ბათუმში მოკლული ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირის წევრის, 18 წლის გიორგი ლალიაშვილის მამა ბათუმის პოლიციას, გახმაურებული მკვლელობის გამოძიების არასწორად წარმართვაში ადანაშულებს და ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
როგორც ზაურ ლალიაშვილი აცხადებს იმ ხუთი ბიჭიდან, რომლებიც მის შვილს თავს დაესხნენ, თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთს, ლელვან ნინუას შეუფარდეს. ნინუა ის პირი იყო, რომელმაც დანა დაარტყა.
მისი თქმით, ჩხუბის სხვა მონაწილეები გამოძიებამ მოწმების სტატუსით დაკითხა და მათ წინააღმდეგ არც ერთი მუხლით საქმე არ აღძრულა, არადა ეს იყო ჯგუფური თავდასხმა.
"აღნიშნული ჯგუფი ავტომობილებს ძარცვავდა და ჩემს შვილის მანქანასთანაც ამ მიზნით მივიდნენ. ბათუმის ბულვართან მდგარ ავტომობილს ფეხი მიარტყეს, რომელშიც გიორგის და მის მეგობრებს ეძინათ. ფეხის მირტყმის შემდეგ, თუ იქიდან არავინ გამოეხმაურებოდა მანქანას გატეხდნენ. როცა მანქანა შეირყა, პირველი ჩემი ბიჭი გადმოვიდა და იკითხა, ხომ არ იცით, რა მოხდაო. ხუთიდან არც ერთს ხმა არ ამოუღია, რის შემდეგაც გიორგის შეუგინებია, - თუ ვინმემ შეგნებულად გაარტყა წიხლიო. ამას მოჰყვა ჩხუბი, რაც ჩემი შვილის მკვლელობით დასრულდა. გიორგი "შავფაროსნების" მებრძოლი იყო. ხუთს ერთდროულად უმკლავდებოდა. რომ ვერ მოერივნენ, ამიტომ გამოიყენეს კასტეტებიც, დანაც",_აღნიშნავს მოკლულის მამა
მისი ცნობით, ცხედარს სახეზე კასტეტების კვალი ეტყობოდა. ჩალურჯებები ექსპერტიზამაც დაადასტურა.
მკვლელობა ბათუმის ბულვართან 23 აგვისტოს მოხდა. ნინუას რამდენიმე კვირის წინ ბათუმის საქალქო სასმართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების მასალის მიხედვით, ჩხუბის მონაწილე ნინუას მეგობრები, სასამართლოზე მხოლოდ მოწმის სტატუსით წარდგნენ და საქმეში სხვა მხრივ არ ფიგურირებდნენ.
გიორგი ლალიაშვილი "შავფარსონების" წარმომადგენელი იყო და ხშირად მონაწილეობდა ფესტივალ "არტ-გენსა" და სხვა სახალხო დღესასწაულებზე - "ყაზბეგობა", "თბილისობა", "შატილობა" და ა.შ. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. სასურველ ფაკულტეტზე მოხვდა და დაფინანსებაც მიიღო. თუმცა გამოცდების შედეგების გაგებამდე ერთი კვირით ადრე მოკლეს.