საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბა. კომიტეტმა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება განიხილა და თბილისის "დინამო" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მსაჯთა კორპუსის მისამართით გაკეთებული არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო 3 500 ლარით დააჯარიმა. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი 7 000 ლარით დაჯარიმება, ხოლო განცხადების უშუალო ავტორს აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლის ვადით.
აღნიშნული განცხადება თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მარტვილის "მერანთან" გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. "დინამომ" ის მატჩი წააგო და მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალექს გარსიამ წაგება მსაჯების არაკორექტულ მსაჯობას დააბრალა.
"პირველი გოლი გამაოგნებელ ჯარიმას მოჰყვა. სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს და არა მსაჯობის წინააღმდეგობის დასაძლევად. მეგონა სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა. რაც გვერდითმა მსაჯმა გააკეთა, ფეხბურთელების დაცინვაა და სხვა არაფერი. თუ პრობლემას წარმოადგენს დინამოს უცხოელი მწვრთნელი, თქვან და დღესვე წავალ სახლში. დაანებონ ფეხბურთელებს თავი და საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად მიუდგნენ", _ განაცხადა გარსიამ.