ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" (II) (განაცხადი №32863/08) დაშვებულად გამოაცხადა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, განაცხადი ეხება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებს.
"უფრო კონკრეტულად, განაცხადი შეეხება შემდეგი უფლებების დარღვევის ფაქტებს, კერძოდ: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და გადაადგილების თავისუფლება", - აღნიშნულია საგარეო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 22 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოს წინაშე წარდგენილი მასალების განხილვის შედეგად, სასამართლომ აღნიშნული საქმე დაშვებულად გამოაცხადა.
განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დასაცავად წინგადადგმულ ნაბიჯს.