ისრაელის მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა რონი ფუქსმა და ზეევ ფრენკელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება თბილისის დროით 16:00 საათზე, საქართველო კი 17:30 საათზე დატოვეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესმენების ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა. შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.