რესპოდენტის შესახებ
- 25 ნოემბერს მოძრაობა „ქართული ოცნება" დაფუძნდება. მოძრაობის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, რომლის პოლიტიკური პარტნიორი თქვენც ბრძანდებით. რა არის ქართული ოცნება?
- დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ჩემთვისაც და საქართველოს მოქალაქესთვისაც ეროვნული სახელმწიფოს შექმნის დაწყებას ნიშნავს. ქართული ოცნება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დაბრუნდეს. მოქალაქე იქნება დაცული სამართლებრივადაც, სოციალურადაც. მას ექნება არჩევანის უფლება, რომელიც დღეს სააკაშვილის რეჟიმმა პრაქტიკულად ყველას წაგვართვა. ქართული ოცნება არის, როდესაც ადამიანს, მოქალაქეს შეეძლება თავისი შრომით, პროფესიით ირჩინოს თავი და არ სჭირდებოდეს სხვა ქვეყნებში წასვლა. ადამიანს უნდა ჰქონდეს დასაქმების უფლება, უნდა შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების რეალური შესაძლებლობები და გარემო; უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული დარგი - სოფლის მეურნეობა, სადაც ჩვენი მოსახლეობის 55% იყო დასაქმებული და დღეს თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ფერმერებისა და გლეხების დაუსაქმებელია. ქართული ოცნება არის, რომ ქვეყნის კეთილდღეობის შექმნაში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და არ ხდებოდეს ისე, რომ რაღაც ვიწრო წრე, როგორც დღეს სააკაშვილის ირგვლივ არის, ცხოვრობდეს ფუფუნებაში და 90 % ჩვენი მოსახლეობისა იყოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე, ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლების გარეშე და რაც მთავარია დასაქმების პრობლემა არ ჰქონდეს თითქმის ყველა ოჯახს. ასეთი ქართული ოცნების მიღწევა შეიძლება სწორედ ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის და ქართული საზოგადოების ერთობით იმ მოძრაობაში, რომელსაც აყალიბებს ბიძინა.
- რა როლი აქვთ ქართულ ოცნებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და როგორ გესახებათ „ქართული ოცნების" განხორციელების შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება?
- მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება ისეთი ქართული ოცნება უნდა იყოს, რომ ეს აფხაზის და ჩვენი ოსი თანამოქალაქის ოცნებაც გახდეს. სოლიდარობა უნდა გავუჩინოთ აფხაზებს ჩვენ მიმართ და ეს ერთადერთ შემთვევაში გახდება შესაძლებელი. თუ დაინახეს, რომ ქართული საზოგადოება, საქართველო, ფეხზე დგება და ეკონომიკურ კეთილდღეობას აღწევს, ჩვენთან ურთიერთბის აღდენის სურვილი გაუჩნდებათ. ერთადერთი ფორმა ამის არის ნდობის აღდგენა, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დაწყება აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას დე-იურე საფრთხე - ლეგიტიმური - არ ელის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მტკიცედ უჭერს არაღიარების პოლიტიკას მხარს. აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. პრობლემა საზოგადოებებს შორის გვაქვს. უნდა მოხდეს ურთიერთობის, ნდობის აღდგენა, რომ აფხაზებსაც და ოსებსაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ მთლიანი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში იცხოვრონ დაცულად. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქე არის დაუცველი, მისი პოლიტიკური უფლებები არის შელახული, სოციალური და ეკონომიკური უფლებები არის შებღალული, მას არ უჩნდება ასეთი სურვილი. „ქართულ ოცნებაში" აფხაზებთანაც და ოსებთანაც დაიწყება სწორედ ასეთი სანდო ურთიერთობები. ვერ ავუვლით გვერდს ჩვენს ყველაზე დიდ საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევას - რუსეთს. რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოების შემდეგ ფლობს და ოკუპაციის ქვეშ აქვს ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20 %. