სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა საკუთარ სახლში, დღეს დაახლოებით დილის 08.00 საათზე დააკავეს, რომელმაც გუშინ საღამოს, „ნანუკას შოუს" ჩაწერის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ „პრაიმტაიმის" მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს. ინფორმაციას გაზეთი "დონი.ჯი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შსს ბრალდებულის სტატუსით მოროშკინას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის საკუთარი სახლიდან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში დასაკითხად წაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მის მიმართ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო აღიძვრება თუ სისხლის სამართლის წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იწყება.
მომხდარი ჩხუბის შემდეგ ლალი მოროშკინა ტელეკომპანია „კავკასიაში" მივიდა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა, სადაც მოროშკინამ საჯაროდ აღიარა, რომ თაკო ფხაკაძე სცემა:
„მივმართავ სამართალდამცველებს, მიიღონ ჩემი განცხადება, როგორც აღიარება - მე ვცემე თაკო ფხაკაძე, რადგან მირჩევნია, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო", - განაცხადა მოროშკინამ.
სტუდიაში მომხდარი ჩხუბის ფაქტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა, სადაც მან სტატუსში აღნიშნა, რომ მოროშკინა ფხაკაძეს ჩანგალს უტრიალებდა ცხირწინ, მერე კი სცემა და დაემუქრა. "ამ კადრებს საზოგადოება აუცილებლად იხილავს", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.