პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით 1695-მა მოქალაქემ ისარგებლა, აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ რეჟიმში ამნისტიით სარგებლობის მსურველი საქართველოს 46 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურის გადახდის გარეშე გაუსწორდათ.
მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხავადასხვა დროს გააყალბეს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა) ამნისტია 2011 წლის ივლისში გამოცხადდა.
„ამნისტიის შესახებ" კანონის მოქმედების პერიოდში საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბების ყველაზე გავრცელებული ფაქტები გამოიკვეთა, ეს არის: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა.
ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე.
კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის დანაშაულები (დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა) ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე - პირებზე, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაყალბებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის დაწყებული გამოძიება.
გარდა ამისა, ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტის საშუალებით. ამ შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე (995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.ge http://intpass.cra.ge/.