შპს „ალფა-კომმა", ყოფილმა ტელეცენტრმა, ტელეკომპანია „თრიალეთს" სასამართლოში უჩივლა. სარჩელი ეხება ტელევიზიის იმ დავალიანებას, რომელზეც ტელეკომპანიასა და ტელეცენტრს შორის მოხდა შეთანხმება, დავალიანების რესტრუქტურიზაციასა და ოქტომბრის თვიდან ეტაპობრივად დაფარვასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2011 წლის 2 მარტს, როდესაც მაშინდელმა ტელეცენტრის ხელმძღვანელობამ "თრიალეთის" მაუწყებლობა გათიშა, იმავე დღესვე, ტელეცენტრის დირექტორის გიორგი დეკანოსიძის წინადადებით, მასსა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოხდა შეთანხმება მიმდინარე დავალიანების გადახდის ოქტომბრის თვიდან დაწყებაზე, ეტაპობრივად 6 თვის განმავლობაში.
"მას შემდეგ დღემდე, შვიდი თვის მანძილზე, ტელეკომპანია „თრიალეთი" ყოველთვიურ გადასახადს კეთილსინდისიერად იხდის და ასევე შეთანხმებისამებრ გადახდილი აქვს ძველი დავალიანების ოქტომბრის თვეში გადასახდელი ნაწილი. ამ თვეების განმავლობაში ტელეცენტრს არ მოუთხოვია ძველი დავალიანების გადახდა და ყოველთვიურად გვიგზავნიდა დავალიანებაზე დარიცხული საურავების ფაქტურებს.მიუხედავად ამისა, იგივე პიროვნებამ, ტელეცენტრის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი დეკანოსიძემ, რომელიც ახლა ტელეცენტრის სამართალმემკვიდრის, „ალფა-კომის" დირექტორია, დაარღვია შეთანხმება და "თრიალეთს" სასამართლოში უჩივლა", - იტყობინება ტელეკომპანია „თრიალეთი."
ტელეკომპანიაის ხელმძღვანელობვა ფიქრობს, რომ ეს მორიგი ზეწოლაა და მოსალოდნელია ტელეკომპანიის მაუწყებლობის გაჩერება.
"მიგვაჩნია, რომ რომ ეს არის თავისუფალ მედიაზე ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ზეწოლა, მაშინ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი თავს იწონებს ქვეყანაში არსებული დემოკრატიით და მედიის თავისუფლებით", - აცხადებენ ტელეკომპანიაში და მოითხოვენ, რომ შეაჩეროს სარჩელი ტელეცენტრმა "თრიალეთის" წინააღმდეგ და ძალაში დარჩეს რესტრუქციზაციის შეთანხმება.