამარცხდები უღირსი მეთოდებით, ხელს მაინც მაინც ჩამოართმევ ხელისუფლებას, ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ან უკვე შემდგარი პირდაპირი გარიგება და დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ არაფერ შუაშია, ან არის ასეთი გარიგების დამყარების მცდელობა. ეს არის პირდაპირი შეთავაზება, რომ თუ 5-10 კაცით შემიშვებ პარლამენტში, ამაზე ხმას არ ამოვიღებ და ისევე, როგორც ადგილობრივი არჩევნების დროს, ხელს ჩამოგართმევ, მოგილოცავ დემოკრატიაში წინგადადგმულ ნაბიჯებს და გავაგრძელებ თანამშრომლობას. ეს არის ხალხის მოტყუება, რადგან თუ ებრძვი ხელისუფლებას, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო. თუ არჩევნებს გიყალბებენ, ვალდებული ხარ, თითოეული იმ ადამიანის ხმა დაიცვა, რომლებმაც ხმა მოგცეს.
- ანუ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ალასანია გარიგებაში წავიდა ხელისუფლებასთან?
- არ ვიცი. ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით რაღაცა განმარტება უნდა დადებულიყო ალასანიას მხრიდან. მე არც ის ვიცი, მან ამ სიტყვებით თქვა თუ ჟურნალისტის შეცდომაა. მე არ მინდა ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად, წინასწარ ბეჭედი დავსვა. ვერიდები ხოლმე ადამიანების მიმართ ბრალდებების წამოყენებას, თუ ამის 100%-იანი არგუმენტი არ მაქვს. თუ ეს სიტყვები ნამდვილად მას ეკუთვნის, ვფიქრობ, რომ მას პირველ ყოვლისა, საკუთარი მომხრეებისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე ამის ახსნა მოუწევს. იმედი მაქვს, რომ მას მოუწევს ამის ახსნა ივანიშვილთანაც. ღმერთმა არ ქნას, რომ ბატონ ბიძინასაც ჰქონდეს იგივე განწყობა. როგორ დავიჯერო, რომ ადამიანის (ბიძინა ივანიშვილი) - რომელიც 20 წელია ამდენ რამეს აკეთებდა, ამდენი რესურსი დახარჯა ამისთვის, მერე გადმოდგა ძალიან რისკიანი ნაბიჯი და ხელისუფლებას დაუპირისპირდა - მთავარი ამოცანაა 5-5 კაცით შეიყვანოს "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" პარლამენტში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 30 კაცითაც რომ შევიდნენ პარლამენტში, ვერაფერს შეცვლიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იბრძვის ხელისუფლების შეცვლისთვის და მართლა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის და ვინ იბრძვის ხელისუფლებაში როგორმე 5 ან 10 კაცით მოხვედრისთვის. ამას ითხოვენ ალასანიას უპირობო მომხრეებიც.
- შეძლო თუ არა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებისა და ოპოზიციის გამოფხიზლება?
- გამოფხიზლება, იმედის მიცემა ნამდვილად შეძლოს. ეს არის ის, რაც პირველ ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი. ახლა არის მეორე, მესამე, მეოთხე ეტაპი განსახორციელებელი, რომელსაც ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, დინამიკა სჭირდება. მე ნამდვილად ვისურვებდი, ეს დინამიკა რაც შეიძლება სწრაფად გამოჩნდეს ბატონი ბიძინას გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში. მოლოდინი და იმედი ნამდვილად დიდია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ისეთი ძალის დასამარცხებლად, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა". "ნაციონალურ მოძრაობას" გამალებული საარჩევნი კამპანია აქვს დაწყებული. ეს პარტია არაფრის დათმობას არ აპირებს.
- ხელისუფლების საარჩევნო კამპანია ხომ არ ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნებია მოსალოდნელი?
- თუ პოლიტიკური პარტიები განაცხადენ, რომ მზად არიან მე-9 და მე-15 ადგილები გაინაწილონ და გაყალბების შემთხვევაში ხმას არ ამოიღებენ, შეიძლება, ხვალ დანიშნოს სააკაშვილმა არჩევნები, მოილევს ბარემ საქმეს და კიდევ 30 წელიწადს დარჩება ხელისუფლებაში. თუ ხელისუფლება რეალურად დაინახავს, რომ რეალური საარჩევნო ბრძოლა ელოდებათ და პარტიები არიან რეალურად საბრძოლველად განწყობილნი, ის, რა თქმა უნდა, მეტი სერიოზულობით და მეტი სიფაქიზით მოეკიდება ამ საკითხს.
- აპირებთ თუ არა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?
- ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია. ჩვენი ამოცანა არის ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლა. ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციური პარტიები გვებრძვიან. რაც ოპოზიციამ ჩემი ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ ჩემთან ბრძოლაში დახარჯა, იმის ნახევარი რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხარჯათ, დღეს სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც მუდმივად ცდილობენ, ჩვენ მოგვაწერონ პრორუსულობის იარლიყი, რევოლუციონერების, რადიკალების იარლიყი, რომლებსაც ხელისუფლებაში გადატრიალებით უნდათ მოსვლა. ეს რომ გვდომოდა, სხვანაირად მოვამზადებდით 26 მაისს. ჩვენი ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი, მაგრამ მებრძოლი ძალა. რადიკალი არის ხელისუფლება, რომელმაც დახოცა ადამიანები, როცა ამის არაინაირი აუცილებლობა არ იყო და არანაირი რეალური საფრთხე მათ არ ემუქრებოდა. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და არა ტერორისტული ორგანიზაცია და ჩვენი ამოცანა არის ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლა და არა ხალხის მოტყუება. თუ ჩვენ არ ვიბრძოლეთ არჩევნებამდე და არჩევნები წინასწარ არ გადავტეხეთ წელში, მოხდება ის, რასაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამბობს. ხელისუფლება დაწერს 70%-ს თავისთვის, 10-15%-ს სხვა პარტიებისთვის და ამით არაფერი შეიცვლება. რეალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო. უნდა გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას რესურსები. ერთი რესურსი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით, ანუ ფინანსებით, უკვე ოპოზიციის მხარეს გამოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიასაშუალების ფაქტორიც. მაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება დამოუკიდებელი მედიარესურსი გაჩნდეს, რომელიც იმაუწყებლებს სრულიად საქართველოს მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორმე მივაღწიოთ იმას, რომ რეალურად არსებობდეს შანსი დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილებების. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე პოლიციის პოლიტიკისგან ჩამოშორება.
- რა მედიასაშუალებაზე გაქვთ საუბარი?
- ჩემი ინფორმაციით, მზადდება სატელევიზიო არხი, რომელიც იმაუწყებლებს მთელ საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ არხის მფლობელი, მისი ამოცანა იქნება არა ბურჯანაძის, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მეტის თქმის საშუალება არ მაქვს.
- როგორი იქნება 2012 წელი ქართული პოლიტიკისთვის და შედეგად ქართული საზოგადოებისთვის?
- ეს არის დამოკიდებული ძალიან დიდ წილად, იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც არიან დღეს პოლიტიკურ არენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს სააკაშვილის რეჟიმისგან განთავისუფლების წელი, რათა ქვეყანას მიეცეს რეალური შესაძლობა იმისთვის, რომ სწორი გზით განვითარდეს, მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავისი რეალური ადგილი მოიპოვოს რეგიონში; განვითარდეს ეკონომიკა და ადამიანებს რეალური ეკონომიკური შემოსავალი ჰქონდეს; ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. უნდა გავიაზროთ, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საფრთხე ქვეყანას მოვაშოროთ. მარტივი წელი არ იქნება, რადგან ძალიან ბევრი რამ წყდება 2012 წელს საქართველოს სინამდვილეში. ან ჩვენ მართლა ნორმალური ქვეყნის განვითარების გზაზე დავდგებით, ან 17-20 წლის შემდეგ დავინახავთ იმავე სურათს, რასაც ჩრდილოეთ კორეაში ვხვდებით. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ნინო ბურჯანაძის პრობლემა. თუ ვინმეს შეეძლო "ნაციონალებთან" და სააკაშვილთა ურთიერთობის მოგვარება, ეს პირველ რიგში ნინო ბურჯანაძე იყო. მეხვეწებოდა სააკაშვილი, რომ პრემიერ-მინისტრი იყავი ან პარლამენტის თავჯდომარეო. მე არ წავედი ამაზე და ამით ვამაყობ. ვისაც მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არა ნინო ბურჯანაძის, არამედ ქვეყნის პრობლემაა, მათთან შეგვიძლია ვიბრძოლოთ.
- რას უსურვებდით საქართველოს 2012 წელს?
- საქართველოს ვუსურვებ, რომ გადაწყვეტილიყოს ქვეყნისთვის მთავარი საციცოცხლო პრობლემები, რათა მოიხსნას მთავარი წინაღობა საქართველოს ნორმალური განვითარების გზაზე და იმ პრობლემების გადაწყვეტის გზაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს ხალხს. მე რომ ვუსურვო საქართველოს, რომ ყველა პრობლემა 2012 წელს გადაწყდეს, ეს ნამდვილად მხოლოდ სურვილი იქნება და არა სერიოზული პოლიტიკური განაცხადი. მე ვხედავ, რომ არის რეალური შანსი იმისა, რომ საქართველოში მოხდეს 2012 წელს ისეთი გარღვევა, როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა ჩვენი პრობლემების, ჩვენი ხალხის პრობლემების მოგვარება რეალურად დაიწყოს. ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რომ ასეთი გარღვევა მოხდეს. ადამიანებს ვუსურვებ პირად ცხოვრებაში სიმშვიდეს, ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდეს და ყოველგვარ სიკეთეს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსადრე ნაბახტეველი