ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ნორვეგიელი ტერორისტი ანდრეს ბრეივიკი სასამართლოს წინაშე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წარდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება ნორვეგიელმა ექიმებმა მიიღეს.
სასამართლოს ექსპერტებმა გააანალიზეს ბრეივიკის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 22 ივლისს, ტერორისტული აქტის ჩადენისას, ის შეურაცხადი იყო. ექსპერტებმა სიუ ნესერხეიმ და ტურგეირ ხუსბიუმ ბრეივიკთან 13 ინტერვიუ ჩაატარეს. ტერორისტი, როგორც ვარაუდობდნენ, იძულებითი მკურნალობისთვის გაიგზავნება.
იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების დასკვნა იქნებოდა სხვაგვარი და ბრეივიკს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევდა, მას, ნორვეგიის კანონმდებლობის მიხედვით, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში დასდებდენ ბრალს, ციხეში 30 წლის გატარება მოუწევდა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, კუნძულ უტოიაზე, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 77 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.