ბელგიის ქალაქ ლიეჟში მომხდარი სროლის დროს დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამ ინფორმაციას ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ბელგიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გუშინ ქალაქის ცეტრში კალაშნიკოვითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა პირმა მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი. ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა 123 დაშავდა.
"არსებული მდგომარეობით ჯერჯერობით ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ მოიპოვება. ჩვენ ვესაუბრეთ კრიზისის ცენტრს, ქალაქ ლიეჟში პოლიციას და ამ დროისათვის მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ", - აცხადებს ბელგიაში საქართველოს კონსული მაია ბართაია.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბოროტმომქმედი ერთ-ერთი შენობის სახურავზე იმყოფებოდა და ქუჩაში მყოფ ხალხს ყუმბარებს ესროდა, რის შემდეგაც მიმდებარედ არსებული ბაზარში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ ბოროტმომქმედმა თავი მოიკლა.
ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმომქმედი 32 წლის იყო.
უცნობია ჩადენილი დანაშაულის მოტოვი. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმომქმედი მოქმედებდა მარტო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი რამდენიმე დანაშაულში იყო ბრალდებული.