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. არ უნდა შევეგუოთ ამ ოკუპაციას. ერთადერთი გზა დეოკუპაციის, ერთადერთი გზა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის, არის დიალოგი რუსეთთან. ომით ვერაფერს შევცვლით. თუნდაც 2008 წლის ომში, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე სამედრო შეტაკებიდან დამარცხებული გამოვიდა, რუსებმა ვერაფერი ვერ მოიგეს. კონფლიქტი კონფლიქტად რჩება. აფხაზებიც, ქართველებიც, ოსებიც, პრაქტიკულად დაუცველები ვართ. ომით პრობლემის გადაწყვეტა ვერასდროს ხერხდება, ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალური პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან. ყველა მეკითხება, სად არის შეხების წერტილები? პირველ რიგში, უნდა აღვადგინოთ სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა და ვაჭრობა. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რუსულ ბაზარს დავუბრუნოთ ქართული პროდუქცია. ამის ყველა პირობა არსებობს, მაგრამ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ამის რესურსი არ აქვს. ის დღესაც კი ყველაზე წინ აყენებს პროპაგანდას, რომელიც არის კიდევ უფრო მაპოლარიზებელი საქართველოსა და რუსეთის. მეც, ბიძინა ივანიშვილიც - ყველა ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს შეთანხმებების ადგილი დიდ გეოპოლიტურ მოთამაშეებს შორის, ძლიერ დიდ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის და არა პირიქით - დაპირისპირების ადგილი. სააკაშვილმა სწორედ ამაზე დაიწყო თამაში, რომ საქართველო გამხდარიყო დაპირისპირების ადგილი. ამ თამაშში წააგო მანაც და ჩვენმა ქვეყანამაც. ყველა ის მიმართულება, რომელზედაც ვილაპარაკეთ, შეადგენს „ქართული ოცნების" მიღწევის შესაძლებლობებს და საშუალებებს.
- ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ინტერესთა თანხვედრის შემთვევაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება შესაძლებელია. რა ინტერესებს გულისხმობდა ის და რამდენად მოხდება ამ ინტერესების თანხვედრა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ?
- პუტინი იქნება თუ სხვა რუსეთის ხელისუფლებაში, ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს არის მოცემულობა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკური ლიდერს, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების ინტერესებზე აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება და მტკივნეული, პრობლემური საკითხების მოგვარება. პუტინი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მე მასთნ ურთიერთობა მექნება, რომ გადავლახო პრაქტიკულად საომარი ურთიერთობა, რაც არის ორ სახელმწიფოს შორის. დასაწყისი უნდა იყოს ისეთი თემების მოგვარება, რომელიც შესაძლებელია დღევანდელ ეტაპზე. უნდა მოხდეს კომუნიკაცია ანუ მიმოსვლის აღდგენა. მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ეს არის უდიდესი რესურსი, რომ გამოვიყენოთ რუსეთში კულტურული და სხვა ურთიერთობების აღსადგენად, მათ შორის, ასეთი მედიაპოლარიზაციის შესაცვლელად. დღეს ქართული და რუსული მედიის წარმომადგენლები არიან, ფაქტობრივად, პოლარულ რეჟიმში გადასულნი. ეს არ აძლევს საშუალებას ხალხს, რომ ნორმალურ ატმოსფეროში ურთიერთობების აღდგენა დავიწყოთ. ჩვენ რუსებს ხელახლა, უკეთ უნდა გავაცნოთ ჩვენი თავი. ასევე რუსების ინტერესებში შედის, რომ არ იყოს რუსეთი მხოლოდ მტრის ხატთან ასოცირებული საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე. საერთო ინტერესები გვაქვს ასევე ჩრდილოკავკასიაში. კავკასიის გრძელვადიანი სტაბილურობა წარმოუდგენელია რუსეთ-საქართველოს ასეთი დაპირისპირების პირობებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ევროპაში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუ დავრჩით ასეთ საომარ მოქმედებებში რუსეთთან. რატომ? იმიტომ, რომ ევროპას არ უნდა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკის იმპორტი საკუთარ სივრცეში. ევროპა და ნატო აცხადებენ, რომ რუსეთი არის მათი პარტნიორი. სწორედ ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ ახლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ნორმალიზაცია და ნდობის აღდგენა პირველ რიგში ერებს, ხალხებს შორის და შემდეგ ორმხრივად ხელისუფლებებს შორის. ეს აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანამდე. რუსეთს აქვს ვალდებულება აღებული. ხელი აქვს მოწერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ეს ჯარები უნდა გავიდეს. დღეს თუ არ ასრულებს ამ პირობას სააკაშვილისა და ამ დაძაბულობის პირობებში, დარწმუნებული ვარ, როდესაც დიალოგი დაიწყება, ის შეასრულებს ამ ვალდებულებას. რაც მთავარია, ევროპაც, ნატოც და მთელი ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამ ვალდებულების შესრულების მომხრე არიან. თუმცა ამ ყველაფრამდე უნდა დავიწყოთ ნდობის აღდგენა და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა. 8 წლის შემდეგ რუსეთი უფრო მეტად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. ვერ დავიწყებთ ვერც ვაჭრობას, ვერც ურთიერთობას, თუკი ამის პარალელურად არ დავიწყეთ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. მთავარი საგარეო პოლიტიკური საფრთხე დღეს ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, რუსეთი. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ველაპარაკოთ რუსეთს, ველაპარაკოთ ევროპას. ევროპისკენ ვიაროთ რეალურად და არა სიტყვით, როგორც სააკაშვილი აკეთებს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზებთანაც და ოსებთანაც ჩვენი ძმური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
- რუსეთის ინტერესებში რამდენად შევა საქართველოს დაახლოება და შემდგომში გაწევრიანება ევროკავშირთან და ნატოსთან?
- ევროკავშირში გაწევრიანება არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. მე არ მახსოვს არც ერთი განსხვავება, რომელიც თუნდაც რუსეთის ფედერაციის ყველაზე უფრო აგრესიულ წარმომადგენლებს აღექვათ საფრთხედ ეროვნული ინტერესებისთვის. ასე რომ, ევროპულ ოჯახში ჩვენი წევრობა არ ეწინააღმდეგება რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობის დაწყებას. მეტსაც გეტყვით, თავად აქვს სურვილი რუსეთს, დაახლოვდეს ევროკავშირთან, რაც გამოიხატება ეკონომიკურ მოსაზრებებში, ენერგეტიკულ მოსაზრებებში. თვითონ წავა რუსეთი ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაახლოებისკენ. რაც შეეხება ნატოს: ნატო ყოველთვის იყო რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი. აქ მეტი დიპლომატია და მეტი საგარეო პოლიტიკური ელასტიურობა გვმართებს. ახლაც მქონდა შეხვედრა ნატოს ელჩებთან. ნატოში ჩვენი გაწევრიანება რეალურად უკავშირდება ათწლეულებს. თუმცა კომისია, რომელიც მუშაობს ჩვენთვის, სასარგებლოა. მგონია, რომ ნატოში გაწევრიანების ანგაჟირება ზედმეტად რიტორიკაში გადაყვანა ეს იყო შეცდომა, რომელიც სააკაშვილს მოუვიდა 2007-08 წლებში. ამ შეცდომამ მიგვიყანა დაძაბულობამდე. 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ უფრო გადაიწია ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების ვადებმა. ამიტომ, ჩვენი ერთგვარი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ევროკავშირი, ევროპაში გაწევრიანება, ევროპულ სოციალურ სივრცეში გაწევრიანება, რაც თავისთავად ევროპულ უსაფრთხოებასაც ნიშნავს ჩვენთვის.
- საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?
