შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ვიქტორ გელაშვილი, ვლადიმერ მიქაშვილი, ალექსი ტაბახმელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლევან გულედანი. ლევან გულედანი თანამზრახველებთან ერთად, ყალბი ბეჭდების გამოყენებით აყალბებდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებს, რის საფუძველზეც სოფელ დიღმის და დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს საჯარო რეესტრში სხვადასხვა პირებზე არეგისტრირებდა და თაღლითურად ითვისებდა.
მითითებული მიწის ნაკვეთების გაყიდვისა და იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებულ თანხებს აღნიშნული ჯგუფის წევრები ინაწილებდნენ. მთლიანობაში ამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითური გზით უკანონოდ მითვისებული იქნა ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი 25 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში ორნახევარი ჰექტარი.
დაკავებული პირები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ითვალისწინებს შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.