დღეს, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება ნაფიც მსაჯულთა განსჯადი პირველი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდების საქმეზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ინფორმაციით, თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა პირველად იმართება, სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების საშუალება მიეცემა საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირს.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე უკვე შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული და სამი სათადარიგო მსაჯული, მათი შემადგენლობა კონფიდენციალურია. ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.
თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველ ვერდიქტს