ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტომ "Medium Orient"-მა სეპარატისტული აფხაზეთის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა - აფხაზეთში ამჟამად მაცხოვრებელ ადამიანებს ე.წ. რესპუბლიკის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ გააჩნიათ.
გამოკითხულია აფხაზეთის სხვა და სხვა ასაკის, პროფესიისა და ეროვნების 345 მაცხოვრებელი. კერძოდ, აფხაზები, რუსები, სომხები, ბერძნები და აფხაზეთში მაცხოვრებელი სხვა და სხვა ეროვნების მაცხოვრებლები. აღნიშნული გამოკითხვა "Caucasus Times"-ის დაკვეთით ჩატარდა.
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლები მთლიანობაში პოზიტიურად აფასებენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ ეკონომიკურ ცვლილებებს.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური სიტუაცია 2008 წლიდან აფხაზეთში გამოკითხულთა 59,4 % პროცენტი პასუხობს, რომ იგი "გაუმჯობესდა", პასუხი "ალბათ, უფრო გაუმჯობესდა" 11, 3 % გასცა, 2 % მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სიტიუაცია აფხაზეთში "ალბათ, უფრო გაუარესდა" და 0,6 % მიიჩნევს რომ სიტუაცია "გაუარესდა".
რაც შეეხება სოციალურ სიტუაციას აფხაზეთში გამოკითხულთა 48, 4 % მიიჩნევს, რომ იგი 2008 წლიდან "გაუმჯობესდა", 17,4 % პასუხობს რომ "ალბათ, უფრო გაუმჯობესდა". 2 % მიიჩნევს, რომ სოციალური სიტუაცია აფხაზეთში გაუარესდა და 2,9 % მიიჩნევს, რომ "ალბათ, უფრო გაუარესდა".
პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას გამოკითხულთა 54,5 % მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში "გაუმჯობესდა", 14, 8 % მიიჩნევს, რომ "ალბათ, უფრო გაუმჯობესდა", მხოლოდ 2,6 % მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სიტუაცია "ალბათ,უფრო გაუარესდა" და 2,3 % მიიჩნევს რომ "გაუარესდა".
რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა: 67 % "გაუმჯობესდა", 11,3 % "ალბათ, უფრო გაუმჯობესდა", 3,5 "ალბათ, უფრო გაუარესდა" და 3, 2 % "გაუარესდა".
კითხვაზე თუ როგორ აფასებენ აფხაზეთის მაცხოვრებლები აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობას, პასუხები შემდეგნაირი იყო: 77,4 % "დადებითად", 14, 2 % "ალბათ, უფრო დადებითად", 2 % "უარყოფითად" და 1,2 % "ალბათ, უფრო უარყოფითად".
გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობას საქართველს შემადგენლობაში დაბრუნება არ სურს და რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას ემხრობა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რა სტატუსი სურთ მათ საკუთარი რესპუბლიკისათვის გამოკითხულთა 73 % "დამოუკიდებელ სახელმწიფოს" მიემხრო. 24 % გამოთქვა აზრი რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. აქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლას მხარი მხოლოდ 0,6 % დაუჭირა და ეს აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართული ეროვნების მოსახლეობა იყო.
აფხაზი ეროვნების მაცხოვრებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით "სრულ დამოუკიდებლობას" 89 % დაუჭირა მხარი, რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას 10.4 % -მა.
სომეხი ეროვნების აფხაზეთის მოსახლეობას შორის აფხაზეთის "სრულ დამოუკიდებლობას" 60 % დაუჭირა მხარი, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას კი 37,8 %.