შსს ზურაბ ცაგარეიშვილის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"2011 წლის 14 დეკემბერს, თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზურაბ ცაგარეიშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ცაგარეიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესტორან „HB"-ში, სადაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ ივანე ერგემლიძესთან. ეს უკანასკნელი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა თავის მეგობრებს - ირაკლი გიორგაძეს, ლევან ჭუმბურიძეს, ვოვა ილინს, რათა მოეხდინა ანგარიშწორება რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო. ივანე ერგემლიძე და მისი მეგობრები დაელოდნენ რესტორანში მომხდარი შეკამათებისას ყველაზე აქტიურ მონაწილეს ზურაბ ცაგარეიშვილს და რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ავტომანქანით გაყვნენ მას სახლამდე. შევიდა რა ცაგარეიშვილი თავისივე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ივანე ერგემლიძემ მეგობართან ირაკლი გიორგაძესთან ერთად მიაყენა მას სხეულის დაზიანება.
2011 წლის 17 დეკემბერს ივანე ერგემლიძე დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქმეში ასევე წარმოდგენიალია მხარეთა აღიარებითი ჩვენებები. გამოძიებას აწარმოებს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება".