კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი.
როგორც საქართველოს შს სამინისტრო იუწყება, დაკავებულია საქართველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი გიორგი რთველაძე, რომელიც სხვდაასხვა კერძო კომპანიებისთვის ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს და ამ სამუშაოების დროს უსასყიდლოდ იყენებდა საქართველოს რკინიგზის ტექნიკას, მატერიალურ რესურსებს და მუშა ხელს. შს სამინისტროს ინფორმაციით, იგი დაკავებული იქნა ერთ-ერთი ასეთი უკანონო ოპერაციის ფაქტზე, რა დროსაც მან მეწარმისაგან მიიღო 6 000 ლარი და სამუშაოები ჩაატარა საქართველოს რკინიგზის ხარჯზე. წინასწარი ინფორმაციით გიორგი რთველაძის ქმედებებით რკინიგზამ მიიღო 210 000 ლარის მატერიალური ზიანი.
დაკავებულია მასთან დანაშაულებრივ კავშრირში მყოფი გიორგი თუშიშვილი და პაპუნა ლომთათიძე.
ასევე დაკავებულია საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი ალბერტ ტყებუჩავა და ყოფილი თანამშომელი ვალერიან ანდრიაძე , რომლებიც სისტემურად იპარავდნენ საქართველოს რკინიგზის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალურ ქონებას და ახდენდნენ მის რეალიზაციას.
დანაშაული ითვალისწინებს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.