რესპოდენტის შესახებ
- ბატონო ლექსო, კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. როგორია თქვენი ემოციები?
- ძალიან თბილი და ძალიან ცხელი შეგრძნება მაქვს. ჩემი სურვილია, რომ ის ენერგია და ის მუსიკალური აღმაფრენა ოდნავ მაინც, რაც გაამჩნია, მსმენელს, მაყურებელს გავუზიარო.
- 10-წლიანი პაუზის შემდეგ იქ გიწევთ გამოსვლა, სადაც ბავშვობის წლები გაატარეთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის დრო?
- კონსერვატორიაში აივანზე დასაჯდომი არ იყო, აქ მხოლოდ დასადგომი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბავშობიდან, დაახლოებით 10 წლიდან, აქედან ვისმენდი ყველა კონცერტს. ამ დარბაზში გავიზარდე, რასაკვირველია, ნოსტალგიური გრძნობა მეუფლება, როცა აქ მოვდივარ. ვუბრუნდები ბავშობას.
- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, რომ გვითხრათ. კიდევ როდის იგეგმება თქვენი საქართველოში ჩამოსვლა?
- ძალიან ძნელია. ამ კონცერტს 10 წელია, თუ მეტი არა, მე და პაატა ვგეგმავთ და ამდენხანს მოვუნდით. გულში და სულში მაქვს ჩამოსვლის აუცილებლობა, რომელიც სურვილზე მეტია. მაქვს სურვილი, რომ კიდევ ჩამოვიდე და კონცერტები გავმართო, მაგრამ ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი. ყოველთვის მინდა ჩამოვიდე ისე, რომ ხალხი არ შევაწუხო. თუ შეაწუხე, ისე უნდა მოხვიდე, როგორც მათ მოთხოვნილებას და მოლოდინს შეეფერება.
- საქართველოში იშვიათად ჩამოდიხართ, წლებია კონცერტი არ გაგიმართავთ. გარდა "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისა, შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე ღონისძიების შესახებ, რომლის გამართვაც გსურთ?
- კი. მამაჩემი, დავით თორაძე, კომპოზიტორი იყო. ბოლო ნაწარმოები - "საფორტეპიანო კონცერტი" - ჩემთვის შექმნა, რომელიც 1983 წელს შესრულდა. ამას თვითონაც დაესწრო, მაგრამ ნამდვილი პრემიერა საქართველოში არ ყოფილა, არ შესრულებულა. აი, რამდენი ხანია, თითქმის 30 წელია, ეს ნაწარმოებია დაწერილი. აი, ეს უახლოესი სურვილი მაქვს - მამაჩემის მეგობრებს, სტუდენტებს და ქართველ მსმენელს ვუბოძო ეს ნაწარმოები, რომელიც დამიტოვა მამამ.
P.S. პაატას მეუფეს ვეძახი. თავის რეპერტუარში იმდენი იმპერატორი და მეფე აქვს ნამღერი, რომ ავტომატურად ეს სახელი უხდება. ეს ხუმრობით... ისე კი, მუსიკოსმა, მსახიობმა და მსოფლიოს უდიდესმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ თავისი მონაპოვარი მნიშვნელოვან ადამიანებს, ბავშვებს გაუზიარა. განსაკუთრებით მათ, რომლებიც გასაჭირში არიან, ბევრი მიზეზის გამო. ბედნიერება და დიდი სიხარულია, რომ ამ კონცერტში ვიღებ მონაწილეობას.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ია კიკაძე