ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების საკითხის შესწავლას საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს.
როგორც დღეს სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, დროა, ღიად დაიწყოს საუბარი აღნიშნულ პრობლემაზე, მათ შორის პარლამენტშიც.
ცაგარეიშვილი ,,ცენტრ-პოინტის" საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივ დანაშაულს ხედავს და მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო არ არის აღძრული სისიხლის სამართლის საქმე.
,,აშკარაა, რომ წლების მანძილზე მოქმედებს რამდენიმე თაღლითიური სქემა, რამდენიმე ჯგუფის მიერ ძალიან ოსტატურად შენიღბული. 6200-მდე ოჯახი არის ფაქტიურად უსახლკაროდ დარჩენილი. ეს არის 20 ათასი ჩვენი მოქალაქე, მათი მიტოვება ბედის ანაბარა დაუშვებელია. ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს რამდენიმე ფირმის გაუმაძღარ დირექტორს მოსთხოვოს პასუხი, თუ დაიცვას ამ დაზარალებული ხალხის ინტერესები.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ფირმა იმდენად არის შეკრული ხელისუფლებასთან, რომ მათ ინტერესებში გამოძიება არ შედის" - განაცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.