ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე იყო მხარეთა საბოლოო სიტყვების მოსმენა.
"ჩვენ ვისაუბრეთ დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულობა მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მიმართ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს არ იყო სამართლიანობის აღდგენა. ამის დასაბუთება ჩვენ შევძელით სასამართლოზე. ვისაუბრეთ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, რომელიც დაარღვია მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ მოპასუხეებმა ისაუბრეს, ისარგებლეს რეპლიკის უფლები", - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს ავტორიტეტი და იმიჯი.
"მე ვფიქრობ, რომ სასამართლო დგას დღეს უსერიოზულესი არჩევანის წინაშე, როდესაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს სამართლიანობას და კანონის უზენაესს აღიარებს თუ ექვემდებარება პოლიტიკურ დიქტატს და ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს ავტორიტეტი და იმიჯი. ეს არის ძალიან სერიოზული ტესტი. რადგან ეს საქმე არის არა მხოლოდ ორი მოქალაქის საკითხი, არამედ არის საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი, რომელსაც სურს თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში და ამ უკანონო აქტით საზოგადოების დიდ ნაწილს შესაძლებლობა არ ექნება რეალური არჩევანი გააკეთოს", - აღნიშნა ბესელიამ.