- ჩემი პოზიცია ზუსტად იგივეა, როგორიც იყო იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვიცავდი საქართველოს ინტერესებს. ეს იყო აგრესიულ ომი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ. კონფლიქტის გაჩაღება, ესკალაცია დაიწყო მაშინ, როდესაც ოსურმა მხარემ და იქ შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა დიდი ლიახვის ხეობაში. ეს არის მოცემულობა და ეს არის ფაქტი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე საკითხი, თუ როგორ უპასუხა ამ გამოწვევას და ამ პროვოკაციას სააკაშვილმა. ეს იყო აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯი, რაც გამოიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომ სამხედრო შეიარაღებული შეტაკება დაეწყო საქართველოს წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ცხინვალის დაბომბვა. როდესაც ჩვენ 5 მილიარდ-ნახევარი დავხარჯეთ ოთხი წლის განმავლობაში, უნდა გვქონოდა მომზადებული შეიარაღებული ძალები, რათა დაგვეცვა ჩვენი სოფლები ლიახვის ხეობაში. იქ, სადაც დაცვა შეუძლებელი იყო, უნდა დაგვეწყო ამ სოფლებიდან ჩვენი მოსახლეობის ევაკუაცია. შეგვეყვანა საერთაშორისო დამკვირვებლები და მთელი მსოფლიოსთვის დაგვენახებინა, რომ ეს არის პროვოკაცია. სააკაშვილმა თავი გაყო ამ პროვოკაციაში. დაიწყო ცხინვალის დამბომვა რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე. პოლიტიკურ ლიდერს და პრეზიდენტს უფრო მეტი წინდახედულობა სჭირდება და პოლიტიკური აზროვნება იმისთვის, რომ ააცილოს ასეთი განსაცდელი ქვეყანას. სააკაშვილის ეს შეცდომები - წინდაუხედელობა, სამხედრო რიტორიკა და ამბიციურობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ თავი ვერ ავარიდეთ ამ კონფლიქტს. გარდა ამისა, მე ვიყავი თავად ჩართული მოლარაპარაკებების პროცესში აფხაზებთან 2005-06 წლებში. ის გეგმები, ის შეთანხმებები, რომელსაც ვთავაზობდით სააკაშვილს, ხელმოწერილი რომ ყოფილიყო მისი მხრიდან, აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი ბევრად უფრო წინ იქნებოდა წასული და შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთთან თავიდან იქნებოდა აცილებული. თუმცა მთელი მსოფლიო და ჩვენც ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო თავისთავად აგრესიული ომი სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ და დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები.
- როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის კონფიგურაცია?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები, ივანიშვილი და მისი გუნდი შევთანხმდით პარტნიორობაზე. „რესპუბლიკელები" და ივანიშვილი ასევე თანხმდებიან პარტნიორობაზე. ეს სამი ძალაა, რომელსაც გვაქვს ურთიერთგაგება ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე - თუ როგორ საქართველოს ვაშენებთ და როგორ გვინდა შემდეგ არჩევნებში დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა". ამის შანსი რეალურად გაჩნდა სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით. ეს იმედი მემგონი იგრძობა თითქმის ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში. რეგიონებში ვიყავი წინა დღეებში და ხალხის დიდი მოლოდინი იყო ჩემთვის ძალიან დიდი მუხტის მომცემი. როგორი ბლოკი იქნება, როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია, ჯერ ამაზე ნაადრევია ლაპარაკი. ამას დასჭირდება დრო. არჩევნები საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის როდის იქნება. ასეთი საკითხები ჩნდება არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის.
- გაკეთდა განცხადებები, რომ სააკაშვილი ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა შესაძლებელი, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს?
- თუკი რამეს გვასწავლის ჩვენი უახლოესი წარსული ამ ხელისუფლებაზე და სააკაშვილზე, ეს არის ის, რომ მათი მხრიდან იმპულსური, ირაციონალური გადაწყვეტილებები ხშირად ხდება. ძალიან ძნელია გათვალო სააკაშვილის პოლიტიკური ბუნება და განწყობა. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ემზადება არჩევნებისთვის. ჩვენ გვგონია, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მაისშიც განხორციელდეს. მე და ჩემს პოლიტიკურ ძალას აღებული გვაქვს ნიშნული, რომ მაისამდე მთელი პარტია, პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ამომრჩევლების მომზადებით, ჩვენი აქტივისტების მომზადებით, დამკვირვებლების მომზადებით, მთელი საარჩევნო ინფრასტრუქტურით მზად უნდა ვიყოთ. თუმცა მგონია, რომ წინაპირობები ვადამდელი არჩევნებისა არ არის. რომც ჩაატაროს სააკაშვილმა დღეს არჩევნები, სააკაშვილმა იცის, რომ გამანადგურებელი დარტყმის ქვეშ დადგება. იმდენად დიდია მუხტი საზოგადოებაში ცვლილების მხარდაჭერის, რომ არჩევნები იქნება ადეკვატური საზოგადეობის განწყობის. ამიტომ მგონია, რომ ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში.
- ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოება დაინტერესებულია, მოხდება თუ არა პარტნიორობა ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის. რატომ ეწინააღმდეგებით ბურჯანაძესთან პარტნიორობას?
