თელავის რაიონის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 17 წლის ოთარ აბულაძე დღეს თელავში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვს 2 დეკემბრიდან ეძებდნენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ოთარ აბულაძე პრობაციონერი იყო. 2 დეკემბერს ის სოფელ ვანთიდან თელავში წავიდა, პრობაციის ბიუროში ხელმოსაწერად და უკან აღარ დაბრუნდა. დედამ პოლიციას იმავე დღეს მიმართა, თუმცა სამართალდამცავებმა მოზარდი 12 დღის განმავლობაში ვერ იპოვეს.
„დღეს იპოვეს თელავში, დენის კიოსკთან გარდაცვლილი. კარგი ბავშვი იყო. მამა გარდაეცვალა და დედა ზრდიდა. ეს ერთი შვილი ჰყავდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვანთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ იოსებაშვილმა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროში ჩაუტარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.