ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლების მხარდამჭერების გადასვლა ივანიშვილის მხარეს გაგრძელდება

რესპოდენტის შესახებ

8 დეკემბერს სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის რეიტინგი თითქმის თანაბარია. აღნიშნული კვლევისა და სხვა საკითხების შესაფასებლად "ჯი-ეიჩ-ენი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს დაუკავშირდა.

- 11 დეკემბერს "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართება. როგორ შეაფასებდით აღნიშნული მოძრაობის გამოჩენას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?

- "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სივრცეზე უშუალოდ არ გავა, რადგან ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა. პოლიტიკური დატვირთვა ნამდვილად იკითხება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილის ხელთ არ არის სხვა იარაღი. "ქართული ოცნება" იქნება ივანიშვილის ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ თავისი პოზიცია გახადოს ცნობილი; იმისთვის, რომ ის სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი საკითხები გახსნას და მათ გადაწყვეტაზე იზრუნოს, რომელიც მიაჩნია აქტუალურად. ამ სამოქალაქო მოძრაობიდან თუ აღმოცენდება პოლიტიკური პარტია, იმაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ.

- სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრის კვლევის თანახმად, პოლიტიკურ ძალებს შორის სახელისუფლებო და ივანიშვილის გუნდები დიდი უპირატესობით ლიდერობენ. თუ ასე გაგრძელდა, რას გამოიწვევს მხოლოდ ორი პარტიის ასეთი უპირატესობით ლიდერობა და როგორ გადანაწილდება ძალები?

- ამ შემთხვევაში გავიმეორებ გია ხუხაშვილის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ორი პოლუსი გაჩნდა. გიამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველი იქნებოდა ყოფილიყო მესამე ძალა, რომელიც დაბალანსების მეტ მომენტს შემოიტანდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ჯერჯერობით ლაპარაკი მესამეზე ძნელია, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატები" ცდილობენ, დარჩენილი პარტიები შეკრან მესამე ძალად. უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 30-30%-ს ინაწილებენ სააკაშვილი და ივანიშვილი. დარჩენილ 30%-ზე კი რომელიმე პარტია ეცდება ერთიანად შეკრას და არ იყოს ეს დაშლილი. მეეჭვება, რომ ეს მოხერხდეს. თუ არ მოხერხდება და ყველა პარტია თავის სახეს შეინარჩუნებს, მაშინ ბოლო მომენტისთვის მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი დიდი გემის თანხმლები გახდნენ და რომელ მათგანს გადაულოცონ თავანთი ხმები.

- გამოკითხულთა 52,8% მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის. რა შეიცვალა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით და კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- მისი გამოჩენით შეიცვალა ის, რაც მაქსიმუმ შეიძლებოდა შეცვლილიყო. შეიცვალა ადამიანთა პოზიცია. სხვა უფრო ხელშესახები ვერ შეიცვლებოდა, რადგან იგი ხელისუფლებაში არ არის. შემდეგი ცვლილებები უკვე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გააგრძელებს ხალხი ივანიშვილის მხარდაჭერას. თუ მივიდა ეს ტენდენცია ბოლომდე, რასაც წინა დღეებში გამოქვეყნებულ გამოკითხვებში ვხედავთ, შეიცვლება ბევრი რამ. ეს სურათი რომ დარჩეს, რასაც დღეს ვხედავთ, ანუ 50/50, ხელისუფლება არსებითად შეიცვლება. პარლამენტში 50%-იანი ძალით ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს პრემიერ-მინისტრის მხოლოდ თავის ნებაზე არჩევას. უდავოდ მოუწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტება სხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმების საფუძველზე. ეს უკვე ქართული სინამდვილისთვის სიახლე იქნება. ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ შეეძლება განახორციელოს, რაც მას სურს და მოუწევს სხვა პოლიტიკური ძალების ანგარიშის გაწევა. მრავალპარტიულობა ამას გულისხმობს. რაც შეეხება ერთპარტიულობას - საბჭითა კავშირი გახლავთ ავ-კარგის მაგალითი ერთპარტიული სისტემის თაობაზე.

- როგორ ფიქრობთ, წაართმევს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლებას მხარდამჭერებს?

- ეგ მონაცემი აშკარად იყო მოყვანილი ციფრებში. ბოლო კვლევის თანახმად, ივანიშვილის მხარდამჭერების 3% აქამდე ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს. დაახლოებით ეს ხარისხია სახელისუფლებო ხმების გადასვლისა ივანიშვილთან. მაგრამ თუ ივანიშვილის ბრძოლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, სავარაუდოა, რომ პოლიტიკური მიგრაცია გაგრძელდება.

- იმავე კვლევის თანახმად 75.7%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით რეალურია. როგორია თქვენი აზრი, ჩატარდება თუ არა სამართლიანი არჩევნები და რამდენად არის შესაძლებელი დღევანდელი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა?

- ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით ლოგიკური აუცილებლობით არ ნიშნავს, რომ ეს არჩევნები მაინცდამაინც სამართლიანი იქნება. რომც არ იყოს სამართლიანი, თუ მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები ენერგიულად იბრძოლებენ თავიანთი პოზიციის დამკვიდრებისთვის, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა ყოველთვის შეიძლება.

- და თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში იგივე ძალა დარჩა, უნდა ველოდოთ თუ არა საპროტესტო აქციების დაწყებას და რევოლუციისკენ მიმართულ პროცესებს?

- ძნელია ამაზე საუბარი, როცა წინ კიდევ ერთი წელიწადია. ბევრი რამ მოხდება, ალბათ, ამ ერთ წელიწადში. არიან იმავე საარჩევნო გზის მომხრეებში ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ იქნა გაყალბება, ხალხი თავის ხმას დაიცავს. ალასანიას გუნდიდან იყო ასეთი ფორმულა. რა მოხდება მერე, დღეს ამის თაობაზე სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა აზრი აქვს.

- დაბოლოს, უნდა ველოდოთ თუ ვადამდელ არჩევნებს?

- ვადამდელი არჩევნების საკითხსაც დიდწილად გადაწყვეტს მიმდინარე პროცესები. მეეჭვება, რომ ამ რეიტინგის ფონზე, როდესაც პრაქტიკულად 50-50-ზეა ძალების თანაფარდობა, ხელისუფლებას ხელს აძლევდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. არის ერთი დეტალიც და გააჩნია გადაწყვეტს თუ არა ხელისუფლება ამ დეტალის გამოყენებას: მაჟორიტარების ბედზე არის დამოკიდებული, თუ როგორი იქნება პარლამენტი. იმის მიხედვით, თუ როგორი ჩანაფიქრი ექნება ხელისუფლებას მაჟორიტარების თაობაზე, რამდენად მოახერხებს მაჟორიტარების მობილიზიაციას სათავისოდ, ალბათ, ამით გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების საკითხს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

 

ავტორი: . .