- მე აქამდეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის ყველა პოლიტიკური მოღვაწის, ყველა მოქალაქის და ამიტომ არანაირი შეზღუდვა, მით უმეტეს ჩემგან, ვერც იქნება. ყველასია ეს ქვეყანა და ყველას უნდა მიეცეს პოლიტიკური ხედვის დაფიქსირების საშუალება. ურთიერთობა ყველასთან უნდა გვქონდეს. ყოველდღიურად ვხვდები უამრავ ადამიანს და სწორედ მათ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ. რაც შეეხება პოლიტიკურ ერთობას... პოლიტიკური ერთობა არის დაფუძნებული ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის ღირებულებებზე. მე ვერ ვხედავ ჩემს პოლიტიკურ ერთობას ქალბატონ ნინოსთან ან ნებისმიერ სხვა ძალასთან, რომელიც თავისი პოლიტიკური ღირებულებებით ან ხედვით არ არის თანხვედრაში ისეთ ცვლილებასთან, როგორიც მე მინდა იყოს. ეს უნდა იყოს დემოკრატიული, არჩევნების გზით განხორციელებული ცვლილება. რა თქმა უნდა, თუკი დანარჩენი პოლიტიკური ძალები დაიჯერებენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, მათთან ურთიერთობას წინ არაფერი უდგას. მაგრამ პოლიტიკური ერთობა ამ სუბიექტებთან არ მაქვს წარმოდგენილი.
- და თუ მაინც მოხდა თანამშრომლობა, გახდება თუ არა ეს თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი?
- პოზიციები მე და ჩემს პოლიტიკურ პარტნიორს არაერთხელ გაგვიცლია ერთმანეთისთვის. არანაირ წინააღმდეგობას ჩვენ შორის ამ საკითხზე და ნებისმიერ სხვა საკითხზე არ აქვს ადგილი.
- ივანიშვილთან შესაძლო პარტნიორობას უკავშირებენ ნესტან კირთაძის „ლეიბორისტული" პარტიიდან წასვლას, დავით საგანელიძის მიერ „ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვებას და სოზარ სუბარის „ქართული პარტიის"დატოვებას, რომელზედაც ინფორმაციასაც მედიასაშუალებები ავრცელებენ, მაგრამ ამ დრომდე არ დადასტურებულა. როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ პოლიტიკოსებთან მიმართებაში და მიესალმებით თუ არა მათთან თანამშრომლობას და პარტნიორობას?
- პირდაპირ გეტყვით, რომ კარის ჩაკეტვის პოლიტიკა მიუღებელია ჩემთვის. ყველა პოლიტიკურ ძალასთან, დამოუკიდებელ საზოგადო სახეებთან და მოქალაქეებთან გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ერთობით გავალთ არჩევნებზე. ეს არის 2 აბსოლუტურად სხვადასხვა თემა. ძალიან დიდ პატივს ვცემ დათო საგანელიძეს, ვმეგობრობ და მის სამოქალაქო პოზიციაში ეჭვი არ მეპარება. ქალბატონ ნესტანსაც დიდ პატივს ვცემ. სოზართან საერთო წარსული გვაკავშირებს, თუმცა მას ბევრი შეცდომა მოუვიდა, თუნდაც პირად ურთიერთობაში. მე არ ვეძებ მოწინააღმდეგეებს, ყოველთვის ვეძებ პარტნიორებს. საქართველოში ასეთი პოლიტიკური კულტურა უნდა დამკვიდრდეს და მე ვარ ერთ-ერთი, ვინც მხარს უჭერს ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას. ეს გულისხმობს შემდეგს: შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, თუნდაც ოპონენტი, შენი პოლიტიკური მტერი არ არის. ჩვენ მტრები არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის, რადგან გვაერთიანებს საერთო მიზანი - ქვეყანა იყოს მართლაც სამართლიანი. არავისთან ურთიერთობაზე უარს არ ვამბობთ.
- თქვენ პროტესტს უცხადებთ იმ ახლანდელ საარჩევნო კოდექსს, რომელშიც, სავარაუდოდ, ის ცვლილებები არ განხორციელდება, რომელსაც თქვენ ითხოვდით საარჩევნო მოლაპარაკებების დროს ხელისუფლებასთან. თუ აღნიშნული საარჩევნო კოდექსი ხელს უშლის თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, როგორც მოახერხებთ გამარჯვებას?
- პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო მოლაპარაკებები და პროცესი რეფორმირების პირადად სააკაშვილმა ჩაშალა. თქვენ გახსოვთ ის შემოთავაზება, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გაუკეთა ოპოზიციას: ან ამას დასთანხმებით, ან ვერ მიიღებთ ვერაფერსო. ეს იყო ლაპარაკი არა დემოკრატიული ხელისუფლების, არამედ ავტორიტარი, ლუკაშენკოსნაირი ტონი სააკაშვილის შემოთავაზებაში, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე, ღირსეული დემოკრატიული პარტია არ მიიღებდა. სწორედ ამით გვინდოდა დაგვენახებინა მსოფლიოსთვის, რომ სააკაშვილი ავტორიტარია და ყველა დანარჩენი მოლაპარაკების პროცესის ფასადი არის მხოლოდ ფასადი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი პარტია, რომელიც მოლაპარაკებაში ჩართული იყო, დასთანხმდა იმ მცირედს, რაც შემოგვთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ". რეალურად საარჩევნო გარემოში არაფერი შეცვლილა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენს პოზიციას ძალიან ნათლად პარლამენტში წარვადგენთ, როდესაც განხილვები დაიწყება. დღეს მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო. პოლიტიკური რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, რაც იყო თუნდაც თვე-ნახევრის წინ. როდესაც ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, ამან ტექტონური ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკაში. ხალხი დარაზმულია. მათ ერთი სული აქვთ, არჩევნებში თანამონაწილეობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა ასეთ კრიზისში მიიყვანა. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საარჩევნო პირობების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, რადგან ხალხი და მოსახლეობა მზად არიან ამ ცვლილებებისთვის და 49 % კი აღარ მოვა არჩევნებზე, არამედ მოვა 75-80%. ეს გარანტირებულად ნიშნავს სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" უმცირესობაში გადაყვანას. მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორი თემა, რასაც, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ძალისხმევით და ჩვენი ძალისხმევით მივაღწევთ. ეს არის: 1) მედია იყოს რეალურად ხელმისაწვდომი და საზოგადოებრივ არხზე შესაძლებელია ასეთი ცვლილებები განხორციელდეს. 2) პოლიცია და უშიშროების სამსახურები აღარ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილის მხარეს. ავტორიტარიზმის აღსრულების მექანიზმებიც დემორალიზებას განიცდის სააკაშვილის ხელში. შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანთა უმრავლესობა არის პატრიოტი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ისინი სწორ სამოქალაქო პოზიციას დაიჭერენ.
- რა სახით წარდგება არჩენებში თქვენი პოლიტიკური გუნდი, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა ივანიშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა?
- ჩვენ დავიწყეთ და ახლა უკვე ყველანი ჩავერთვებით სწორედ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემის მოძრაობაში. ამისთვის შეგროვდება ხელმოწერები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი კამპანია, რომელიც გამოაჩენს საზოგადოების ერთსულოვნებას ამ საკითხთან მიმართებაში. რომც არ გადადგას სააკაშვილმა ეს ნაბიჯი, არჩევნებში გამარჯვება მაინც არის გარდაუვალი, ჩემი ღრმა რწმენით. ბიძინა ივანიშვილი დეპუტატი იქნება თუ სამოქალაქო მოძრაობაში და ისე დაუჭერს მხარს ამ ცვლილებას, პრინციპული მნიშვნელობა გამარჯებისთვის და წარმატებისთვის არ აქვს. მას აქვს გადაწყვეტილი, ჩვენთან ერთად მტკიცედ იდგეს თავის პოზიციაზე, გამარჯვებამდე მივიდეთ ერთად და ამას ვერანაირი ავტორიტარული რეჟიმი და სააკაშვილი ვერ აღუდგება. სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი. ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაკეთოს იმდენი, რომ ამ პოლიტიკოსმა იმაზე მეტი არ გააფუჭოს, რაც გააფუჭა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი.