კახეთის საოლქო პროკურატურამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი კახი ღვინიაშვილი დააკავა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება სიღნაღიდან.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ღვინიაშვილის დაკავება საგზაო სამსახურის თანამშრომლების საქმეს უკავშირდება. როგორც ცნობილია, საგზაო სამსახურის თანამშრომლები სამსახურის უფროსთან რეზო ტუხაშვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააპატიმრეს. გუშინ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილიც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამგებლის მოხსნაც ამ საქმეს უკავშირდება. დაუდასტურებელი ცნობით, გამგებელი საგზაო სამსახურის ხელმძღვანელთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა. ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებს გადაწყვეტილი ჰქონდათ სიღნაღის გამგებლის დაკავება, თუმცა გამგებელი დაპატიმრებას მისი შვილის ავთანდილ კოჭლამაზაშვილის და კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დახმარებით გადაურჩა. ავთანდილ კოჭლამაზაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობს, კახეთის გუბერნატორი კი ნოდარ კოჭლამაზაშვილის ნათესავია.