თელავში, ე.წ. ძველ სასაფლაოზე ვანდალური ფაქტი მოხდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მამა ილია ჩიკვაიძის მშობლების საფლავი დაარბიეს. საფლავის ქვა გადმოგდებულია, სასაფლაოზე აღმართული მარმარილოს ჯვარი კი დამტვრეული.
„ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. რთულია ვინმეს დადანაშაულება, თუმცა საფლავის ქვა რომ თავისით არ გადმოვარდებოდა და ჯვარი თავისით არ დაიმტვრეოდა, ცხადია. თუ ვინმემ საგანგებოდ გააკეთა, ღმერთმა შეუნდოს და აპატიოს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილია ჩიკვაიძემ.
თელავის მაცხოვრებლების განცხადებით, ე.წ. „ძველ სასაფლაოზე" საფლავის დარბევის ფაქტი ერთი თვის წინაც მოხდა.
ილია ჩიკვაიძე ამჟამად ქარელის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში მსახურობს. იგი ჟურნალ „საქართველოს მოამბის" მთავარი რედაქტორია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობს.
საფლავის დარბევასთან დაკავშირებით შს თელავის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.