აშშ-ში ხმაურიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. სამხედრო სასამართლომ 26 წლის სერჟანტს კელვინ გიფსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის უმაღლესი ზომა ჯარისკაცმა სამი მშვიდობიანი ავღანელის მკვლელობის გამო მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, სერჯანტი გიფსი 2010 წელს პროვინცია ყანდაღარში ამერიკელი სამხედროების ხუთკაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა და კოლეგებს შეუიარაღებელი ხალხის მკვლელობის ბრძანება მისცა.
გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ სამხედროები გართობის მიზნით, მოკლული ავღანელების სხეულს ამახინჯებდნენ კიდეც. თავად გიფსმა პროცესზე აღიარა, რომ მოკლულებს თითები დააჭრა და კბილები ამოაცალა.
სერჟანტის სამმა თანამზრახველმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. მათ 3-იდან 24 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.